მოკეტეთ!

ზურა ვარდიაშვილი

დღეს დილით, მაღვიძარას ზარით არც ისე ბოლომდე გამოფხიზლებული, ყავის ჭიქით ხელში, ფანჯრის შეორთქლილ მინებს მიღმა სამყაროს აღქმას რომ ვცდილობდი,  ვფიქრობდი გადამეწყვიტა, ოფისში წავსულიყავი თუ სახლშივე მივჯდომოდი ლეპტოპს, ონლაინ დამეწყო მუშაობა.

ჩვენი სამსახური (ონლაინგამოცემა publika.ge) ერთგვარ ჰიბრიდულ რეჟიმზეა გადასული. თანამშრომლები თავად ირჩევენ – ფიზიკურად იარონ ოფისში თუ დისტანციურად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა. ჩვენ არ გაგვიცია განკარგულება – ან ყველამ იაროს სამსახურში, ან ყველამ იმუშავოს დისტანციურად! არჩევანი ინდივიდუალურად, თანამშრომლებს მივანდეთ და ვფიქრობ ეს მიდგომა, მენეჯმენტის გადმოსახედიდანაც კი, უფრო ამართლებს.

ჩვენი სამსახურის სპეციფიკა ასეთია – ორგანიზაციული ძალისხმევის გაზრდის შედეგად, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ აზარალებს სამუშაო პროცესს.

დროდადრო, მეტ-ნაკლები ინტენსივობით, განსაკუთრებით facebook-ზე, ვაწყდები კატეგორიულ მოთხოვნას ხელისუფლებისადმი: ჩაგვკეტეთ!

სწორედ თქვენ მინდა გკითხოთ:

თქვენი აზრით, რამდენ ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში იმ ტიპის სამუშაო, სადაც უმტკივნეულოდ შეიძლება ფიზიკურიდან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა?

აი, მაგალითად:

ფანჯრიდანვე ვხედავ ავტოსერვისცენტრს, პროფილაქტიკას ანუ. იქ ჩემი მეგობრის მამა მუშაობს. ძრავების შემკეთებელია – მატორისტი, მოკლედ.  ჩემმა პირველმა მანქანამ, რომელსაც მუდმივად ვამტვრევდი, მისი წყალობით იცოცხლა 2 წელს. ბოლოს მანაც ვეღარ უშველა, იმიტომ, რომ მეგობრის მამა  ქრისტე არაა, მატორისტია.

ჰოდა, არ ვიცი, რამდენ თქვენგანს შეუკეთებია მანქანის ძრავი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ონლაინ ეს არ გამოგივათ.

პროფილაქტიკის მეორე მხარეს პატარა საოფისე ფართებია განლაგებული. აქ ჩემი კიდევ ერთი მეგობარი მუშაობს. მისი საქმე ასეთია – მეორად ტელეფონებს და სხვადასხვა ტექნიკურ აქსესუარებს იწერს ამერიკიდან. აქ მცირე მაღაზია აქვს მოწყობილი და ამ ტექნიკას ყიდის. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსმა ძალიან აზარალა, ამბობს, რომ მუშაობა მაინც ღირს. მისგანვე ვიცი, რომ მეორედი ტელეფონების მყიდველებს ურჩევნიათ ფიზიკურად დაათვალიერონ, შეეხონ, შეამოწმონ ტელეფონები, ონლაინგამოწერით ნაკლებად ყიდულობენ.

ამ საოფისე ფართსა და პროფილაქტიკას შორის მცირე ზომის ბაზარია. მე და ჩემი მეუღლე ვყიდულობდით ხოლმე აქ ბოსტნეულს, ქალბატონ ნაირასთან.  მუდმივად ახალი და ხასხასა ბოსტნეული ჰქონდა, მარნეულიდან. ასეთებს ქსელურ სუპერმარკეტში ვერ იყიდი.  ყვავილების მოყვარული იყო და ქოთნის ყვავილების ნერგებს გვჩუქნიდა დროდადრო. ახლა ბაზარში ვეღარ დადის. პირველმა ლოკდაუნმა მისი საქმე გაანადგურა.

თქვენი აზრით, ქალბატონი ნაირა ამაზონზე უნდა დარეგისტრირდეს წიწაკის და პომიდვრის გასაყიდად?

უშუალოდ ჩემი კორპუსის წინ ავტობუსების გაჩერებაა – როდესაც ადრიანად გამღვიძებია, ჯერ რომ ბნელა, ხოლო სუსხი დღითიდღე უფრო და უფრო მეტად უჭერს  – დამინახავს როგორ დგანან მძიმე ჩანთებით ასაკოვანი ქალები და კაცები და #39 ავტობუსს ელიან. ეს ავტობუსი სამგორს გაივლის, სადაც ასევე დიდი ბაზარია. ადამიანები დღიურად რამდენიმე ლარისთვის მიიჩქარიან სამუშაოზე, რათა ლუკმა-პურის თანხა გამოიმუშაონ, წამლები იყიდონ. თუ გაუმართლათ, იქნებ შვილიშვილებს მცირეოდენი ტკბილეულიც მოუტანონ გვიან საღამოს.

ამასობაში ჩემი გამოძახებული ტაქსიც მოვიდა. (მაინც სამსახურში გადავწყვიტე წასვლა. რაღაც დოკუმენტები მქონდა ამოსაბეჭდი და დასასკანერებელი, პრინტერი კი სახლში არ მაქვს). მძღოლი ახალგაზრდაა, პირბადე ლამის თვალებამდე აქვს აწეული, სალონს სადეზინფექციო საშუალებების სუნი უდის. მიყვება, რომ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, და მისთვის ეს ვირუსი საშიშია, მაგრამ მანქანა, თეთრი პრიუსი, დღიურად ჰყავს ნაქირავები, რაშიც ყოველდღიურად 35 ლარს იხდის. ამბობს, რომ 22:00 საათის მერე შეზღუდვამ ძალიან აზარალა, რომ ყოველდღიური გადასახადის გამომუშავებაზეღაა გადასული და თავად აღარაფერი რჩება. მაგრამ სხვა გზა არ აქვს, სახლში მცირეწლოვანი შვილი ელოდება. დღეს დასაქოქი თოჯინა მაქვს დავალებული – ამბობს რეზო და პირბადეც ვერ უმალავს ბედნიერ, მაგრამ ხანმოკლე ღიმილს.

ჩაკეტვის აპოლოგეტებს გთხოვთ, მიპასუხოთ, ოდესმე თქვენი 3 წლის გოგონას დასაქოქი თოჯინა უთხოვია და თქვენ ამის ფული არ გქონიათ?

გზად ერთ-ერთ კლინიკასთან რიგს ვხედავ. რეზო ამბობს, რომ ეს უფასო ტესტირებების რიგია, და ბევრი, სიცხიანი, დასუსტებული, ყელის ტკივილით და სხვა ჩვენებებით,  დილით ძალიან ადრე მოდის რიგში ჩასადგომად, რადგან 100 და 150 ლარი, რომელიც  ფასიანი ტესტებში უნდა გადაიხადონ, უმეტესობას თვიდან თვემდე აქვს თავის სარჩენად და ტესტში ვერ გადაიხდიან.

რეზოს უკვირს – ყველა, ვისაც სრული ლოკდაუნის პირობებში ცხოვრება არ უჭირს, ჩაკეტვა განსაკუთრებულ პრობლემებს არ უქმნის, რატომ არ განიხილავს „თვითლოკდაუნს“? ჩაიკეტოს ვისაც ამის სურვილი და პლიუს რესურსი აქვს, მარკეტში პურზეც ნუ ჩავა, უკონტაქტო კურიერი გამოიძახოს.

აქ მე ხუმრობით შევნიშნავ, რომ სჯობს კურიერს შილიფად ჩაცმული ნუ დაუხვდება. რეზოს არ ეღიმება. როგორც ჩანს, ფეისბუქბაბლის ცოტა ხნის წინანდელ მთავარ სამსჯელო საკითხს მის ყურადმდე არ მიუღწევია – მანქანის ქირის თანხა ჰქონდა მოსაგროვებელი.
________________

საკუთარი მაგალითით თხრობა იმიტომ დავიწყე, რომ ვთქვა  – შორიდან არავის ვანამუსებ. იმის გამოხატვაც მინდა, რომ დიდი ალბათობით მე კიდევ ვერ ვაცნობიერებ სრულად, რა ყოველდღიური ყოფითი ჯოჯოხეთის გადალახვა უწევს ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას, რათა კი არ იცხოვროს, არამედ იარსებოს, გადარჩეს. ჰოდა ჩემსავით ფანჯრებიდან მაინც გაიხედეთ – მერწმუნეთ, დაინახავთ. თქვენი ფანჯრიდან მზესთან ერთად კიდევ ბევრი რამეც სულ სხვანაირად ჩანს.

ახლაც კი, ამ ტექსტის წერის დროს, პარალელურად ფიდს ვსქროლავ და ათეულობით მოწოდებას ვხედავ სრული ლოკდაუნის მოთხოვნით.

ჰოდა,  ყველას, ვინც ასე ხელაღებით ითხოვთ:

– ჩაგვკეტეთ, ჩაგვკეტეთ…

უმორჩილესად  და თავაზიანად მინდა გთხოვოთ:

– მოკეტეთ!