კონტენტმენეჯმენტი: აწმყოსა და მომავლის პროფესია

რეკლამა
თამარ ფოლადაშვილი
„რედ ბულ“ საქართველოს მედია-კომუნიკაციების მენეჯერი

გიფიქრიათ, როგორ შეცვალა ინტერნეტმა ჩვენი ცხოვრება?

მისი როლი სოციალურ ევოლუციაში უკეთესად გამოჩნდა COVID-19-ის პანდემიის დროს. თითქმის ყველაფერმა გადმოინაცვლა ინტერნეტში და რაც ონლაინ სივრცის მიღმა დარჩა, გაქრა მომხმარებლის ცნობიერებიდან და, ალბათ, ფინანსურ ზარალსაც ითვლის.

ჩემს საქმიანობაზე გიამბობთ, რომელიც შესანიშნავად ერგება როგორც ჩვენი ჩვეული ცხოვრების რიტმს, ისე “new normal”-ად წოდებულ პოსტკრიზისულ პერიოდს.

კონტენტმენეჯმენტი არსებობდა ინტერნეტამდეც და იარსებებს ყოველთვის, სანამ ადამიანებს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ ერთი არხი მაინც ექნებათ… და რადგან ყველა, თითქმის ყველა, სფერო იყენებს ვებგვერდს ან სოციალურ ქსელს, კონტენტმენეჯმენტი საჭირო პროფესიების სიაში მუდმივად დარჩება.

კონტენტმენეჯმენტი სტრატეგიის გაწერის, ინფორმაციის შექმნის, მიწოდებისა და შედეგის ანალიზის პროცესებს აერთიანებს. ამ ეტაპებს, განურჩევლად ინდუსტრიისა, გადის ყველა, ვინც მომხმარებელს ინტერნეტის რომელიმე არხის მეშვეობით უკავშირდება.

5 რჩევა კონტენტმენეჯერისთვის:

  1. მნიშვნელოვანია, სრულყოფილად ფლობდე გრამატიკას და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, „კალამი გიჭრიდეს“… კოპირაიტინგი ამ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ასევე სასურველია, იცოდე რომელიმე უცხო ენა, რათა გაეცნო სიახლეებს და პრაქტიკაში გამოიყენო ისინი.
  2. სულ ცოტათი მაინც უნდა იცნობდე იმ ინდუსტრიას, რომელშიც მუშაობ, ანუ, ერკვეოდე მარკეტინგში, გაყიდვებში, გრაფიკულ დიზაინში და ა.შ.
  3. სასურველია, გაინტერესებდეს და ადვილად ითვისებდე ისეთ პროგრამებს, რომლებიც შენს სამუშაოს გააადვილებს. ჩემი გამოცდილებით, ყველა CMS-ი (Content Management System) მეტნაკლებად ერთმანეთს ჰგავს, რადგან ყველა პროექტს სჭირდება კალენდრის შედგენა და კამპანიას − შედეგის გაზომვა. ამიტომ, არ შეგეშინდეს აბრევიატურების მიღმა დამალული უსაზღვრო შესაძლებლობების
  4. საჭიროა თვალს ადევნებდე იმას, თუ რა ხდება შენ გარშემო. ხშირი მონიტორინგი და დაკვირვება კარგ წარმოდგენას შეგიქმნის,კონკურენტი ან, თუნდაც არაკონკურენტი ბრენდების საქმიანობაზე
  5. გახსოვდეს, სწორი არხებითა და სწორად შერჩეული კონტენტით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.

ყველა დამსაქმებელს სხვადასხვა მოთხოვნა აქვს, რაც დამოკიდებულია მათ მიზნებსა თუ გუნდის სიდიდეზე. ზოგიერთ მათგანს ვებგვერდზე მხოლოდ პოსტების შექმნა და განთავსება სურს, ზოგს კი, სტრატეგიის შემუშავებიდან, მის შესრულებამდე, მთელი ჯაჭვის გავლის სურვილი აქვს. შესაბამისად, განსხვავებულია ანაზღაურებაც.

სამუშაოს მოცულობა კონტენტმენეჯერს შესაძლებლობას აძლევს, ერთდროულად იმუშაოს სხვადასხვა პროექტზე, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებზე. მრავალფეროვნება და მუდმივი განვითარება ამ პოზიციის ხიბლია.

მეც სწორედ ამან მომიყვანა ამ სფეროში. წერა მიყვარდა, ყოველთვის ვწერდი და დიდ დროს ვატარებდი ინტერნეტში. კონტენტს ვქმნიდი და დღესაც ვქმნი ვებგვერდისთვის, სოციალური არხებისთვის, მობილური აპლიკაციებისთვის. ვმუშაობ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ძალიან დიდიხნის წინ  მიხვდა, რომ „კონტენტი  მეფეა“ და მისი დაგეგმისთვის, შენახვისთვისა და გამოყენებისთვის რამდენიმე პლატფორმაა საჭირო. ამიტომ, სწავლა და ძიება ჩემი საქმიანობის ძირითად ნაწილად იქცა…

3 დაკვირვება კონტენტმენეჯერისგან:

  1. ისეთი მზარდი და განვითარებადი სფერო, როგორიც კონტენტმენეჯმენტია არ ცნობს წესებს და შესაძლოა, ყველაფერი, რაც მოგიყევი, ხვალვე შეიცვალოს
  2. ცხადია, ქართული რეალობა განსხვავდება საერთაშორისოსგან, მაგრამ იქნებ, გვეცადა და დაგვეახლოებინა ის მის სტანდარტებთან?
  3. კარანტინის განმავლობაში მახარებდა შესაძლებლობა, მემუშავა ჩვეულ რეჟიმში. ამ საქმიანობას ხომ მუდმივ მოძრაობაში მოაქვს სტაბილურობა.

COVID-19-ის პერიოდი კარგი ლაკმუსი გამოდგა დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის. ინტერნეტი აღმოჩნდა ის „უსაფრთხო“ ადგილი, სადაც თითქმის ყველა სფერომ განაგრძო საქმიანობა. ამიტომ, მჯერა, კონტენტმენეჯმენტის ცოდნა არათუ ზედმეტი, არამედ აუცილებელიცაა… და ვინ იცი, იქნებ მომავალში სწორედ ეს პროფესია აღმოჩნდეს ის საქმიანობა, რომელიც უამრავ ახალ კარს გაგიღებს.

განავითარე.

არ გაჩერდე!