მოდი და იხილე!

დავით ბუხრიკიძე

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს უკვე საიუბილეოდ, მეოცედ მონიშნავს თავის ადგილს საერთაშორისო კინემატოგრაფიულ რუკაზე და კინომანებს საშუალებას მისცემს 1-8 დეკემბერს გამორჩეული, მნიშვნელოვანი, კლასიკური, ვრცელი, მოკლემეტრაჟიანი, საავტორო თუ პროვოკაციული ფილმები ერთმანეთს შეადარონ, შეუხამონ ან სულაც გამიჯნონ. პრინციპში, დარბაზებწართმეულ თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი ერთადერთ პლატფორმად დარჩა, სადაც საავტორო კინო წელიწადში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში ასეთი დიდი დოზითა და კონცენტრაციითაა წარმოდგენილი.

ფესტივალს ჯერ კიდევ მუნჯი ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟი“ (1929) გახსნის, რომელსაც კინოთეატრ „ამირანის“ სცენიდან „ალტერ ორკესტრი“ გაახმოვანებს დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით. სხვათა შორის, ჩვენებას ბრიტანელი კომპოზიტორი და გახმოვანების ავტორი, ნილ ბრენდი დაესწრება, რომელსაც უკვე აქვს საკმაო გამოცდილება „დიადი მუნჯის“ მუსიკალურად ამეტყველებაში.

თავდაპირველად ფილმი ჩაფიქრებული იყო როგორც უხმო, თუმცა პროდიუსერების მოთხოვნით ჰიჩკოკმა ის ნაწილობრივ მაინც გაახმოვანა. „შანტაჟი“ პირველი ბრიტანული ფილმია, რომელსაც ცენზურის მსახვრალი ხელი შეეხო და რეჟისორს რამდენიმე წუთის ამოჭრა მოუწია. 2017 წელს კრიტიკოსების, რეჟისორების, მსახიობების, სცენარისტებისა და პროდიუსერების გამოკითხვის შედეგად, ჟურნალმა Time Out ფილმი „შანტაჟი“ ყველა დროის საუკეთესი ბრიტანული ფილმების ასეულში დაასახელა.

ჰიჩკოკის ფილმი ფესტივალის გახსნისთვის ორგანიზატორებს შემთხვევით არ აურჩევიათ. წელს ფოკუსში სწორედ „ბრიტანული სეზონია“, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება ექნება, როგორც კლასიკური (განსაკუთრებით საინტერესოა 60-იანი წლების „გაბრაზებული თაობის“ რეჟისორთა ნამუშევრები), ისე ბოლო დროის ბრიტანული ფილმები ნახოს.

მაგალითად, კლასიკურ და ოდნავ დაუნდობელ ტონი რიჩარდსონს („მორბენალის მარტოობა გრძელ დისტანციაზე“; 1962) გაურითმოს ახალგაზრდა კენ რასელის მოხულიგნო და ირონიული რომანტიზმი („შეყვარებული ქალები“,1969), ან ჯოზეფ ლოუზის ფსიქოლოგიურობა და დრამატიზმი  („მსახური“, 1963, მთავარ როლში დირკ ბოგარდი). ასევე საინტერესოა უახლესი ბრიტანული კინო – „სატყუარა“ (2019, რეჟისორი მარკ ჯენკინი), „სუვენირი“ (2018, რეჟისორი ჯოანა ჰოგი) და განსაკუთრებით, „სოციოლოგიური კინოს“ კლასიკოსის, 100-ზ მეტი კინოჯილდოსა და პრიზის მფლობელის, კენ ლოუჩის ფილმი „ვწუხვარ, შინ არ დაგხვდით“, რომელიც ერთგვარი რეფლექსიაა 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისზე.

ბრისტოლის კინოფესტივალთან თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის  კინოფესტივალზე ასევე გაიმართება 90-წამიანი ფილმების კონკურსი სახელწოდებით „დეფიქთ“ (DepicT). ამ კონკურსის მიზანი ახალბედა რეჟისორების აღმოჩენაა, რომელთა კრეატიული იდეები, კინემატოგრაფიული ფანტაზია და წარმოსახვის უნარი შესაბამისად აისახება ფილმებში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულები გაემგზავრებიან სწორედ ბრისტოლის კინოფესტივალზე.

2019 წელს კინოფესტივალი მხოლოდ ეროვნულ კონკურსს გამართავს და ამჯერად ტრადიციული ახალგაზრდული ევროპული კინოს საკონკურსო პროგრამა არ ჩატარდება. ამდენად, ქართული კინემატოგრაფი გაცილებით დიდი დოზით იქნება წარმოდგენილი. საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ექვსი ფილმია – უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, დიტო ცინცაძის „ჩაისუნთქე, ამოისუნთქე“, გიგა ლიკლიკაძის „ღორი“, თამარ შავგულიძის „კომეტები“, დიმიტრი მამულიას „ბოროტმოქმედი“ და ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“.

განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით გიგა ლიკლიკაძის აბსურდითა და ბილწსიტვაობით შეზავებულ „ღორს“, რომელსაც უკვე „რეგიონული მასშტაბის ტარანტინოს“ სახელი აქვს და თამარ შავგულიძის „კომეტებს“, რომელმაც შუა ხნის სიმპათიური, ინტელიგენტი ქალების დამარხული ლავსთორი უნდა გაგვაცნოს…

დრამატული მოგონებების, შემოდგომის სიმშვიდისა და ოჯახური კრიზის ფონზე (მთავარ როლებში ნინო კასრაძე და ქეთევან გეგეშიძე). ფილმი წარმატებით უჩვენეს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და იმედია, დიდი ინტერესით მიიღებს ჩვენი მაყურებელიც. ცხადია, ყოველგვარი სუბიექტური ინტერსების მიღმაა უკვე მითოსში გადასული, ცოცხალი კლასიკოსის, ლანა ღოღობერიძის ახლახან დასრულებული ფილმი „ოქროს ძაფი“, რომლის პრემიერაც სწორედ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.

მაყურებელს ასევე დააინტრესებს 18 მოკლემეტრაჟიანი და 7 დოკუმენტური ფილმი, რომელთა ნახვა ფესტივალის დღეებში შეეძლება. თბილისის კინოფესტივალის ასევე სავალდებულო რიტუალია საპატიო „პრომეთეს“ გადაცემა კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. წელს ეს ჯილდო მექსიკელმა სცენარისტმა და რეჟისორმა კარლოს რეიგადასმა და ქართველმა რეჟისორმა, ირაკლი კვირიკაძემ დაიმსახურეს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 8 დეკემბერს, ახლახან გარდაცვლილი მიხეილ კობახიძის მიერ, 1967 წელს გადაღებული შედევრით, „ქორწილით“ დაიხურება.