„უცხო ქვეყნის აგენტები” საქართველოს უახლესი ისტორიიდან

მიხეილ ჯავახიშვილი – დახვრიტეს 1937 წლის 30 სექტემბერს.

1937 წლის 26 ივლისს, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. 

ტიციან ტაბიძე – დახვრიტეს 1937 წლის 15 დეკემბერს.

ბრალდების მიხედვით ტი­ცი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფა­შის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ეწე­ო­და მავ­ნებ­ლურ მუ­შა­ო­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რის ფრონტზე. რომ ჰქონ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი კავ­ში­რი ტროც­კის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ ჯა­შუ­შობ­და საფ­რან­გე­თის სა­სარ­გებ­ლოდ.

სანდრო ახმეტელი – დახვრიტეს 1937 წლის 29 ივნისს.

სანდრო ახმეტელი საბჭოთა რეჟიმმა დაადანაშაულა ინგლისის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ამასთანავე, მას ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად.

ევგენი მიქელაძე – დახვრიტეს 1937 წლის 22 დეკემბერს.

ევგენი მიქელაძეს ბრალი დასდეს კონტრრევოლუციური ჯაშუშური ორგანიზაციის წევრობაში. დახვრეტამდე იყო უსასტიკესი წამების მსხვერპლი. დააპატიმრეს და გადაასახლეს მისი მეუღლეც. 

პაოლო იაშვილი – 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის კიბეებზე თავი მოიკლა.

პაოლო იაშვილმა დაასწრო დაპატიმრებას. იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა მუდმივმა დევნამ და ბრალდებებმა, რომ იგი იყო დივერსანტი, ხალხის მტერი, ჯაშუში. 

სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. დღეს წერა-კითხვის მცოდნე ყველა მოქალაქემ იცის, როგორ გაანადგურა საბჭოთა რუსეთის იმპერიამ ქართული ინტელექტუალური ელიტა. საბაბი, როგორც წესი, იყო ერთი – ჯაშუშობა, დივერსანტობა, უცხო ქვეყნის აგენტობა…

ასევე ყველამ ვიცით, რომ რუსული ტერორი არ ჩერდებოდა მხოლოდ მსხვერპლის მოკვლაზე. წლების განმავლობაში გრძელდებოდა დახვრეტილთა ოჯახის წევრების გადასახლება,  გარიყვა, ხალხის მტრის და ჯაშუშის იარლიყის მიწებება და მათი ისედაც ჯოჯოხეთური ცხოვრების უარეს ჯოჯოხეთად ქცევა.

ცხადია, ამ ბლოგით იმის თქმა არ მინდა, რომ მე ან ვინმე  მიხეილ ჯავახიშვილს თუ სანდრო ახმეტელს ვედრებით, უბრალოდ მინდა  თვალსაჩინო იყოს, ვინ რომელ მხარეს დაიკავებს,, როდესაც კუდიანებზე ნადირობა დაიწყება.

ხარ ტიციანის მხარეს? თუ ბერიას მხარე გირჩევნია?

ხარ ჯავახიშვილის მხარეს? – თუ შინსახკომის ჯალათებს თანაუგრძნობ?

გჯერა, რომ სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვასთან თანამშრომლობდა? – თუ იცი, რომ ამგვარად რუსული საბჭოთა დიქტატურა ქართულ ლიტერატურას, ხელოვნებას, ეროვნულ იდეებს, წინააღმდეგობას ანადგურებდა?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ ედრება ევგენი მიქელაძეს და პაოლო იაშვილს. ასევე, ცხადია, არც თანამედროვე რუსული კანონის ავტორებს მიუღწევიათ საბჭოთა ჯალათების მასშტაბებამდე, მაგრამ იდეა, განზრახვა, სურვილი აბსოლუტურად იდენტურია – თავისუფლების ჩახშობა, რუსული ტიპის დიქტატის დამყარება და გაძლიერება.

კანონი, რომლის გატანასაც ხელისუფლება ცდილობს, არის რუსული. მოსახლეობის თვალის ასახვევად რომელი ენიდანაც არ უნდა თარგმნონ სხვადასხვა მუხლი, მისი იდეა არის რუსული, მისი მიზანი არის რუსული და შედეგები იქნება რუსული. 

უბრალოდ არჩევანი უნდა გააკეთო!