აზერბაიჯანი ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას და დაპირისპირებაში სომხეთის ჩათრევას ისახავს მიზნად - ფაშინიანი

პუბლიკა

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირველი კომენტარი გააკეთა.

ფაშინიანმა ყარაბაღში დაწყებულ დაპირისპირებაში სომხეთის მონაწილეობა უარყო და თქვა, რომ აზერბაიჯანის მთავარი მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს სამხედრო დაპირისპირებაში. ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში სომხეთის ჯარი არ იმყოფება.

ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას გეგმავს და სომხეთის პრემიერმა მოუწოდა რუსეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა დაიწყონ მოქმედება. ასევე ველით ნაბიჯებს გაეროს უშიშროების საბჭოსგან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერის თქმით, „უცნაურია“ ის ინფორმაციაც, თითქოს აზერბაიჯანმა რუსეთს წინასწარ აცნობა სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. „ეს, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის პოზიციაა. მაგრამ ფაქტია, რომ მინიმუმ ჩვენ მაინც არაფერი გაგვიგია ჩვენი რუსი პარტნიორებისგან“, – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც დღეს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემდეგ სასწრაფო წესით მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა.

ერევანში დაიწყო საპროტესტო აქციაც. მოქალაქეები სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ამ წუთებში იკრიბებიან. „თქვენ არ გაქვთ ყარაბაღის ჩაბარების მანდატი“ – სომხური მედიის ინფორმაციით, ასეთი შეძახილებით მართავენ საპროტესტო აქციას სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ ერევანში და ხელისუფლებას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სომხეთის დედაქალაქში რუსეთის საელჩოსთანაც. შეკრებილები რუსეთს სომხეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.


აზერბაიჯანმა დღეს განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია.

არცახის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ომბუდსმენის ინფორმაციით აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 2 ადამიანი და 23 დაშავდა. მათ შორის არიან ბავშვები. სომხური მედიის ინფორმაციით, ბაქოს მიერ ყარაბაღის 9-თვიანი ბლოკადის გამო საავადმყოფოებში მედიკამენტების დეფიციტია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, მათი მაღალი სიზუსტის იარაღის სამიზნე მხოლოდ „ლეგიტიმური სამხედროები იქნებიან და არა სამოქალაქო პირები ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რომ ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” მისწრაფების ნაწილია.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებისვე განცხადებით, ამის შესახებ აცნობეს „რუსეთის სამშვიდობო ძალებს რეგიონში და რუსულ-თურქულ სადამკვირვებლო ცენტრს, რომლის მიზანიც 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა”.