აშშ აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ წამოწყებულ სამხედრო მოქმედებებს ვაშინგტონი ეხმაურება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ გააუარესებს ყარაბაღში არსებულ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციას და ძირს გამოუთხრის მშვიდობის პერსპექტივას.

„ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციით და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივ დასრულებისკენ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ბლინკენის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი წარსულშიც ცდილობდა აზერბაიჯანის დარწმუნებას, რომ სამხედრო ძალის გამოყენება კონფლიქტის გადასაწყვეტად მიუღებელია და „ეწინააღმდეგება სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის მიღწევის მცდელობებს“.

„ჩვენ მოვუწოდებთ კონფრონტაციის დაუყოვნებლივ დასრულებისა და ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის დიალოგის დაწყებისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბაქოს სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და გაერთიანებული სამეფოს ევროპის საქმეთა მინისტრმაც.

რუსული მედიის ინფორმაციით კი 21 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატშიც იმსჯელებენ.

დღესვე სამხედრო მოქმედებების დაწყებას გამოეხმაურნენ ანკარასა და თეირანშიც. თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა აზერბაიჯანის მხარდაჭერა, თეირანში კი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემენ, თუმცა ემხრობიან კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზას.