კიდევ ერთი ტრიუმფალური „ცეკვა“

დავით ბუხრიკიძე

20 იანვარს სტოკჰოლმში გამართულ, შვედეთის ეროვნული კინოდაჯილდოების რიგით 55-ე ცერემონიაზე – Guldbaggegalan 2020 („ოქროს ხოჭო“, 2020) უკვე მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულ შვედურ-ქართულ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის რეჟისორია წარმოშობით ქართველი ლევან აკინი, საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის  პრიზი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ფილმმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: ლევან აკინმა ასევე დაიმსახურა პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, ხოლო ლევან გელბახიანმა ფილმში მერაბის როლის შესრულებისთვის, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის პრიზი.

The Guldbagge Avards – შვედური კინემატოგრაფის მთავარი და ყველაზე პრესტიჟული კინოდაჯილდოებაა, რომელიც 1964 წლიდან ტარდება. აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოს პირველი მფლობელი შვედური კინოს ნომერ პირველი პერსონა, ინგმარ ბერგმანი იყო, რომელსაც პრიზი მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფილმისთვის – „სიჩუმე“ – გადაეცა.

ეს ქართულ-შვედური ფილმის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა, რომელსაც, როგორც კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, ასევე ელის წარმატება სანდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც სულ მალე – 23 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება. სანდესის კინოფესტივალი დამოუკიდებელი კინემატოგრაფის ყველაზე პრესტიჟულ პლატფორმად ითვლება ამერიკაში და მასში მონაწილეობა და მით უმეტეს, გამარჯვება, ნებისმიერი რანგის რეჟისორისათვის პრესტიჟულია.

სანდესის წლევანდელი კინოფესტივალის პროგრამაში 118 ფილმია წარმოდგენილი (სხვადასხვა სექციაში), თუმცა 2020 წელი განსაკუთრებულად ფოკუსირებულია LGBTQ ფილმებზე და თანაც სრულიად განსხვავებული, მოულოდნელი აქცენტებით. ლევან აკინის ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ძალიან კარგი პრესა და ბეგრაუნდი აქვს და შესაბამისად, მორიგი დიდი წარმატების შანსიც.

ლევან აკინი 1979 წელს დაიბადა. წარმოშობით ქართველი რეჟისორი თანამედროვე შვედური კინოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენლად ითვლება. იგი რამდენიმე წარმატებული მოკლემეტრაჟიანი ფილმისა და ტელესერიალის ავტორიცაა. პირველი დიდი კინემატოგრაფიული აღიარება და კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება რეჟისორს მოუტანა ფილმმა „კატინკას წვეულება“ (”Katinkas kalas”), რომლის პრემიერაც 2011 წელს სწორედ სტოკჰოლმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

თბილისის მეთორმეტე საერთაშორისო კინოფესტივალზე კი წარმოდგენილი იქნა ლევან აკინის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უკანასკნელი საქმე“ (“De sista sakerna”), რომელმაც 2008 წელს ჰამბურგის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა. ლევან აკინის ფილმები საკუთარი თავის ძიების, განსხვავებულ კულტურათა შეჯახების თემებსა და სოციალურ პრობლემებს ეხება. თუმცა საქართველოში გადაღებული მისი ბოლო ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის კარიერაში ყველაზე წარმატებულია.