სირცხვილის წელიწადი

ზურა ვარდიაშვილი

როგორც წესი, რედაქციები საახალწლოდ განვლილ წელიწადს აჯამებენ ხოლმე და, თუ ვინმეს 2019-ის დახასიათება მოუნდება, შეუძლია, ბევრი არ იფიქროს – ყველა კრიტერიუმით ეს იყო სირცხვილის წელიწადი. 

რატომ? ჩამოგითვლით:

სირცხვილი ვაჟა გაფრინდაშვილის მიტოვებისთვის, რომლის დამპყრობლის ტყვეობიდან გამოსახსნელად არ გეყოთ არც ნება, არც უნარი, არც პროფესიონალიზმი, არც ერთი ადგილი. 

სირცხვილი იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართეთ არა ამ ღირსებით სავსე კაცის დასაცავად, არამედ მისი ოჯახის წინააღმდეგ ტროლებისა და ბოტების მისასევად, მისი რეპუტაციის შესალახად. 

სირცხვილი ერეკლე კუხიანიძეებისა თუ ნანა კოსტავებისთვის, რომელთაც  ისე იბარტყეს თქვენი წიაღიდან, როგორც სოკოებმა ტყეში ახლად ნაწვიმარზე. რომელთაც შეუძლიათ აგინონ დატყვევებულ გმირს, ან ბოროტად  ნიშნი მოუგონ ტრაგიკულად დაღუპული გოგონას ოჯახს.

სირცხვილი 15 წლის ლუკასთვის, რომელსაც პოლიციელად წოდებული ძაღლები მიუქსიეთ მისი სულის დასაჯიჯგნად.

სირცხვილი  მსოფლიო თანამეგობრობის, ოპონენტების, საკუთარი თანაგუნდელების და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის გადაგდებისთვის. და ამისთვის იმგვარი სპექტაკლის დადგმისთვის, რომლისაც არავის სჯერა, უფრო მეტიც, იმისიც არავის სჯერა, რომ ეს ვინმეს სჯერა. არც თქვენ, რასაკვირველია. 

სირცხვილი ტელეკომპანია “იმედისთვის”, “საზოგადოებრივი მოუწყობლობისთვის”, “რუსთავი 2-ისთვის” – დვალისა და აქიმიძისთვის საფირმო ტრიუკის, გადაგდების ჩატარებისთვის.

სირცხვილი გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო ატეხილი ისტერიკისთვის, საელჩოების მისამართებზე წერილების დაგზავნისთვის – დაეგმოთ პუტინის მაგინებელი ჟურნალისტი. 

სირცხვილი გავრილოვისთვის, მისი ღამისთვის, მისი პატიმრებისთვის. სამოქალაქო აქტივისტებით იზოლატორების გამოვსებისთვის. 

სირცხვილი დათხრილი თვალებისთვის და ამაში  დამნაშავის არათუ დასჯის, არამედ დაწინაურებისთვის. 

სირცხვილი საპარლამენტო სესიებისთვის, რომელზე დასასწრებადაც ხალხის რჩეულნი ხალხის დარბევის გარეშე ვეღარ შედიხართ. 

სირცხვილი მანამდელი სხვა სესიებისთვისაც, მაგალითად, იმ სასწრაფო სხდომისთვის, რომელზეც საპატრიარქოსთვის რომ გესიამოვნებინათ, ისედაც უქმე დღე, 12 მაისი, უქმე დღედ გამოაცხადეთ, რომელიც წელს ისედაც კვირა დღეს დაემთხვა.

სირცხვილი ანბანში ასობგერა G-ის აღნიშვნისთვის. მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელების, მეეზოვეების, მეხანძრეების, საჯარო მოსამსახურეების, ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის, წვალებისთვის. სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ კრიმინალური ელემენტების მობილიზებისთვის. 

სირცხვილი უდიპლომო თადუმაძისთვის, დიპლომიანი მურუსიძისთვის და კიდევ რაღაცაგვარი მოსამართლეებისთვის, რომელთა სახელებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი განუხრელად და წარბშეუტოკებლად  მსახურებენ ყველა ხელისუფლებას, ყველა მბრძანებელს. 

სირცხვილი ყურის წაყრუებისთვის და თვალის დახუჭვისთვის შახტებში აფეთქებული, მშენებლობებიდან  ჩამოცვენილი, თხრილებში ჩამარხული ბავშვებისთვის თუ უფროსებისთვის.

სირცხვილი ერთი კაცის  უსიტყვო მორჩილებისათვის. ძალუფლების იმგვარი მონოპოლიზებისთვის, რომ ჯარისკაცებისა და პოლიციელების ჯანდაცვის პაკეტებზე შესაბამისი უწყებები მემორანდუმს თუ გააფორმებენ, ამისთვის დოკუმენტს ხელი უნდა მოაწერონ: ბიძინა ივანიშვილის ცოლის კბილის ექიმმა, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსმა და ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენის შემსყიდველმა.

სირცხვილი იმ ერთადერთი ფაბრიკისთვის, რომელიც თქვენს აღმშენებლობის ისტორიას შემორჩება – ტროლებისა და ბოტების, რომლებიც ამ ლინკის ქვეშაც მოგროვდებიან როგორც ბუზები იმ სუნზე, პარლამენტში რომ იდგა ამას წინათ. 

სირცხვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის. მისი აღსაყდრებისთვის, მისი შეწყალებებისთვის, მისი შეუწყალობებისთვის, მისი ირანული მამლებისთვისა და რუსული ჭაღებისთვის. 

სირცხვილი  მოძალადეებისა და შემვიწროებლების დაცვისთვის, ლოლიავისთვის, წახალისებისთვის. 

სირცხვილი  რამზანის რუსეთისთვის გადაცემისთვის და იუსტიციის მინისტრის განმარტებისთვის – რუსები დაგვპირდდნენ, არ ვაწამებთ პატიმარსო. სირცხვილი ზელიმხანის მოკვლაზე დემონსტრაციული დუმილისთვის. სირცხვილი მაჩალიკაშვილის კარავში გატარებული წლებისათვის. სირცხვილი ჰესის ასაშენებლად ხეობაში სპეცრაზმებით შეჭრისთვის, საიდანაც მერე პანკისელმა ბებოებმა გამოგყარეს ქვის სროლით.

სირცხვილი  იმისთვის, რომ რუსეთთან ომის 11 წლისთავი მიეძღვნა არა სამშობლოსთვის თავდადებული გმირებისადმი პატივის მიგებას, ქვეყნის ერთსულოვნების, ერთ მუშტად შეკვრის ხელშეწყობას, ოკუპაციის დაგმობას, არამედ ამ ომის საკუთარი ქვეყნისთვის დაბრალებას, მერკანტილური პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას.

სირცხვილი სიძულვილის ჯგუფების არნახული წახალისებისთვის, მათთან მოკავშირეობისთვის, ურთიერთხელპირის ბანვისთვის.

სირცხვილი ზვიად რატიანისთვის, მისი ცემისთვის, დამცირებისთვის  დევნისთვის, ბნელეთის მოციქულთა სამიზნედ ქცევისთვის.

სირცხვილი კიდევ ბევრი რამისთვის, რომელთა ჩამოთვლითაც ისე შორს წავალთ, როგორც ბატონი ბიძინა ანალიზში შესვლისას.

და ბოლოს, სირცხვილი იმ “საზეიმო ღონისძიებებისთვის”, მრავალმილიონიანი ზიზილ-პიპილოებისთვის და უნიჭო ტაშფანდურისთვის, ახალ წელს რომ გამართავთ. გამართავთ მიუხედავად ყველაფრისა.