არათუ ვიზიტი, სატელეფონო საუბარიც არ შემდგარა ზელენსკისთან, როგორც ვიცი - სამადაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღემდე არათუ ვიზიტი არ განუხორციელებია უკრაინაში, არამედ, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, სატელეფონო ზარიც კი არ შემდგარა პრემიერ-მინისტრსა და ზელენსკის შორის – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდნენ. ამ მოწოდების შემდეგ მედია სვამს შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია საქართველოს პრემიერის უკრაინაში ჩასვლა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც უკრაინაში ჩავიდოდა, რადგან უკრაინაში ომზე საქართველოს ბედი და მომავალია დამოკიდებული.

„ეს არის ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინელ ხალხს რამდენიმე დღის წინ ეუბნებოდა, რომ მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ იმიტომ, რომ დასავლეთის სანქციებს და კრიტიკას არაფრის გაკეთება შეუძლია რუსეთის შეკავების თვალსაზრისით. ამიტომ არ გვიკვირს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, მაგრამ გვსურს ავუხსნათ საზოგადოებას, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ყველაფერზე, რაც მათ გააკეთეს ამ მძიმე კვირების მანძილზე, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის ფაქტობრივად არარსებული მოცემულობის გამო“,- განაცხადა სამადაშვილმა.


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, შესაძლო საფრთხის მიუხედავად, კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა პრემიერი მხარდაჭერისა და სოლიდარობის მიზნით უკრაინაში ჩასვლას – „უკრაინაში ჩასვლა – ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის…“.