აზერბაიჯანისა და სომხეთის ცნობით, 18 ოქტომბრიდან ყარაბაღში ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება

პუბლიკა

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, 18 ოქტომბრიდან, ადგილობრივი დროით 00:00 საათიდან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლი დროებით შეწყდება. უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით წყდება. 

მათივე თქმით, გადაწყვეტილება  საფრანგეთის, აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების,  ეუთოს მინსკის ჯგუფის მოწოდებების მიხედვით იქნა მიღებული.

დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია,  რომ 17 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, სომხეთმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა აზრებაიჯანის ქალაქ განჯას.  მათი თქმით, გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაშავებულია 40 ადამიანი. აზერბაიჯანი ასევე ავრცელებს ინფორმაციას, სომხეთის არმიის მიერ ქალაქ მინგეჩაურის სარაკეტო დაბომბვის შესახებ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეფანიანის განცხადებით, უწყება უარყოფს ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განჯასა და მინგეჩაურზე სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.