აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირებული მხარეების 10 ოქტომბრიდან ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად მოლაპარაკების დაწყებაზე შეთანხმდნენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებული დოკუმენტი 4-პუნქტიანია. გთავაზობთ სრული ტექსტის თარგმანს:

„ვლადიმერ პუტინის მიმართვის პასუხად და რუსეთის პრეზიდენტის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკების თანახმად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ ნაბიჯებზე:

  1. ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნებისთვის, სამხედრო ტყვეებისა და სხვა დაკავებული პირების გასაცვლელად , ასევე დაღუპულთა სხეულების გასაცვლელად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შემწეობით და მისი კრიტერიუმების შესაბამისად.
  2. ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული დეტალები ცალკე შეთანხმდება.
  3. აზერბაიჯანი და სომხეთი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯმდომარეების შუამდგომლობით და კონფლიქტების გადაწყვეტის ბაზისურ პრინციპებზე დაყრდნობით დაიწყებენ არსებით მოლაპარაკებას, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება.
  4. მხარეები ადასტურებენ მოაპარაკების ფორმატის შეუცვლელობას“

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღში დაიწყო. მას შემდეგ რეგიონში საომარი მოქმედებები ამ დრომდე არ შეწყვეტილა. ჯერჯერობით არ ვრცელდება დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ორივე მხარეს ასობით სამხედრო და ათობით მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. ბრძოლაში ჩართულია არტილერია, ჯავშანტექნიკა და უპილოტო საფრენი აპარატები. 12 დღიანი დაპირისპირებისას აზერბაიჯანმა ყარაბაღში თავისი პოზიციების მცირედით გაუმჯობესება შეძლო და გარკვეული დასახლებები თუ სტრატეგიული სიმაღლეები დაიკავა.