„ბლექ სი პეტროლეუმი“ აცხადებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.
კომპანია წერს, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნედლი ნავთობის მიწოდების დაგეგმილი დივერსიფიკაცია – 2026 წლის 1 ივლისს, ბლექ სი პეტროლიუმმა განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან, კომპანია დაიწყებდა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას.
კომპანიის ინფორმაციით, ყულევის ქარხანა 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთბოს მიიღებს. საერთაშორისო სავაჭრო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე იქნება ძალაში და შესაძლებელია ვადის გახანგრძლივებაც.
„2026 წლის 24 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „ბლექ სი პეტროლიუმი“ მათთან აქტიურ კომუნიკაციაშია და განმარტა, რომ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ კომპანიის მიერ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლების შესაძლებლობისთვის არის განკუთვლი. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ მიზანსა და ვადებთან.
ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, კონსტრუქციულად თანამშრომლობს ევროკომისიასთან და სხვა შესაბამის ინსტიტუტებთან, წარმოადგენს დივერსიფიკაციის გეგმის პროგრესის დამადასტურებელ ცხად და გადამოწმებად მტკიცებულებებს.
კომპანია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპებისადმი – მოქმედებს ყველა მოქმედი კანონისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად, აძლიერებს შიდა მმართველობის და კონტროლის მექანიზმებს, წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.
აღნიშნული ზომების ერთობლიობა გამიზნულია სრულად არარუსულ ნედლეულზე შეუფერხებელი გადასვლის, ქარხნის ოპერირების უწყვეტი და სტაბილური ფუნქციონირებისათვის“, – აღნიშნულია 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა.
კერძოდ, ყულევს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი შეეხო.
ევროკავშირი წერს, რომ ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, ძალაში 6 თვეში შევა.
ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, ანუ რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობენ, სანქციები ამოქმედდება; ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები.
ყულევის ნავთობტერმინალი არის ლოჯისტიკური ჰაბი, რომლის მთავარი დანიშნულება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, რეზერვუარებში შენახვა და ტანკერებში გადატვირთვაა. ის აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და იქ ნედლი ნავთობის ქიმიური გადამუშავება ან საწვავად გარდაქმნა არ ხდება.
ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი სამრეწველო საწარმოა. ის შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტია, ტერმინალის მახლობლად მდებარეობს და მასთან ინფრასტრუქტურულად არის დაკავშირებული ნედლეულის მისაღებად და პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.