სტუდენტი თსუ-ს სამაგისტრო ნაშრომის დაცვისას დისკრიმინაციული მოპყრობისთვის ედავება

სალომე გორგოძე

იურისტი ანა თავხელიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და სამართლიანი შეფასების უფლების დარღვევას ედავება. როგორც მან „პუბლიკას“ უამბო სამაგისტრო ნაშრომის დაცვისას კომისიის წევრების მხრიდან დისკუსიისთვის არაჯანსაღი და დისკრიმინაციული გარემო შეიქმნა. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მოსამზადებელი სხდომა მხარის მიერ გარემოებების დაზუსტების გამო გადაიდო.

ანა თავხელიძემ 2018 წლის ივლისში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებით, სამაგისტრო ნაშრომი დაიცვა. თემა ქართულ სისხლის სამართალში აუცილებელი მოგერიების გენდერულ ანალიზს შეეხებოდა. როგორც ანა გვიყვება, თემის შინაარსიდან გამომდინარე მოლოდინი ჰქონდა, რომ კომისიის წევრებთან ექნებოდა ცხარე, ჯანსაღი დისკუსია, თუმცა, როგორც ამბობს, ამის ნაცვლად კომისიის წევრების მხრიდან პირადი შეურაცხყოფა მოისმინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული თემა მქონდა, რომელიც არ შეეხებოდა ასე ცალკე აღებული სექსუალურ ძალადობას, თავდაპირველად შესავალი გავაკეთე, რომ ჩვენი სისხლის სამართლის კანონმდებლობა მაინცდამაინც გენდერულად მგრძნობიარე არ არის და მაგალითად მოვიყვანე სექსუალური ძალადობა – არსებული რედაქციით, გაუპატიურებად ითვლება, რომ ეს გულისხმობს ძალადობას ან ძალადობის გამოყენების მუქარას. საერთაშორისო სტანდარტი კი გულისხმობს, რომ ძალადობა არ არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, თანხმობის არარსებობა უკვე ნიშნავს სექსუალურ ძალადობას ან გაუპატიურებას, ასეთი განმარტება არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ასეთი ჩანაწერი არსებობს, ე.წ. „სტამბულის კონვენციაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის 2017 წლიდან ძალაშია და სავალდებულოა შესასრულებლად. მე ამ თანხმობაზე ვაკეთებდი აქცენტს და ისინი მეწინააღმდეგებოდნენ, რომ ჩვენს კოდექსში სწორი ფორმულირებაა.

როგორც კი გაუპატიურების ეს მაგალითი მოვიყვანე, უკვე წამოვიდა ძალიან დიდი აგრესია. კომისიის რამდენიმე წევრი ისედაც ვიცოდი, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა, იმიტომ, რომ ამ საგანს ისე ასწავლიან უნივერსიტეტში, რომ ალტერნატიულ მოსაზრებასაც კი არ უზიარებენ სტუდენტებს. ისინი ჩემი ლექტორები იყვნენ თავის დროზე და გაუპატიურების რეგულაცია მასწავლეს, ისე, რომ არც კი უთქვამთ, რომ განსხვავებული აზრი არსებობდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, ვიდრე ეს ჩვენს კანონში წერია. მე თავიდანვე აღვნიშნე, რომ კანონში კი წერია, მაგრამ არ ვეთანხმები მას, იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს. ამაზე გაღიზიანდნენ, სამართლებრივი არგუმენტების ნაცვლად შეურაცხმყოფელი ფრაზებით მომმართავდნენ“.

როგორც ის გვიყვება, კომისიის წევრებმა მისი მოსაზრებები შეაფასეს, როგორც „სისულელე“, რომ მას არ ჰქონდა „საკმარისი ცოდნა“ და რომ  „სამართლებრივი სიბეცეა“ ის, რასაც ამბობდა. გვიყვება, რომ ნაშრომის განხილვა წარიმართა აგრესიულად, იყო ხმამაღალი და დაძაბული საუბარი.

„კომისიის ერთმა წევრმა მეორეს მიმართა, გაუპატიურების ამგვარი დეფინიცია რომ შემოვიღოთ, საშინელებამდე მიგვიყვანს. ახლანდელი გოგონები ისეთები არიან, ამათ ყველაფერის უფლება რომ მიეცემათ, საციხოდ გაიმეტებენ ქართველ ბიჭებსო – ამაზე გავოგნდი. თქვა, რომ სამართლებრივი სიბეცეა, რასაც ვამბობ. ვუთხარი, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა, ამაზე პასუხად კი მითხრა, რომ ეს მე ვაყენებდი შეურაცხყოფას, რადგან გავბედე და ვთქვი, რომ შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს.

სექსუალური ძალადობის გაუპატიურების ნაწილში მათ არ ჰქონდათ მიმღებლობა საერთაშორისო სტანდარტის და მხარს უჭერდნენ დღეს არსებულ რედაქციას, რაც, ცხადია, არის მათი უფლება, მაგრამ ამ ყველაფერის განხილვა არ უნდა მომხდარიყო ჩემი შეურაცხყოფის ხარჯზე, მით უმეტეს, რომ ჩემს პირად მოსაზრებას არ ვამბობდი, კონვენციაში პირდაპირ გვიწერია, რომ გაუპატიურების სამართლებრივი განმარტებისას თანხმობის კომპონენტზე უნდა იყოს აქცენტი. დიდი ხანია ამაზე ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო სექტორი“.

ანა თავხელიძე გვიყვება, რომ განხილვა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, საიდანაც დაახლოებით ბოლო 7 წუთი ნაშრომში განხილულ სხვა საკითხებზე საუბარს დაეთმო.

ის, რომ თავს შეურაცყოფილად გრძნობდა და სამაგისტროს დაცვის პროცესმა არაჯანსაღ გარემოში ჩაიარა, ამის შესახებ,  შეატყობინა იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა, რასაც ფაკულტეტის დეკანი გამოეხმაურა. როგორც მასთან გაარკვია, უნივერსიტეტს არ ჰქონდა პროცედურა, რომლითაც ნაშრომის დაცვისას შექმნილ არაჯანსაღ და აგრესიულ გარემოს გაასაჩივრებდა.

„ეს პასუხი გავასაჩივრე რექტორთან, მივწერე რომ მოეცა საშუალება, გამესაჩივრებინა ქულა და გარემო, და დისკრიმინაციის ფაქტი შეესწავლა. ერთი მხრივ სტუდენტისთვის – რომელიც იცავს ხარისხს, მეორე მხრივ – ქალისთვის, რომელსაც ეუბნებიან, რომ თქვენ ისეთები ხართ, ყველაფერის უფლება თუ მოგეცათ, ვიღაცებს ციხეში ჩასვამთ, ქალია დამნაშავე სექსუალურ ძალადობაში – ამაზე შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს ქალისთვის, თან ადვოკატისთვის, რომელიც ყოველდღიურად ხვდები სექსუალური ძალადობის მსხვერპლს და პირველი, რასაც აკეთებ, არწმუნებ, რომ მათი ბრალი არ არის სექსუალური ძალადობა. ამ დროს პროფესორი, უნივერსიტეტში ხარისხის დაცვის დროს გიმტკიცებს, რომ, თუ შენზე იძალადეს, ეს შენი ბრალი იქნება.“

გვიყვება, რომ რექტორთან საჩივრის წარდგენის შემდეგ უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, რომ მის არგუმენტებს მოისმენდნენ, მათგან ესმოდა კითხვები: „იქნებ რამე არასწორად გავიგე? იქნებ დაღლილი ვიყავი და მომეჩვენა, იქნებ ვერ გავარჩიე შეურაცხყოფა და ცხარე დისკუსია. ძირითადად თავდასხმის პოზიციაში იყვნენ, მე კი – თავდაცვის პოზიციაში, რომ შემეძლო ერთმანეთისგან გამერჩია შეურაცხყოფა და დისკუსია“.

როცა უნივერსიტეტში წარდგენილი საჩივრის კანონით დადგენილი ვადა გავიდა და პასუხი ვერ მიიღო, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

„უნივერსიტეტის მხრიდან აბსოლუტურად არანაირი მზაობა არ ყოფილა, რომ ამ პრობლემისთვის სერიოზულად შეეხედათ, პრობლემის გადაჭრის გზები მოეძებნათ, მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლებრივი დავა. ზუსტად ვიცი, რომ პირველი არ ვარ და არც უკანასკნელი, ვისაც ეს პრობლემა შეექმნა და კომისიის წევრების მხრიდან სხვადასხვა სივრცეში, ჩემი აზრით, სხვა სტუდენტების მიმართაც განხორციელებულა დისკრიმინაციული მოპყრობა. უნივერსიტეტს უნდა აწუხებდეს ეს საკითხი, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს“.

„პუბლიკა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ სასამართლო პროცესის დასრულებამდე ამ საკითხზე უნივერსიტეტის მხრიდან კომენტარს არ გააკეთებენ.