კორონავირუსი და რეკომენდაციები ცხოველთა პატრონებს

ნინო ავქაფაშვილი

ცხოველთა ინფიცირების ისტორია

ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით (1), ჩინეთში კორონავირუსით ადამიანის ინფიცირების გამოვლენის შემდეგ, 2019 წლის მიწურულს, ჩინეთის ვეტერინარულმა დეპარტამენტებმა/სამსახურებმა SARS-Cov-2-ზე ტესტი ჩაუტარეს ღორებს, შინაურ ფრინველს, ძაღლებსა და სხვა ცხოველებს, რომელთაც კავშირი ჰქონდათ ვუჰანის ე.წ სველ ბაზართან. SARS-CoV-2 არის ვირუსი, რომელიც ადამიანში იწვევს COVID-19-ს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ამ დროისათვის შეუძლებელი იყო მსჯელობა შინაურ ცხოველებზე ვირუსის გადაცემისა და, მათ შორის, გავრცელების შესახებ.

2020 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია ჰონგ-კონგში რამდენიმე ძაღლის SARS-CoV-2-ით ინფიცირების შესახებ. ძაღლების ტესტებმა დადებითი პასუხები აჩვენა ვირუსზე. იყო სამი შემთხვევა. პირველი ორი ერთმანეთის იდენტური იყო. ორივე შემთხვევაში ძაღლის პატრონი კორონავირუსის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ძაღლი – კარანტინში. მესამე შემთხვევაში, ორი ძაღლის პატრონს აღმოაჩნდა კორონავირუსი, პატრონი ჰოსპიტალში, ძაღლები კი  კარანტინში მოათავსეს. საყურადღებოა, რომ ორი ძაღლიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა დადებითი პასუხი ინფექციაზე. არც ერთს არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები. სამივე შემთხვევის მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

2020 წლის 18 მარტს ბელგიაში ერთ-ერთ კატას გამოუვლინდა საჭმლის მომნელებელი სისტემისა და რესპირატორული დაავადებების კლინიკური ნიშნები. კატის პატრონი იყო COVID-19-ით ინფიცირებული. შემდგომ კატამაც აჩვენა დადებითი პასუხი SARS-CoV-2-ის ტესტზე. ინფექცია გამოვლინდა, თუმცა ჯერ არაა დადასტურებული. მკვლევრები შეთანხმდნენ, რომ ამ შემთხვევაში კორონავირუსი უნდა იდენტიფიცირდებოდეს, თუმცა, ჯერჯერობით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ ამის უეჭველ დადასტურებას, სანამ კვლევა მიმდინარებს.

2020 წლის 5 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკის ბინადარი ვეფხვის ინფიცირების შესახებ. „შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (2)“ ნაციონალური ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიებმა დაადასტურეს SARS-CoV-2-ით ზოოპარკის ერთ-ერთი ვეფხვის ინფიცირება. ამ ვეფხვის ტესტის ნიმუშები შეადარეს ზოოპარკის რამდენიმე ლომისა და ვეფხვის ტესტებს, გამოჩნდა რესპირატორული დაავადების სიმპტომები. მიიჩნევენ, რომ ამ ცხოველებზე დაავადება ზოოპარკის თანამშრომლებისგან გადავიდა. ზოოპარკი დაიკეტა მარტის შუა რიცხვებში, ვეფხვს კი პირველად დაავადების სიმპტომები 27 მარტს გამოუვლინდა. ელიან ყველა კატისებრის გამოჯანმრთელებას. ცხოველების კორონავირუსით დაავადება ამ შემთხვევაშიც არაა ოფიციალურად დადასტურებული.

კატებისა და ძაღლების პოზიტიურ ტესტებზე დაყრდნობით, „ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ უშვებს ახლო კონტაქტით ცხოველის ადამიანისგან  SARS-CoV-2-ით ინფიცირების შესაძლებლობას, თუმცა კვლევა მიმდინარეობს. მიიჩნევენ, რომ არ არსებობს მეცნიერული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ცხოველები ადამიანებზე ან ერთმანეთში ავრცელებენ კორონავირუსს. ადამიანებს შორის ინფექცია მხოლოდ სუბიექტიდან სუბიექტზე ვრცელდება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ცხოველები ავრცელებენ დაავადებას. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გაუმართლებელია კომპანიონი ან სხვა ცხოველების წინააღმდეგ ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს მათ კეთილდღეობას.

რეკომენდაციები შინაური ცხოველების პატრონებს

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები და ცხოველები არიან საზიარო ზოონოზური დაავადებების სახელით ცნობილი ინფექციების მატარებლები, „ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ ცხოველთა პატრონებს აძლევს ოთხფეხა მეგობრებთან კონტაქტის შეზღუდვის რეკომენდაციას გარკვეულ შემთხვევებში, სანამ უკეთ შეისწავლიან კორონავირუსის ტრანსმისირება ადამიანებსა და ცხოველებს შორის. რეკომენდაციების მიხედვით:

– შეგიძლიათ, სხვას, რომელიმე ოჯახის წევრს გადააბაროთ ცხოველის მოვლა-პატრონობა, თუ ხართ ავად, თვითიზოლაციაში ან იმყოფებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ;

– აუცილებელია, დაიცვათ საბაზისო ჰიგიენური ნორმები – ხელის დაბანა ცხოველთან, მის უშუალო საცხოვრებელთან ან საკვებთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ;

– მოერიდეთ ცხოველის კოცნას, მოფერებას, მისი მხრიდან ლოკვას ან საკვების მასთან გაზიარებას;

– შესაძლებლობისდა მიხედვით, გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი ცხოველთან ურთიერთობისას;

– რეკომენდებულია ცხოველისთვის ორალური, ნაზალური, ფეკალური და რექტარული ტესტის ჩატარება იმ შემთხვევაში, თუ მას ჰქონდა ურთიერთობა დაინფიცირებულ ადამიანთან;

– პატრონის კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს სახლის პირობებში, სხვა შინაური ცხოველებისგან მოშორებით და იზოლირებული;

დამატებით, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები არ უწევენ რეკომენდაციას ცხოველის „დეზინფექციის მიზნით“ იმ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას, რომლითაც ადამიანები ვიცავთ თავს კორონავირუსისგან, მით უმეტეს, თუ ნივთიერება შეიცავს ალკოჰოლს ან არის ძლიერი ქიმიკატი.

……….

ზემოთ განხილული ქეისები, როგორც თავად „მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია“ აღნიშნავს, არ იძლევა დასკვნის საშუალებას, რომ ცხოველები საშიშნი არიან ადამიანთათავის კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში.

ჯერჯერობით, არ არსებობს სრულყოფილი მეცნიერული დასკვნა, რომ ადამიანებს მიუძღვით ბრალი ცხოველთა ინფიცირებაში. ამის მხოლოდ ვარაუდია შესაძლებელი. შესაბამისად, არ გვაქვს პანიკის საფუძველი, მით უმეტეს, ცხოველიდან ადამიანზე დაავადების გადაცემის თვალსაზრისით.

ამიტომ, თუ გყავთ შინაური ცხოველი, რისი გაკეთებაც მოგვეთხოვება, მათ მიმართ რეალური ზრუნვაა და ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინება. ნუ მიატოვებთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს მაშინ, როცა შეიძლება ყველაზე მეტად სჭირდებოდეთ თქვენი ზრუნვა და ყურადღება. შინაური ცხოველის ყოლა ნიშნავს მასზე პასუხისმგებლობას, მეგობრობა კი გულისხმობს ზრუნვას და არა სასტიკ მოპყრობას, ერთ-ერთის გაწირვას.

ნუ გაყრით მათ ქუჩაში და ნუ მოექცევით სასტიკად. ქუჩაში გაგდებით მას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნით, რადგან, თუ შესაძლებელია ცხოველებს შორის  ან ადამიანიდან ცხოველზე დაავადების გავრცელება, მას ამ რისკის წინაშე დააყენებთ. იყავით უფრო ჰუმანურები, იზრუნეთ თქვენს მეგობრებზე და ახლაც ისე გიყვარდეთ ისინი, როგორც სხვა დროს.

წყარო: (1)  https://bit.ly/2wrvlWM;  (2) https://bit.ly/3dZytKt