ვის სურს გახდეს ექთანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი იყო ქვეყნაში, სადაც 2011 წლიდან საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამები დაინერგა. ნინო ლომიძე სწორედ ამ წელს ჩაირიცხა პროგრამაზე და 2015 წელს სწავლა დაასრულა. გვიყვება, რომ სწავლის დასრულების შემდგომ სამუშაოს პოვნა არ გასჭირვებია. იმ ცოდნით, რომელიც უნივერსიტეტში მიიღო, მათ შორის პრაქტიკული კურსების ფარგლებში, ფიქრობს, რომ კონკურენტული კადრი იყო. ჯერ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმდა, მერე სხვა კლინიკებშიც მუშაობდა. ახლა თბილისის გულის ცენტრსა და „ჯოენის კლინიკაში“ შეთავსებით მუშობს.

მისი სამუშაო გრაფიკი ოთხ დღეში ერთხელ 16-საათიან მორიგეობას გულისხმობს, რისთვისაც ყოველთვიური ანაზღაურება დაახლოებით 400 ლარია. ნინო გვეუბნება, რომ მიუხედავად მძიმე შრომისა, ექთნების საკმაოდ დიდი ნაწილისთვის შეთავსებით სხვადასხვა კლინიკაში მუშაობა ჩვეული პრაქტიკაა, მიზეზი კი დაბალი ანაზღაურებაა.

საქართველოში ექთანი შეიძლება გახდე, როგორც ბაკალავრიატის, ასევე პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდგომ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, დღესდღეობით პრაქტიკოსი ექთნის, საექთნო საქმისა და ექთნის თანაშემწის შემსწავლელ პროგრამებს დედაქალაქსა და რეგიონებში 23 კერძო და 7 საჯარო პროფესიული სასწავლებელი ახორციელებს. საერთო ჯამში კი კერძო სასწავლებლებში 1 572 სტუდენტი ირიცხება, საჯაროში – 204. საუნივერსიტეტო დონეზე კი, საექთნო საქმის ბაკალავრიატი ერთ სახელმწიფო და სამ კერძო უმაღლეს სასწავლებელს აქვს. დღესდღეობით ამ პროგრამებზე 140 სტუდენტი ირიცხება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  საექთნო საქმის საბაკალავარო პროგრამები მოიცავს ბაკალავრი ექთნის და ბაკალავრი ბებიაქალის პროგრამებს. დღესდღეობით, ექთანი ბაკალავრის პროგრამაზე სულ 52 სტუდენტი ირიცხება, ბებიაქალის პროგრამაზე კი 18 სტუდენტი. 2011 წლიდან დღემდე, ჯამურად, საექთნო საქმეზე 320 სტუდენტი არის ჩარიცხული.

უნივერსიტეტის საექთნო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ გვესაუბრა, რომლებიც საექთნო საქმესთან დაკავშირებით წლებია დღის წერიგში დგას. პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს ექთნების საკადრო დეფიციტზე, რასაც რამდენიმე ძირითადი ფაქტორით ხსნის: პირველი – ჩვენს ქვეყანაში ექთნის პროფესია პოპულარულ პროფესიათა რიგს არ განეკუთვნება და ექთნის შრომის ანაზღაურება დღეს იმდენად მიზერულია, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტებისთვის სასურველ პროფესიათა რიგში არ განიხილება.

სტატისტიკის სამსახურის მიერ აღრიცხული ბოლო (2018 წელი) მონაცემებით, ქვეყანაში სულ 31 ათასი ექიმი და 18 ათასი მედდაა. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ერთ ექიმზე საქართველოში ერთი ექთანიც კი არ მოდის, რაც მაგალითისთვის, ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეფარდებასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია.

მედეა ჯღარკავას თქმით, ასევე პრობლემურია ტენდენცია, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ნაწილი აბიტურიენტებისა, რომლებიც საექთნო საქმეზე აბარებენ, 1-წლიანი სწავლის შემდეგ შიდა მობილობით უნივერსიტეტში სხვა მიმართულებებზე გადადიან, მაგალითად, სტომატოლოგიაზე, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ა.შ. სწორედ ამით აისხნება ისიც, რომ 2011 წლიდან დღემდე მართალია 300-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა პროგრამაზე, მაგრამ კურსდამთავრებული მხოლოდ 60-ია. ამ შიდა გადინებას ჯღარკავა იმით ხსნის, რომ ცოტაა ისეთი აბიტურიენტი, რომლებიც მიზანმიმართულად საექთნო საქმის შესწავლას გადაწყვეტს.

„ექთნის და ბებიაქალის საშუალო ანაზღაურება მიზერულია.  არსებობს გამონაკლისები, მაგრამ ეს საერთო სურათზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. ცხადია, ეს პროფესიული არჩევნის გაკეთებისას აბიტურიენტის მოტივაციაზეც აისახება. შედეგად კი უკვე წლებია, ამ სფეროში კადრების დეფიციტია. იმის გათვალისწინებით, რომ ექთნები ჯანდაცვის სისტემაში მთავარ რგოლს წარმოადგენენ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა“, – გვეუბნება ჯღარკავა და ფიქრობს, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ სახელმწიფო მიზნობრივი სწავლის დაფინანსებით მეტად წაახალისებდა ექთნის პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ საუნივერსიტეტო დონეზე, საექთნო საქმით მეტი აბიტურიენტი დაინტერესდეს, სწავლის ქირა უფრო დაბალია, ვიდრე სხვა მიმართულებებზე – წელიწადში 1 500 ლარი.

მედია ჯღარკავა გვეუბნება, რომ მათი სტუდენტები უკვე მეორე კურსიდან კლინიკებში ექთნის დამხმარედ საქმდებიან. ვინაიდან კურსის 2/3 პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ხმარდება, სტუდენტები ადვილად ადაპტირდებიან კლინიკებში და სწავლის დასრულების შემდგომ ექთნის პოზიციას იკავებენ, შესაბამისად, დასაქმება არ უჭირთ.

აქვე ამბობს, რომ საექთნო საბაკალავრო პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით  უნივერსიტეტში 2015 წლიდან ავსტრიულ მხარესთან ერთად შემუშავდა და ამოქმედდა საექთნო საქმის (ექთანი) ბაკალავრის ქართულ-ავსტრიული პროგრამა, რომელიც გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს საშუალებას აძლევს, სტაჟირება ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაირონ.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც ჯღარკავა ყურადღებას ამახვილებს, ე.წ. დროებითი ექთნის პრობლემაა. რაც გულისხმობს იმას, რომ მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსის დამთავრების შემდგომ სტუდენტს ექთნად მუშაობის უფლება აქვს, სტუდენტი სწავლობს და პარალელურად კლინიკაში მუშაობს. მას შემდგომ კი, რაც სწავლას ასრულებს, ექთნის სამუშაოს ტოვებს.

„ეს ზოგადი სიტუაციისთვის არის ძალიან ცუდი. როცა სტუდენტი უკვე ექთნის პროფესიას შეისწავლის, ამასობაში ასრულებს მედიცინის ფაკულტეტს, ის მომავალი ექიმია და ტოვებს კლინიკას. ბუნებრივია, ექთნად არ რჩება. ანუ მუდმივად კადრების ცვლაა. ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, განათლებით ექთანმა შესაძლოა ვერ იშოვოს სამსახური, რადგან ის უკვე დაკავებული აქვს სტუდენტს, რომელიც, როცა წავა, დიდი ალბათობით, ისევ სტუდენტით ჩანაცვლდება და არა იმ ექთნით, რომელსაც ეს საქმე აქვს შესწავლილი.

მათი ანაზღაურება კლინიკაში მინიმალურია, მაგრამ სტუდენტი ამაზე თანახმაა. სინამდვილეში ასეთი კადრები უფრო გვჭირდება – პროფესიით ექთნები, რომლებიც პროფესიულად კიდევ უფრო იზრდებიან კლინიკაში და ძირითადი სამუშაო ძალა ხდებიან, რომლებიც სულ წასვლაზე არ ფიქრობს და მისთვის ეს სამუშაო დროებითი პრაქტიკა არ არის“.

ჯღარკავა მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად პირველ ეტაპზე საექთნო საქმის რეგულირება იქნება გამოსავალი.

მედია ჯღარკავა იმ საბჭოს წევრიც იყო, რომელმაც გასულ წელს საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია მოამზადა. ის მიიჩნევს, რომ სტრატეგიით გათვალისწინებული რეგულაციები საექთნო განათლების, უწყვეტი პროფესიული განათლებისა და პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები იქნება იმისათვის, რომ ამ სფეროში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები დროთა განმავლობაში დაიძლიოს.

აღნიშნული სტრატეგია მოიცავს საექთნო საქმის მიმართულებით ისეთი საკითხების რეგულირებას, როგორიცაა: კონკრეტული გეგმა საექთნო საქმის განათლებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით საექთნო საქმის რეგულირების საკითხი და უწყვეტი პროფესიული განათლების ფორმალიზება.

სტრატეგიაზე დაყრდნობით, კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება უწყებაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო შეფერხდა. როგორც უწყებაში გვითხრეს, დოკუმენტზე მუშაობა კვლავ დღის წესრიგში დგას, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, როდის მიიღებს დოკუმენტი დასრულებულ სახეს.

____________________________________________________________

გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.