აზერბაიჯანის თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა - ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის თავდასხმას 49 ადამიანი ემსხვერპლა,  მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს. ფაშინიანის თქმით, სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა ამ დროისთვის შემცირებულია. სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმა ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში სიტყივთ გამოსვლისას ისაუბრა.

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე მიტანილი იერიშების შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ამ დრომდე არ დასრულებულა.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებმა დილის 9 საათისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რასაც ოფიციალური პირები და სომხური მედია ჯერჯერობით არ ადასტურებს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, არმან ტოროსიანის თქმით, დილის 8 საათისთვის საზღვარზე სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩებოდა და აზერბაიჯანი არ წყვეტდა სომხურ დასახლებებსა და ობიექტებზე იერიშს. ღამის განმავლობაში არტილერიით, ნაღმტყორცნებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით იბომბებოდა სოტკი, ვარდენისი, იშხანასარი, გორისი და კაპანი. ტოროსიანის თქმით, სამხედროსთან ერთად იერიშები მიიტანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც.

ასევე, სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საზღვარზე სხვადასხვა მიმართულებით, აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ.


სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, აზერბაიჯანი მათ წუხელ, 00:05 საათზე დაესხა თავს და გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით გაუხსნა ცეცხლი, არტილერიითა და მსხვილკალიბრიანი იარაღით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ესაუბრა, სომხეთის თავდაცვის მინისტრი კი – რუს კოლეგას. ერევანმა ვითარების განმუხტვისთვის გაეროსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასაც მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი კი დაპირისპირების წამოწყებაში სომხეთს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სომხეთმა „ფართომასშტაბიანი დივერსიული აქტები“ მოაწყო საზღვარზე დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით, აზერბაიჯანული პოზიციები კი ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ.

„აზერბაიჯანის სამხედრო პერსონალში დანაკარგია“, – აცხადებენ ბაქოში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შეშფოთება გამოთქვა არსებული ვითარების, მათ შორის, სომხეთში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო.

„როგორც არაერთხელ განგვიცხადებია, კონფლიქტის გადაჭრა არ შეიძლება სამხედრო გზით… მოგიწოდებთ სამხედრო დაპირისპირების დაყოვნებლივ შეჩერებისკენ“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.