არსებული მონაცემები არ იძლევა ტელესკოლის ეფექტიანობაზე დამაჯერებელ დასკვნას – ანგარიში

პუბლიკა

პარლამენტის განათლების კომიტეტმა ზოგად განათლებაზე კორონავირუსის პანდემიის გავლენის შესახებ თემატური მოკვლევის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თემატური მოკვლევა მომზადდა მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემოსული წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ წარმოებული კვლევების სინთეზის საფუძველზე.

ანაგრიშში მოცემულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი 4 ძირითადი რეკომენდაცია.

რა გავლენა იქონია პანდემიამ სკოლებზე

სწავლაზე ხელმისაწვდომობა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ,  2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მოსწავლეების, სულ მცირე, მეათედი ნაწილი აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების მიღმა, ხოლო მოსწავლეთა მეოთხედისთვის სწავლაში ჩართვა შეზღუდული იყო, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში. შემოდგომის სემესტრში ხელმისაწვდომობის საკითხი, დიდწილად გადაჭრა სკოლების გახსნა-დახურვის სტრატეგიის ლოკალიზებამ.

აქვე ნათქვამია, რომ  მიუხედავად ოჯახების, სკოლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიღებული ზომებისა, მოსწავლეების ნაწილისთვის დისტანციური სწავლა არ იყო ხელმისაწვდომი ან აღნიშნულ რეჟიმში სწავლა მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასეთი მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა, მიუხედავად მონაცემების სხვადასხვა წყაროს არსებობისა, დაუზუსტებელია.

სწავლა-სწავლების ხარისხი

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, წინა წლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მასწავლებლების ტრენინგში მონაწილეობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მასწავლებლების მეოთხედს მაინც არ აღმოაჩნდა საბაზისო კომპეტენციები ისტ-ის მიმართულებით.

აქვე ნათქვამია, რომ თუ ონლაინრეჟიმზე სწავლებისთვის საჭირო ტექნიკური უნარების ათვისებას მასწავლებლებმა მეტ-ნაკლები წარმატებით გაართვეს თავი, სწავლა-სწავლების დისტანციურ მოდელზე მეთოდოლოგიური მორგება დიდწილად გადაუჭრელ პრობლემად რჩება. შედეგად, დისტანციურ რეჟიმში საგაკვეთილო ამოცანები არ არის მოდიფიცირებული დისტანციურ ფორმატზე და მასწავლებლები ჩივიან, რომ ვერ ასწრებენ გაკვეთილის მიზნების დაფარვას ლიმიტირებულ დროში, ხოლო მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილები ლექციურ, ტრადიციულ რეჟიმში მიმდინარეობს. ანალოგიურად, მასწავლებლებს უჭირთ მოსწავლეების შეფასების მიდგომებისა და მეთოდების დისტანციურ მოდელზე მორგება. ამ ვითარებაში, განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს დისტანციურ სწავლებაზე მორგებული რესურსების ნაკლებობა.

პანდემიის გავლენა სასკოლო საზოგადოებაზე

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მოსწავლეების განვითარებაზე პანდემიის გავლენა ჯერჯერობით არ შეფასებულა. შესაბამისად, დასკვნების გამოტანა ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ირიბი ინდიკატორებისა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევების საშუალებით.

„დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში. ქართული სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, თუმცა სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება.“

აქვე ნათვქამია, რომ განსაკუთრებული წუხილის საგანს წარმოადგენს მოსწავლეების სოციოემოციური მდგომარეობა, რომელიც, დირექტორების ნაწილის შეფასებით, გამოიხატება ინდიფერენტულობაში, თვითიზოლაციასა და გარიყულობაში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მოსაზრებებისა და კვლევების საშუალებით იდენტიფიცირებული ძირითადი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მიხედვით გამოიყო საკვანძო რეკომენდაციები, კერძოდ:

ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ეფექტიანი მიდგომების შემუშავება და განხორციელება

„ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აქტუალურია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში. დისტანციურ სწავლაზე გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლეების ნაწილს, ხარისხიან ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს, რაც ამცირებს სწავლაში მათი სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას. მოსწავლეთა მცირე ნაწილს საერთოდ არ მიუწვდება ხელი დისტანციურ სწავლაზე. კომპიუტერსა და ინტერნეტზე წვდომის პრობლემა აქტუალურია მასწავლებლებისთვისაც. შესაბამისად, შემოსულ მოსაზრებებში, რეკომენდაციები, ძირითადად, კონცენტრირებული იყო ინტერნეტსა და კომპიუტერულ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.“

ციფრული სასწავლო რესურსებისა და დისტანციური სწავლების ეფექტიანი მიდგომების განვითარება

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დისტანციური სწავლის პროცესში სწავლებისა და შეფასებისთვის საჭირო რესურსების სიმწირემ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა მასწავლებლები. ქართულ ენაზე ონლაინსივრცეზე მორგებული სასწავლო მასალები ნაკლებადაა ხელმისაწვდომი. რესურსების ნაკლებობა გამოწვევას წამოადგენს არა მხოლოდ დისტანციური სწავლის ეფექტიანად წარმართვის, არამედ, ზოგადად, სწავლა-სწავლების განვითარების თვალსაზრისითაც.

აქვე ნათქვამია, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა ტელესკოლის ეფექტიანობის შესახებ დამაჯერებელი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას. რეკომენდაციების ავტორებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, შეფასდეს ტელესკოლის ეფექტიანობა და შემუშავდეს სატელევიზიო საგანმანათლებლო რესურსების განვითარების გრძელვადიანი, მტკიცებულებებსა და უახლეს ცოდნაზე დაფუძნებული სტრატეგია.

ტელესკოლამ სატელევიზიო გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყო 30 მარტიდან. ეს გაკვეთილები მოიცავდა თითქმის ყველა საგანს I-XII კლასებში. მოგვიანებით ტელესკოლის გაკვეთილები აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, ამ ჯგუფებისთვის საგნები შემოიფარგლებოდა ქართული, როგორც მეორე ენით და მათემატიკით.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში მოსწავლეების 60% უყურებდა სატელევიზიო გაკვეთილებს სხვადასხვა სიხშირით და ეს მოსწავლეები დღეში საშუალოდ 1 საათს უთმობდნენ გადაცემებს. გაზაფხულის სემესტრში ტელესკოლის გაკვეთილი ერთხელ მაინც ნახა მოსწავლეთა 90%- მა. არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების მხოლოდ 57%-ს ჰქონდა ნანახი სატელევიზიო გაკვეთილები. ყველაზე მეტი მაყურებელი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, მათემატიკის და უცხო ენების გაკვეთილებს ჰყავდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სატელევიზიო გაკვეთილების გამოყენებაზე გავლენას ახდენდა, როგორც ობიექტური გარემოებები, ასევე, მოსწავლეებისა და მასწავლებლების დამოკიდებულებები.

სწავლაში ჩამორჩენის პრევენციისა და დაძლევის მოდელების განვითარება და დანერგვა

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, პანდემიით შექმნილი ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენაა.

აქვე ნათქვამია, რომ მოსწავლეთა სწავლაში ჩამორჩენის შეფასების თვალსაზრისით, სკოლებში გარკვეული გამოწვევები იკვეთება.

„როგორც ორი სხვადასხვა კვლევის ფარგლებში სასკოლო საზოგადოებასთან წარმოებულმა დისკუსიებმა და ინტერვიუებმა აჩვენა, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს უჭირთ სწავლაში ჩამორჩენაზე საფუძვლიანად მსჯელობა და მტკიცებულებების მოყვანა. ეს გამოწვევა, შესაძლოა, ქართული საგანმანათლებლო სისტემის ტრადიციულ ნაკლოვანებასთან – მოსწავლეების მიღწევების დიაგნოსტირების მექანიზმებისა და პრაქტიკის სისუსტესთან იყოს დაკავშირებული.“

რეკომენდაციის ავტორები მიიჩნევენ, რომ სწავლაში ჩამორჩენა ეხება არა მხოლოდ აკადემიურ ჩამორჩენას, არამედ პანდემიის ნეგატიურ გავლენას მოსწავლეების სოციო-ემოციურ განვითარებაზე. აქვე ვკითხულობთ, რომ როგორც ზეპირ მოსმენებში სკოლის დირექტორები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მოსწავლეებში თავი იჩინა სკოლისადმი გაუცხოებამ და ინდიფერენტულობამ. მოსაზრებების ავტორები სასკოლო საზოგადოებისთვის, მათ შორის, მშობლებისთვის, ფსიქოლოგის როლის გაძლიერებას მოითხოვენ.

განათლების სისტემის კრიზისებისადმი მედეგობის გაძლიერება

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ზოგადი განათლების სისტემის განვითარების კრიტერიუმი სკოლის დამოუკიდებლად მოქმედების კომპეტენციაა. ეს ფაქტორი გადამწყვეტია არა მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში, არამედ სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიმდინარე გამოწვევების გადაჭრისთვისაც. სწორედ ამიტომ,  მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს და დაინერგოს დირექტორებისა და რესურსცენტრების ხელმძღვანელების შერჩევისა და განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც თავსებადი იქნება ზოგადი განათლების მიზნებთან.

LB loan image desktop LB loan image mobile