მაჟორიტარი / რატი ამაღლობელი

რატი ამაღლობელი

 

ძველი, ყვითელი, როგორც ქვითარი

არ შეიცვლება მაჟორიტარი.

 

მუდამ თამადის ბოხი ხმით არი,

ღარიბ სოფლებში დადის მდიდარი.

 

სოფლებს გადათვლის და გამგებელი

შეეგებება მაამებელი.

 

ზის რეესტორანში არჩევნების წინ –

“ერთი მოხარშე, ერთიც შეგვიწვი!”

 

იცვლის მთავრობებს, ენის მიმტანი

თვით არ იცვლება მაჟორიტარი.

 

ფორმა – კვადრატში დიდი ოვალი,

სახე, ლაპლაპა და ცხიმოვანი

 

გაებადრება ლიქნის ტვიფარით,

როცა გაიგებს ეს უტიფარი,

 

რომ მას იმედით “ზემოთ” უცდიან

ხმა მისცეს ახალ კონსტიტუციას,

 

რაც თავისთავად არის მიზეზი,

გაკვაჭოს საცხა რანცხა “ბიზმესი”.

რატი ამაღლობელი. 2017 წ.

 

დააკლიკეთ, გადმოდით პუბლიკის ფეისბუქგვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს