ემზადე შინ, იცეკვე შინ... გარეთ გასასვლელად

დავით ბუხრიკიძე

დაახლოებით 30 წლის წინ ბელგიელმა ქორეოგრაფმა და მოცეკვავემ, ანა ტერეზა დე კერსმაკერმა შექმნა საცეკვაო კომპანია Rosas. დღეს ეს კომპანია კლასიკად იქცა და უკვე მოცეკვავეთა მესამე თაობა სხეულის ენით ამბობს ქორეოგრაფის სათქმელს.

ანა ტერეზა დე კეერსმაკერი თანამედროვე ევროპული ქორეოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაა, რომლის ყოველი ახალი წარმოდგენა კრიტიკოსებისა და მედიის ყურადღების ცენტრშია. საკმარისია ითქვას, რომ სწორედ მისი ქორეოგრაფიით დაიდგა ბროდვეიზე ცნობილი მიუზიკლის, „ვესტსაიდური ამბავის“ 2019 წლის ვერსია, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ის დამოუკიდებელი არტისტი და თანამედროვე ცეკვის ავანგარდისტი იყო.

დღეს უნდა გავიხსენოთ 1998 წელს დადგმული მისი პატარა კომპოზიცია – Rosas danst Rosas, რომელიც ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია… რადგან ის მოსაცდელ დარბაზში  (ან, იქნებ, უზარმაზარ ოთახში?) გამოკეტილი და სკამებზე მსხდომი ახალგაზრდა ქალების სხეულებრივ აქტივობასა და გათავისუფლების სურვილს ასახავს.

აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო ვერსია, კამერის აქტივობა და მონტაჟი კიდევ უფრო გვაახლოებს მათ სახეებთან, მოძრაობებსა თუ ჟესტებთან. ამდენად, დაჟინებით და გარკვეული ინტერვალით გამეორებული მათი მოძრაობები სრულიად სხვაგვარ, ახალ და სიმბოლურ დატვირთვას იძენს: მზადება შინ, გარეთ გასასვლელად!

კომპოზიციის ბოლომდე ქალები სკამებზე სხედან, რაც ნიშნავს, რომ მოძრაობის არეალი შეზღუდული აქვთ, ხოლო გამომსახველობითი საშუალებები – უკიდურესად შეკვეცილი. და მაინც, ეს სხეულებრივი ბრძოლის გაფართოების მცდელობა, უხილავი ჯაჭვის გაწყვეტისა და სივრცეში გაჭრის დაუოკებელი სურვილი, რასაც ღია კარისკენ მიმართული ფინალური მზერის რაკურსიც ადასტურებს…

თუმცა სანატრელ სივრცეში გაღწევამდე მათ დიდი ძალისხმევა მართებთ. ჯერ ისევ ოთახში არიან, სკამებზე მსხდომნი ცეკვავენ და დიდი გარღვევისთვის, ანუ  ნანატრი თავისუფლებისთვის ემზადებიან. ჩვენსავით!