„კარფურის“ ბნელი მხარე

„კარფური“ რიგითი მომხმარებლისთვის ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრია – ფართო არჩევნით, ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული მომსახურებითა და რიგებით, მაგრამ ამ მკვეთრად განათებული, პროდუქციით გადატვირთული და ქაოსური სავაჭრო სივრცის მიღმა „კარფურის“ მეორე, ბნელი მხარეა – გასაყიდად გამზადებული პროდუქტის საწყობი და პატარა ადგილი თანამშრომლებისათვის, სადაც შეგიძლია გიჟურ ტემპს გაერიდო და გარდაუვალ დეპრესიას მიეცე.

პირველი, რაც უკანა კარის შესასვლელში გხვდება „კარფურის“ თანამშრომლის 10 მცნებაა, სადაც ჯვარცმული ქრისტეს ნაცვლად ფორმაში გამოწყობილი გაბადრული გოგოა გამოსახული. ჯვარცმული ქრისტე უფრო მარტივად წარმოსადგენია გაღიმებული და პოზიტიური, ვიდრე კარფურის თანამშრომელი. ეს ის წესებია, რომლებიც უნდა დაიცვა, თუ გინდა, რომ ღირსეული თანამშრომელი გახდე. წესები, რა თქმა უნდა, უღირსი და დამამცირებელია თვითონ თანამშრომლისთვის, მაგრამ ეს დიდი ხანია, გასაკვირი აღარაა მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის.

ვიწრო კორიდორს გასახდელები მოჰყვება. აქ იცვამ ფორმას, ტოვებ შენს იდენტობას, კარგავ სახელსა და გვარს და ხდები ღირსეული თანამშრომელი. საპირფარეშოები და შემდეგ სამზარეულოსმაგვარი მინიმალისტურად მოწყობილი ოთახი მაგიდითა და სკამებით. დიდი ფანჯრიდან უყურებ შიგნით მსხდომ ადამიანებს, როგორ ზანტად და უემოციოდ ჭამენ და ფიქრობ, რომ ეს სცენა სადღაც გინახავს.

ბოლოს მოდის საწყობი, მუდამ მოუწესრიგებელი და გადავსებული. „კარფურის“ ლოკალური იერარქია იდეალურად ჩანს საწყობის ტერიტორიაზე. ბნელი და ბინძური კუთხეები ყველაზე კარგად ააშკარავებს, ვინ რას წარმოადგენს.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები – ეს ადამიანები შეიძლება ვერც შეამჩნიო, თუ დაკვირვებული თვალი არ გაქვს. ხმადაბლა, ან საერთოდ არ საუბრობენ, არ ხმაურობენ, ყველას გზას უთმობენ. მათი ფორმები უხარისხო და ვადაგასულია. ისინი მარტო მაშინ ახსენდებათ, როცა რამეა დასასუფთავებელი. როცა შესვენებაზე გასული კარფურის ნებისმიერი დასაქმებული ერთ სივრცეში ეწევა და ისვენებს, დამლაგებლებისთვის არაოფიციალურად, მაგრამ მაინც, ადგილი შორსაა გამოყოფილი, სადაც ეს ადამიანები იკრიბებიან. სამაგიეროდ, კარფურის მასშტაბისთვის ყველაზე მტკიცე „კომუნა“ ამ ადამიანებს აქვთ. ერთმანეთის დახმარებაც არ ეშლებათ. თუ ძალიან ყურადღებით იქნები, შეიძლება მათ საუბარსაც მოჰკრა ყური – ერთმანეთის ფინანსურად დასახმარებლად როგორ ორგანიზდებიან, როცა რომელიმე კოლეგას უჭირს.

ამასთან სრულ კონტრასტშია მენეჯერი, ან მასთან გათანაბრებული პირი. სპეციალური ფორმები არ აქვთ, მაგრამ ყოველთვის ფორმაში არიან. ხმაურიანები, ბევრს და ხმამაღლა ლაპარაკობენ და თავის არსებობას უმალ გაგრძნობინებენ. სოლიდარობა და ემპათია ნაკლებად იკითხება მათ რომელიმე საქციელში.

რანგით ყველაზე მაღლა მდგომ მენეჯერსა და ახლახან დაწინაურებულ აწ უკვე ყოფილ კონსულტანტს შორის ძალიან კარგი მსგავსების დაჭერაც შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ძალიან დიდი კარიერული განსხვავებაა, კარიერული განვითარების გზაზე ახლად შემდგარ თანამშრომელში შეგიძლია დაინახო, როგორი იყო მენეჯერი ოდესღაც და პირიქით, წარმატების შემთხვევაში როგორი შეიძლება გახდეს ყოფილი კონსულტანტი.

ბიოლოგიის იმ გვერდზე გადაშლილი წიგნივითაა, რომელზეც რომელიმე პრეისტორიული არსების ევოლუციაა ვიზუალურად ნაჩვენები. თავიდან  წყალში ცხოვრობდა ეს არსება, მაგრამ სიტუციისდა მიხედვით შეიცვალა საცხოვრისი და სხვა გარემოს მოერგო.

დაცვის თანამშრომლებს, რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, მაგისტრები ჰქვიათ. მათთან პირველივე ინტერაქცია ნაკლებად სასიამოვნო იყო. მათი საქციელი მაგისტრისას ნაკლებად შეესაბამება, სამაგიეროდ, გამართლდა ჩემი სტერეოტიპული წარმოდგენა ფორმიან ადამიანებზე. ერთ-ერთი მაგისტრი დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს გართობის მიზნით ამცირებდა. სხვა მაგისტრები ამას უყურებდნენ და იცინოდნენ. ძალაუფლების ასე არასწორად გამოყენება სხვა შემთხვევაშიც ხდება. ახალგაზრდა და ლამაზ კონსულტანტ გოგოებთან მსუბუქი ფლირტის მცდელობები ხშირად იმდენად უცნაურია, რომ თვითონ ამ გოგოებს დაბნეულს ტოვებს და მათდამი უმიზეზო სიმკაცრე და შენიშვნები კითხვებს უტოვებთ. მაშინ, როცა ბევრი არაფერი ღირსება გაქვს, ისევ ამ შენ ტოქსიკურ მასკულინობასა და უსუსურ ძალაუფლებას იყენებ, რომ ყურადღება მიიქციო. მაგალითად, ჩემთვის (ლამაზი და ახალგაზრდა გოგო არ ვარ) არავის მოუცია ისეთი შენიშვნა, როგორსაც ამ გოგოებს აძლევდნენ – იქნებოდა ეს „ბეიჯის“ გასწორება, ფორმის შეკვრა თუ სხვა, რასაც ხშირად არ ვიცავდი.

კონსულტანტები და ზოგადად, ის დასაქმებულები, რომელთა მოვალეობაშიც პროდუქტის საწყობიდან დარბაზში გადატანა, დალაგება, ზოგჯერ კონსულტაციის გაწევა და სხვა მომსახურებები შედის – ამ კატეგორიაში ბევრი ადამიანია. ხელფასი დაბალი, მოვალეობა იმაზე მეტი, ვიდრე წინასწარაა განსაზღვრული; დარბაზში ყოფნისას მომხმარებლის პრეტენზიები და შენიშვნები, უმეტესწილად, როცა შენ არაფერ შუაში ხარ; საწყობში ყოფნისას პრეტენზიები და შენიშვნები ამჯერად მენეჯერისგან; სამუშაო პირობებთან შეუსაბამო ხელფასი და ბევრი სხვა რამ განაპირობებს იმას, რომ ეს ადამიანები სამსახურში ხანგრძლივად არ ჩერდებიან. ყველა ჯერზე, როცა რომელიმე მათგანი სამუშაო დღის შემდეგ შენობას ტოვებს, ყოველთვის მაქვს განცდა, რომ უკან აღარ დაბრუნდება.

პრეტენზიებს ყველგან მოისმენ – დაცვის ოთახში, ხორცპროდუქტების სტენდთან, ხილ-ბოსტნეულის სასწორთან და რაც მთავარია, გარეთ, შესვენებაზე. თანამოსაუბრეები თავიანთთან გათანაბრებული დასაქმებულის დანახვაზე ისევ თამამად აგრძელებენ საუბარს თავიანთ პრობლემებზე, რომლებიც კარფურში მუშაობას უკავშირდება.

მთავარი პრობლემა საკმარისი მუშახელის არარსებობაა. მიზეზებზე ზემოთ დავწერე და ეს ყველაფერი ისედაც ნათელია. ოფისში, როგორც აქ ეძახიან, იმის ნაცვლად, რომ პირობები გააუმჯობესონ და ხალხი არ გაურბოდეთ, მენეჯერებსა და სექციებზე პასუხისმგებელ პირებს ავალდებულებენ, რომ მათმა ხელქვეითებმა უფრო პროდუქტიულად იმუშაონ.

ხილბოსტნეულის სექციის უფროსის სამოტივაციო გამოსვლა ალბათ ყველაზე სევდიანი რამ იყო, რაც „კარფურის“ საწყობში მინახავს. „ბალენსიაგას“ პროდუქციაში გამოწყობილი გოგო, რომელიღაც ტრეინინგზე ნასწავლი ტერმინოლოგიით ცდილობდა რაიონებიდან  ჩამოსული ადამიანების მოტივირებას, რომ საქმე უკეთ გააეკეთებინათ. ამ გოგოს ნათქვამი ყოველი „ჩვენ“ პირდაპირ თავში მირტყამდა. ილიას თხზულების არ იყოს, მას შემდეგ ალბათ ხიდი ასე ჩატეხილი არასოდეს ყოფილა. ერთადერთი მართებული ტექსტი იქნებოდა, რომ ამ გოგოს ბოდიში მოეხადა ამ ადამიანებისთვის შექმნილი სამუშაო პირობების გამო და თავჩაქინდრული გასცლოდა იქაურობას.

პანდემიამ „კარფურის“ ცხოვრებაც შეცვალა. აქამდე თუ ერთ ადამიანს სამი ადამიანის საქმის კეთება უწევდა, ეს რიცხვი ახლა გაიზარდა, ასევე გაზრდილი მოთხოვნის გამო. შესაბამისად, გაიზარდა პრობლემები და პრეტენზიები. აქ დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი ადვილად მოწყვლადია სოცქსელებში ვირუსის შესახებ გავრცელებული სწორი თუ არასწორი ინფორმაციის მიმართ და ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ სივრცეში მუშაობის პერსპექტივამ ძალიან შეაშინა.

ძველი წუხილები ახლებით ჩანაცვლდა – ხალხი 2-მეტრიან დისტანციას არ იცავდა, მათთან ახლოს ახველებდა; დასაქმებულები პირბადეებით გვიან მოამარაგეს და ეს პირბადეებიც ძალიან მოუხერხებელი იყო; ერთჯერადი ხელთათმანი იმდენად უხარისხო იყო ხელზე გაკეთებისას იხეოდა; ხალხის რაოდენობას, განსაკუთრებით თავიდან, ყურადღებას არავინ აქცევდა; სახის დამცავი ფარები მხოლოდ დაცვას ჰქონდა და ა.შ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ ჩემი და „კარფურის“ თანამშრომლობაც შეწყდა და სამწუხაროდ, აღარ მაქვს ინფორმაცია, როგორ განვითარდა მოვლენების მას შემდეგ. დარწმუნებული ვარ, „კარფურის“ ხელმძღვანელობა პანდემიის დროს გაზრდილ შემოსავალს დასაქმებულების პირობების გაუმჯობესებას არ მოახმარდა.

ავტორის სამუშაო ადგილი იყო „კარფური“ და ტექსტში აღწერილი ამბები ამ გამოცდილებას ეხება.