შშმ ქალთა ქონებრივი უფლებები, როგორც ეკონომიკური გაძლიერების ნაწილი ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე 

გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა ჩაგვინიშნა შშმ ქალებს შეხვედრა. აინტერესებდა, შშმ ქალთა საჭიროებები. პირველი, რაც ვუთხარი, ეკონომიკური გაძლიერება იყო. ეკონომიკური გაძლიერების გარეშე ქალი მასზე ძალადობის ფაქტსაც ვერასდროს გაამჟღავნებს, ვერ იბრძოლებს მოძალადის წინააღმდეგ. შეხვედრის სხვა დამსწრემ ჰკითხა გაეროს თანამშრომელს ექსპერტული აზრი, თუ როგორ ესახება შშმ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.

შეხვედრის ორგანიზატორმა გვითხრა, რომ ეს კომპლექსური პროცესია; რომ განათლებაცაა აქ მნიშვნელოვანი… მაშინ დავუსახელეთ შშმ ქალთა გაძლიერების რამდენიმე მეთოდი, რომელიც დასავლეთში ძალიან ეფექტურად მუშაობს. მათ შორის დასაქმების სავალდებულო კვოტირება, ანუ ყველა მსხვილი დაწესებულება, საჯარო თუ კერძო, ვალდებულია, დაასაქმოს შშმ პირთა გარკვეული რაოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმდება. გაეროს თანამშრომელმა გვითხრა, რომ ამჯერად მსგავსი კანონის გატანაში ვერ დაგვეხმარებიან, რადგან პარლამენტი, დიდი ალბათობით, მის მიღებაზე უარს იტყვის. შარშან ხომ უკვე განაახლეს შრომის კანონმდებლობა.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო დაწესებულებები კერძო სექტორისთვის მისაბაძ მაგალითებად უნდა იქცნენ შშმ პირთა დასაქმების საქმეში. არადა საქსტატის 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებული 39 ათასზე მეტი საჯარო მოხელიდან მხოლოდ 53-ია შშმ პირი, მათგან კი მხოლოდ 37 პროცენტია ქალი, 63 კი- კაცი. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (ე.წ სიდო) კი მე-8 მუხლში ამბობს, რომ ქალებს (და შშმ ქალებიც ქალები არიან) სახელმწიფომ უნდა შეუქმნას თანაბარი პირობები დიპლომატიურ სამსახურში, თავიანთი ქვეყნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმომადგენლობის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმების თვალსაზრისით.

გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 12.5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა ქმედით და ეფექტურ ზომას შშმ პირთა, მათ შორის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, შშმ ქალთა ქონებრივი უფლებების დასაცავად, რაც მოიცავს შემდეგს: 1. ქონების მემკვიდრეობით მიღება, საკუთარი ქონების განკარგვა. 2.  საბანკო კრედიტებზე, სესხებსა და სხვა პროდუქტებზე ტიპური განვითარების მქონე პირებთან თანაბარი მისაწვდომობა. 3. საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვა. 4. შშმ ქალთა საკუთრების თვითნებური ჩამორთმევის აკრძალვა.

ამ უკანასკნელის გარდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ მხოლოდ დაცვის ვალდებულებას წარმოადგენს, ყველა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან არამხოლოდ პატივისცემისა და დაცვის, არამედ უზრუნველყოფის პოზიტიურ ვალდებულებასაც. ანუ სახელმწიფოს შშმ პირთა კონვენცია აკისრებს მოვალეობას, გადადგას კონკრეტული პოზიტიური ხელშემწყობი ნაბიჯები, რათა შშმ პირებს, მათ შორის ქალებს, ჰქონდეთ ქონების მემკვიდრეობით მიღების, ფლობისა და დამოუკიდებელი განკარგვის უფლება და შესაძლებლობა.

CEDAW კონვენციაც ფაქტობრივად იმეორებს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის სულისკვეთებას და ქალებს ანიჭებს კაცებთან თანაბარ უფლებებს მათს საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, ხელშეკრულებათა დადების, აგროკრედიტებითა და სხვა ფულადი სესხებით სარგებლობის სფეროებში (მუხ. 13, 14.2, 15.2) და სახელმწიფოებს აკისრებს ამ უფლებებით კაცებთან თანაბრად სარგებლობის შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებას. დაახლოებით იმავეს იმეორებს გაეროს მდგრადი განვითარების შესახებ რეზოლუცია „ჩვენი მსოფლიოს ტრანსფორმაცია: 2030 წლის მდგრადი განვითარების დღისწესრიგი, ანუ მომავალი, რომელიც გვსურს“. ამ ამოცანის მიხედვით, სახელმწიფოები იღებენ ვალლდებულებას, გაატარონ რეფორმები, რათა ქალებს (მათ შორის მოიაზრებიან შშმ ქალებიც) კაცებთან თანაბრად  მიეცეთ წვდომა ეკონომიკურ რესურსებზე, მათ შორის მიწისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების ფლობაზე, განკარგვასა და საკუთრებაზე, ფინანსურ რესურსებზე, ქონების მემკვიდრეობით მიღებასა და ბუნებრივ რესურსებზე.

საქართველოში ტიპური განვითარების მქონე ქალთა ქონებრივი უფლებები კაცებთან თანასწორად უზრუნველყოფილი არ არის. მაგალითად, საქართველოში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით,  ქალების სახელზე, ძირითადად, არ არის დარეგისტრირებული თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მათ, უმეტეს შემთხვევაში, უწევთ სასამართლოს გზით თანასაკუთრებაზე უფლების აღიარება. საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვრავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

მშობლები უძრავი ქონების დიდ ნაწილს უმრავლეს შემთხვევებში სწორედ მამრობითი სქესის მემკვიდრეებს უტოვებენ. საჯარო რეესტრის რამდენიმე წლის წინანდელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზიკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 743 888 კაცია (56.4%) და 575 267 – ქალი (43.6%). ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).

სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა არ ფლობს სტრატეგიულ ქონებას. ისინი მამისეულ ან მეუღლის სახლში ცხოვრობენ და მესაკუთრეებად არ განიხილებიან. ისინი არ განასხვავებენ ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა „ოჯახის შემოსავალი“ და „ქალის შემოსავალი“, „ოჯახის ქონება“ და „ქალის ქონება“.

შშმ ქალები ასევე დგანან ზემოჩამოთვლილ გამოწვევათა წინაშე. თუმცა ტიპური განვითარების მქონე ქალებთან, ასევე შშმ კაცებთან შედარებით აქვთ დამატებითი ბარიერებიც. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ჩემ მიერ ჩატარებული ინტერვიუების რესპოდენტებმა (შშმ ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე შშმ ქალმა ფემინისტმა ექსპერტებმა) განაცხადეს, რომ არასდროს უმუშავიათ ცალკე შშმ ქალთა ქონებრივი უფლებების მიმართულებით. რაც ამ მიმართულებით სიღრმისეული კვლევის საჭიროებაზე მიუთითებს. დეფიციტურია რაოდენობრივი მონაცემებიც შშმ ქალთა ქონებრივი მდგომარეობის გარშემო.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები მემკვიდრეობით მთელ ქონებას უტოვებენ ტიპური განვითარების მქონე შვილს. მოიაზრება, რომ „მან უნდა მოუაროს შშმ დას/ძმას“, შესაბამისად შშმ შვილის წილი ცალკე არ გამოიყოფა. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მემკვიდრეობით მიღებული ქონების ტიპური განვითარების მქონე მეწილე ასევე არის ფსიქო-სოციალური საჭიროების ანდაც ინტელექტუალური შეფერხების მქონე შშმ ქალი მემკვიდრის მხარდამჭერიც. ამ შემთხვევაში სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

გამოდის, რომ შშმ ქალის მემკვიდრეობით მიღებული ქონების წილის მართვაშიც აქტიურადაა ჩართული მეორე მეწილე. ხდება რა შშმ ქალი ყველანაირად დამოკიდებული მხარდამჭერზე (როგორც სამართლებრივად, ასევე ასისტირების საკითხებშიც), მეტია მისი ქონების მხარდამჭერის მიერ არასათანადო განკარგვის რისკები. ეტყვის შეზღუდვის არმქონე მემკვიდრე შშმ ქალ ნათესავს: „რა ვქნა, ვალები მაქვს, ფინანსური პრობლემები, ბიზნესის დაწყება მინდა. ეს სახლი გავყიდოთ, შენს წილს არ დავკარგავ, ვიყიდით სხვა ბინას“, მერე კი შეიძლება, ვერც ვერაფერი იყიდოს, ფული შემოეხარჯოს და შშმ ქალის გაშვება მოუწიოს შშმ პირთა პანსიონატში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უვადოდ. შშმ პირის დაქორწინების შემთხვევაში ოჯახები მეტად ხდებიან მოტივირებულნი, მასაც დაუტოვონ ქონება. ხოლო ვინაიდან შშმ ქალები, ექსპერტთა თქმით, უფრო იშვიათად ქორწინდებიან შშმ კაცებთან შედარებით, მემკვიდრეობის მიღების შანსიც ნაკლები რჩებათ.

შშმ ქალები ქონების მიღების, საკუთარი შემოსავლების განკარგვისა და საკრედიტო საკითხებში აწყდებიან როგორც გენდერთან, ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ბარიერებს. შშმ ქალებს საბანკო კრედიტზე, ასევე დაზღვევაზე წვდომა ეზღუდებათ. ისინი ხშირად აღიქმებიან „რისკჯგუფებად“ თავიანთი დიაგნოზის გამო. საფინანსო ინსტიტუტები მათ „მუდმივ ავადმყოფებად“ მიიჩნევენ. ამავდროულად აქვთ რა ტიპური განვითარების მქონე ქალებთან შედარებით დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა, საფინანსო ინსტიტუტებისთვის ისინი არასტაბილური შემოსავლის გამოც ითვლებიან მომატებული რისკის მოვალეებად. უსინათლო ქალებს კი ბანკები ხელსაც არ აწერინებენ დოკუმენტაციაზე, სესხის აღება, ანაბრიდან თანხის გატანა რომ უნდათ. ითხოვენ, მხედველზე გააფორმონ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა და იმათ მოუწერონ ხელი. ითვლება, რომ უსინათლო ვერ გაეცნობა ხელმოსაწერ დოკუმენტს სხვათა დახმარების გარეშე (არადა წლებია უკვე, რაც არსებობს კომპიუტერული გამხმოვანებელი პროგრამები. შეიძლება, ასეთი უფასო პროგრამა გქონდეს ბანკში, მოასმენინო დოკუმენტი უსინათლო კლიენტს, თან ვიდეო გადაუღო ეკრანს, რომ ნამდვილად იმას აწერს ხელს, რაც მოისმინა, ხელმოწერა კი პირადობის წამკითხველის მეშვეობით, ციფრულად გააკეთებინო). მაგრამ არა. გამოდის, უსინათლო ჯერ ისევ დგას ქმედუუნარობის რისკის ქვეშ. მარტო ბანკშიც ვერ მივა.

„ლიბერთი ბანკის“ იმ ფილიალში, სადაც ყველაზე ხშირად დავდივარ, ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას არ მთხოვენ. „დიდ შეღავათს მიკეთებენ“. უბრალოდ ვინც მახლავს, იმას ადგილზევე ავსებინებენ ხელმოწერის ფორმას. ეს ნიშნავს, რომ ბანკში მარტო მაინც ვერ მივალ. შეიძლება, გზა ვიცოდე ან ტაქსით მოვიდე, მაგრამ არ მომემსახურებიან. არადა ფინანსურ დამოუკიდებლობაზეა მიბმული ისეთი მნიშვნელოვანი უფლებები, როგორებიცაა ბავშვის შვილად ან მინდობით აღზრდაში აყვანა. ჯანდაცვის სამინისტროდან როდესაც მინდოდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მის პოზიციასა და შშმ ქალთა მიერ ბავშვის შვილად ან მინდობით აღზრდაში აყვანის მიმართვიანობის სტატისტიკური მონაცემების გამოსათხოვად, არაფერი მიპასუხეს თვეების განმავლობაში. ასეთი რამ, როგორც ჩანს, ვერც კი წარმოედგინათ.

არადა გაეროს შშმ პირთა კონვენციიდან გამომდინარე შშმ ქალსაც აქვს ყველა ზემოჩამოთვლილი უფლება. ოჯახებთან მცხოვრებ შშმ ქალთა სოციალურ კომპენსაციას ხშირად ოჯახის სხვა წევრები, შშმ ქალთა დაუკითხავად განკარგავენ. გარემოს მიუწვდომლობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისებისა და ადეკვატური დამხმარე საშუალებების არქონის, ასევე არსებული სტიგმის გამო შშმ ქალები თავიანთი შემოსავლების განკარგვაში ფიზიკურად დამოკიდებულნი არიან ნათესავებზე. შესაბამისად, ოჯახის წევრთა თანხმობის გარეშე ისინი ვერ ახერხებენ თავიანთი სახსრების საკუთარ საჭიროებებზე სურვილისამებრ ხარჯვას. შშმ ქალები, რომლებიც ტიპური განვითარების მქონე მემკვიდრეებთან ერთად ცხოვრობენ, ხშირად თავიანთი უფლებების შესახებ ინფორმაციის არქონის, მხარდამჭერი სერვისების (მაგ. იურიდიული კონსულტირება) არარსებობისა თუ ოჯახის წევრთაგან ძალადობის შიშით სურვილის მიუხედავად ვერ ახერხებენ საკუთარი წილის მოთხოვნას სამკვიდრო ქონებიდან და საცხოვრებლად ოჯახის წევრთაგან განცალკევებით გადასვლას..

ინტერვიუების დროს ექსპერტებმა გაიხსენეს ასეთი შემთხვევები: „უსინათლო ქალმა პოლიციის ჩარევით დააღწია თავი ძმას, რომელიც მასზე ეკონომიკურად ძალადობდა, უმალავდა საჭმელს და ავიწროებდა. ძმამ მშობელთა გარდაცვალების შემდეგ უარი თქვა ქონების გაფორმებაზე, უსინათლო დისთვის წილი რომ არ მიეცა…“ „მობილობის შეფერხების მქონის ოჯახის წევრმა აღშფოთება გამოთქვა, რომ როდესაც ოჯახის შშმ წევრს მისი კუთვნილი სოციალური კომპენსაციის/პენსიის ნაწილი მისცა, მან ის მთლიანად დახარჯა ტკბილეულში. ეტყობა,   ენატრებოდა და თავისი გემოვნებისამებრ განკარგა“…“შშმ ქალებს, განსაკუთრებით რეგიონებში, თავად ოჯახები არ აღიქვამენ ადამიანებად. თავიდანვე ისე ზრდიან… უბრალოდ ამუშავებენ და არ თვლიან, რომ რამის უფლება აქვთ“… აპრიორშივე ითვლება, რომ შშმ ქალმა ნათესავებთან უნდა იცხოვროს და რომ მისი ქონება ნათესავებისას უნდა შეუერთდეს.

ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით კი ასეთი თანაცხოვრების პირობებში შშმ ქალის თავისუფლება მნიშვნელოვნად იზღუდება. სახალხო დამცველი ყველა ოჯახს, დახურული ინსტიტუციებისგან განსხვავებით, სათითაოდ ხომ ვერ შეამოწმებს, კარდაკარ ხომ ვერ ივლის. აღსანიშნავია, პირადი და ოჯახური ცხოვრებისა და ქონებრივ უფლებებს შორის კვეთაც. ასე მაგალითად, რეგიონში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ბიძამ მოთხოვა შშმ ქალის მამას, გაეყიდა აღნიშნული ბიძის მეზობლად მდებარე სახლი და სადმე სხვაგან გადასულიყო, თუკი მისი შშმ ძმიშვილი დააპირებდა დაქორწინებას. ბიძის განცხადებით „არ უნდა, რომ მისმა შვილებმა შშმ ბიძაშვილის შვილებს უყურონ, რომლებიც, დიდი ალბათობით, ასევე მემკვიდრეობით დედისგან მიიღებენ მის დიაგნოზს“. „ჩემ გარშემო ეტლით მოსარგებლე ქალები და გოგოები, ვისაც სახლიდან გასვლა უჭირთ ფიზიკური ბარიერების გამო, არ მახსოვს, ოდესმე რომ ეთქვათ, ონ-ლაინ გამოვიწერე რაღაცაო. ოჯახის წევრებისგანაც ხშირად მესმის, ვინ დაუშლისო. ვინ უშლის კი არა, ვინ დაუშლის. გამოდის, რომ ეს შშმ ქალები ვერც ცდილობენ სახსრების დამოუკიდებლად განკარგვას“.

ფსიქო-სოციალური და ინტელექტუალური შეფერხების მქონე ქალები დამატებით მუდმივად არიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ანდაც შშმ პირთა პანსიონატებში გამოკეტვის საფრთხის ქვეშ. ამასთან უფრო ხშირია იმ შშმ ქალთა ინსტიტუციონალიზაცია, ვისაც მხოლოდ მამრობითი სქესის ნათესავები დარჩათ. ისინი, გენდერული სოციალიზაციიდან/აღზრდიდან გამომდინარე, ნაკლებად არიან მოტივირებულნი, გაუწიონ შშმ ქალ ნათესავს მხარდაჭერა.

ხშირია ასევე, რომ ინსტიტუციონალიზებულ შშმ ქალთა ქონებას განკარგავენ  დარჩენილი ნათესავები და არც მიღებულ შემოსავალს ახმარენ შშმ ქალებს. ინსტიტუციონალიზებული შშმ ქალები, რომლებსაც მხოლოდ მამრობითი სქესის ნათესავები დარჩათ, სოციალური კომპენსაციის („პენსიის“) არსებობის მიუხედავად, ხშირად განიცდიან თავის მოვლისა და ჰიგიენის ელემენტარულლ საშუალებათა ნაკლებობას (როგორებიცაა საცვალი, ჰიგიენური საფენები, ლიფები, ტრუსები), უჭირთ რა მამრობითი სქესის მომნახულებელთათვის ამგვარ საჭიროებათა გაჟღერება. ინსტიტუციებში მოთავსებული შშმ პირები, მათ შორის ქალები, ნათესავთა თუ ინსტიტუციების პერსონალის მიერ მათი თანხების მათი ნების გარეშე განკარგვის თავიდან აცილების მიზნით ზოგჯერ ანადგურებენ მათ მფლობელობაში არსებულ საბანკო ბარათებს, თვითონ კი არ შეუძლიათ საფინანსო დაწესებულებებისადმი მიმართვა, არის რა ინსტიტუციების უმრავლესობა ბანკებისგან შორს განთავსებული, ასევე აქვთ რა ინსტიტუციის დატოვებაზე დაწესებული შეზღუდვები. ამავდროულად, ინსტიტუციონალიზებული ქალების დიდ ნაწილს დათრგუნული აქვთ თვითშეფასება და წართმეული მოტივაცია, გაიგონ და დაიცვან თავიანთი ქონებრივი და სხვა უფლებები.

ხშირია ინტელექტუალური და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიული და კვალიფიციური მხარდაჭერითი სერვისების ნაკლებობისა და საზოგადოებრივი წნეხით განპირობებული თვითშეფასების დათრგუნვის გამო მათს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება პოტენციური თაღლითების სასარგებლოდ. შშმ ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია მათი ქონებრივი უფლებების შესახებ, რასაც ადასტურებს ექსპერტის მიერ ინტერვიუს დროს გაზიარებული შემთხვევა, როდესაც ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალს სურდა განქორწინება, თუმცა ეგონა, რომ მისი დიაგნოზის გამო მას აღარ ექნებოდა ქორწინების პერიოდში ერთობლივად დაგროვილი ქონების კუთვნილ წილზე საკუთრების უფლება.

ზემოთ განხილული პრობლემების აღმოფხვრისკენ ნაბიჯების გადასადგმელად უფრო დეტალურადაა მოსაკვლევი და წარმოსაჩენი, ციფრებში რამდენად უფროა შელახული შშმ ქალთა ქონებრივი უფლებები. ამისთვის სამოქალაქო რეესტრმა უნდა დაიწყოს რეგისტრირებულ მესაკუთრეთა შესახებ მონაცემების ჩაშლა არამხოლოდ სქესის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნითაც. ამაში წლევანდელი რეფორმა დაეხმარებათ, რომლის შედეგადაც ყველა შშმ პირს აქვს უფლება, პირადობის მოწმობაზე დაიტანოს შშმ პირის სტატუსი.

ქონებრივი უთანასწორობის შესამცირებლად საჭიროა შშმ პირთა დასაქმების სავალდებულო კვოტების შემოღება. ასევე ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალების ნებაზე ზემოქმედებისა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მხარდამჭერის სახელმწიფო სერვისის შექმნა, რათა შშმ ქალი აღარ იყოს ფინანსურ საკითხებში დამოკიდებული ისევ იმ ადამიანებზე, ვისაც მისი საკუთრებისადმი ქონებრივი ინტერესი აქვთ და თან არც გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებისთვის იღებენ რამე ანაზღაურებას.

შშმ ქალები როცა ერთმანეთს ვხვდებით,  განვიხილავთ ხოლმე, რა დაგვემართება, ჩვენი ოჯახის წევრები თუ ვეღარ შეძლებენ ჩვენს ასისტირებას. სამუდამო რჩენის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს უძრავი ქონების მემკვიდრეობით დატოვებას იმისთვის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე მამკვიდრებლის რჩენას იკისრებს პირდაპირ აძლევს პოტენციურ მემკვიდრეს მოტივაციას, ელოდოს შენს სიკვდილს. დაქორწინების შემთხვევაშიც განქორწინებისას მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება იყოფა, თუმცა რომელიმე მეუღლემ მემკვიდრეობით თუ მიიღო ქონება, ის არ იყოფა. თუმცა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში მეორე იღებს მთელ მის ქონებას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრე, თუნდაც ის ქონება გარდაცვლილ მეუღლეს სხვათაგან ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებული. ასე რომ დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და ღირსეული ცხოვრების ერთადერთი გარანტიაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისები: პერსონალური ასისტენტი, შინ მოვლა და სხვა.