არსებობს სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პარუირ ჰოვანისიანის თქმით, არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან დაწყებული დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ამის შესახებ ჰოვანისიანმა Reuters-თან განაცხადა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მეტი ყურადღება დაუთმონ მიმდინარე კონფლიქტს.

პარუირ ჰოვანისიანის თქმით, ამ დროისთვის დაახლოებით 50 სომეხი სამხედროა დაღუპული და 3 სამოქალაქო პირი დაჭრილი, თუმცა მსხვერპლის რიცხვი შეიძლება მნიიშვნელოვნად გაიზარდოს.

კითხვაზე პასუხად კი, რამდენად ხედავს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების რისკს, ჰოვანისიანმა თქვა – „არსებობს ამის აშკარა საშიშროება… თქვენ ხედავთ, რეგიონში რამდენად მყიფე სიტუაციაა. ახლა ესკალაცია კიდევ უფრო იზრდება“.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, საზღვარზე ვითარება 15:00 საათისთვის უკიდურესად გამწვავდა. უწყების ცნობით, აზერბაიჯანმა სოტკიდან გორისამდე საზღვრის მთელ მონაკვეთზე არტილერიითა და დრონებით განაახლა სომხური ობიექტებისა და დასახლებების დაბომბვა. აზერბაიჯანელი სახმედროები კი სომხური პოზიციების დაკავებას და ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში შეღწევას ცდილობენ.

LB loan image desktop LB loan image mobile