27 მაისი
მთელი დღეა წვიმს. დროდადრო განგაშის სირენები ირთვება. ველოდებით ზარებს, მაგრამ გაბრიელ გარსია მარკესის არ იყოს – „პოლკოვნიკს არავინ წერს…“ გადავწყვიტე დრო მეხელთა და დამეწერა… შიგადაშიგ ძიაძია ვალერა მე და გოგა თითო ჭიქას ვურტყამთ… ტელევიზორი 24 საათი ჩართულია და ინფორმაციას ვუსმენთ. გადაცემა, რა თქმა უნდა, უკრაინულ ენაზეა.
გალიჩინური უკრაინულისგან განსხვავებით, რომელზეც ლვოვში ლაპარაკობენ, კიევური უკრაინულის ნახევარი მაინც მესმის, ყოველ შემთხვევაში აზრი გამომაქვს. ლვოვში ამბობენ რომ „ზა კარპატიეს“, ანუ კარპატებს გადაღმა, უჟგოროდის ოლქის უკრაინული, თავადაც ცუდად ესმით. უჟგოროდში, ისევე როგორც მოსაზღვრე სლოვაკეთის კოშიცეში, ძირითადად უნგრელები ცხოვრობენ და ბევრი, უნგრული, პოლონური და გერმანული სიტყვები აქვთ შერეული, თვითონ კარპატებში კი გუცულები ცხოვრობენ, რომლებსაც ჩვენი მთიელების მსგავსად, საკუთარი ეთნომენტალიტეტი, დიალექტი და ძალიან საინტერესო ყოფა და წეს–ჩვეულებები აქვთ…
სხვათა შორის იტალიაში ყოფნისასაც მითხრეს, 2018 წელს, როდესაც „ქალაქი თოვლში“-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია იყო (გამომცემლობა „Stillo editrice“) ჯერ ტორინოში, მაისის თვეში, შემდეგ კი ოქტომბერში, ბარის მე-13 საუკუნეში დაარსებულ უნივერსიტეტში, რომ ტოსკანური დიალექტის გარდა, რომელმაც გენიალური დანტე ალიგიერის წყალობით დაუდო სათავე ლიტერატურულ იტალიურს, იმდენი კილო–კავი გვაქვს, ყოველ 30-50 კილომეტრში ერთმანეთის არ გვესმისო… და აქ, რა თქმა უნდა, არ ითვლება, სიცილიური და სარდინიული დიალექტები, რომლებიც კიდევ სულ სხვა ამბავია…
თუმცა, რუსეთის იმპერიამ მოახერხა ის რომ, მის საშინელებაზე, სიმხეცეზე და სამხედრო დანაშაულებზე კაცობრიობის წინაშე, ყველა მის მოსაზღვრე ენაზე, დიალექტზე და კილო–კავზე ჰყვებიან, ფინურად, ლიტვურად, ლატვიურად, ესტონურად, პოლონურად, ჩეხურად, უნგრულად, აფხაზურად, ქართულად, ჩეჩენ–ინგუშურად და ავღანეთის ყველა ენაზე ტაჯიკურით და უზბეკურით დაწყებული, ხაზარულით და პუშტუნურით დამთავრებული… რა, რა და აი ეს მოახერხა ამ უზარმაზარმა იმპერიამ, რომ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში, ერთხმად და სხვადასხვა ენებზე სწყევლიან და აგინებენ…
თავად რუსეთი კი ყველა ჯურის ნაძირალისა და ავანტიურისტისთვის, კარიერის გაკეთების და ბინძური ქონების დაგროვების ასპარეზად იქცა. მთავარია, ყველანაირ ღირსებაზე და სინდის–ნამუსზე ხელი აიღო და ყველაფერი იკადრო: – გადაიარო საქართველოში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ბესლანში და ახლა კი უკრაინაში დაღვრილი ბავშვების სისხლზე და „კარგად იცხოვრებ“ – მთავარია, აქო და ადიდო პუტინი… მოიტყუო, მოიტყუო, მოიტყუო…
ვერავინ დამაჯერებს, რომ ისეთ უპრინციპო ავანტიურისტებს, როგორებიც არიან: ვლადიმერ სოლოვიოვი, თინა კანდელაკი, საოცარი ოჯახური წყვილი: – მარგარიტა სიმონიანი და ტიგრან კეოსაიანი, იოსებ კერმანი, რამზან კადიროვი და ამდენი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ბიოგრაფიის, ბეგრაუნდის, განათლების, მისწრაფებების და ინტელექტუალური შესაძლებლობების ადამიანებს, არა მარტო უყვართ რუსეთი, არამედ ოდნავ მაინც აინტერესებდეთ ამ ქვეყნის ბედ–იღბალი…
აი, ხომ არიან ეგეთი გიჟები – იგივე ჰიტლერი და სტალინი, რომლებიც გაგიჟდნენ, გადაწყვიტეს რაღაცის აშენება და ააშენეს ჯოჯოხეთი, რომელიც მათვე დაემხოთ თავზე. არა, ესენი იაფფასიანი შარლატანები და ვაჭრუკანები არიან, რომლებმაც ამ უბედური და ცოდვილი ქვეყნის კატასტროფაზე და დეგრადაციაზე, მაყუთის კეთება დაიწყეს და ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ და უყვართ ეს მამონაა!.. ნებისმიერი სისხლის, ნებისმიერი ცოდვის ფასად და რუსეთი, როგორც არცერთი ქვეყანა მსოფლიოში, აძლევთ ამის შანსს, საშუალებას, რომ ასე იაფად, იაფფასიანი ლიქნის და ნაძირალობის ხარჯზე გამდიდრდნენ, „თავი დაიმკვიდრონ“ და, ე.წ. „ფეისებად“, ანუ პერსონებად იქცნენ თორემ ხომ გასაგებია, რომ სხვანაირად, სხვა შემთხვევაში ვერც მარგარიტა სიმონიანი და ვერც თინა კანდელაკი გასცდებოდნენ საუნის პუტანკების სტატუსს და ვერც რამზან კადიროვი – ორღობის სულელისას. სხვებზე აღარაფერს ვამბობ…
სულ მახსენდება ცნობილი რუსი ნობელიანტი მწერლის, ივან ბუნინის დღიურები – „ოკაიანნიე დნი“ – „წყეული დღეები“ – რომელიც 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციას ეძღვნება. სხვათა შორის თავადაც ხმალამოღებული ებრძოდა ბოლშევიზმს და იძულებული გახდა დამარცხებულ თეთრგვარდიელებს გაჰყოლოდა ემიგრაციაში. ამ დღიურებში პირდაპირი მნიშვნელობით არა მარტო ბოლშევიკებს – ლენინს, ტროცკის, ზინოვიევს და კამენევს უტრიალებდა დედის ტრაკს – (სხვათა შორის არსად არ ჰყავს ნახსენები სტალინი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ როგორც ჩანს, ჩვენი თანამემამულე და რუსეთის მომავალი ტირანი ჯერ არ გახლდათ იმ მასშტაბის ფიგურა)… არამედ მთელ რუსულ ინტელიგენციას, დაწყებული ლუნაჩარსკითა და გორკით, საწყალი ბლოკითა და ბრიუსოვით დამთავრებული… ამავე დღიურებში ივან ბუნინს აქვს ერთი ფრაზა, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა და განსაკუთრებით ხშირად მახსენდება აქ უკრაინაში… ემიგრაციაში წასვლის დღეებში წერდა: – „წარმოდგენაც კი მზარავს ჩვენი წასვლის შემდეგ ვის ვუტოვებთ ამ ქვეყანას და რა ეშველება რუსეთს, რად გადიქცევა ის, რა მომავალი ექნება ორი სამი თაობის შემდეგ, ამ პირუტყვების, ბიდლოებისა და ამაზრზენი ბრბოს შთამომავლობის ხელშიო…“.
და აი, მოვიდა, ეს „მეორე და მესამე“ თაობაც და მიიღეს ის, რაც მიიღეს… უბრალოდ ტყვედ ჩავარდნილი რუსებისა და მათი ოჯახების საუბრების ჩანაწერების მოსმენაც კი შემაძრწუნებელია და ბუნინის წინასწარმეტყველება სიტყვა–სიტყვით ახდა…
13 და 14 მაისს უკვე ვწერდი კიევის რუსულენოვანი ინტელიგენციის ტრაგიკულ ბედზე, იგივე ვალერი სერგეევი, დიმიტრი დოლგოვი, რომლებიც მთელი ცხოვრება რუსულენოვანი კულტურის ნაწილად თვლიდნენ თავს და მათ თვალწინ ეს მათი, ე.წ. „რუსულენოვანი კულტურა“ პირდაპირი მნიშვნელობით, წერა–კითხვის უცოდინარ, აჯაჯულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილ დაუბანელ და წვერიან კანიბალების და ზომბების ბრბოდ ექცათ… სწორედ ამას წინასწარმეტყველებდა და განიცდიდა ივან ბუნინიც, რომელიც თავისი პოლონური ფესვების მიუხედავად (შლიახტი ბუნინოვსკების შთამომავალი იყო), ვისაც წაუკითხავს მისი ნაწარმოებები – თუნდაც „ანტონოვსკიე იაბლოკი“ ან „მიწინა ლიუბოვ“ აუცილებლად ემახსოვრება, როგორ გრძნობდა და როგორ გიჟდებოდა თავის რუსეთზე… იმ „თავის რუსეთზე“, რომელსაც სალეწი მანქანით გადაუარეს და ჯერ რაღაც „საბჭოთა კავშირად“ აქციეს ბოლშევიკებმა, მას შემდეგ კი, რაც ასე 70 წელში ხელში შემოეფშვნათ ეს „საიუზი,“ ახლა ელცინმა და ამ მართლა ვიღაც „დენშჩიკმა“ პუტინმა, საერთოდ ჩრდილოეთ კორეად დაარესტარტეს…
სიმართლე გითხრათ, მე პირადად ისე ამომივიდნენ ყელში ჩემს საყვარელ პოეტებს და მწერლებსაც კი – ტოლსტოი, ცეხოვი, ბუნინი, ესენინი, ბულგაკოვი, შალამოვი, დოვლატოვი, შუკშინი, ვისოცკისაც ვეღარ თანავუგრძნობ. ჩემმა საქართველომ და ჩემმა წინაპრებმა რაღა დააშავეს?.. ჩემმა აფხაზეთმა და ცხინვალმა რაღა დააშავა?.. თუ ვინმე მაგათზე ნაკლები გვყავდა, თუ მაგათზე ნაკლები ვართ რამეში?.. ყველა იმას იღებს, რაც დაიმსახურა, ჩვენ ხომ მივიღეთ ძალიან მწარედ ჩვენი შეცდომების, სისულელეების გამო?.. ხოდა რუსეთიც ათმაგად მიიღებს თავისი გაათმაგებული ბოროტების და იდიოტიზმის სანაცვლოდ. გიორგი XI-ის კარის მწერლისა და თანამებრძოლისა არ იყოს: – „კაცს, (ერს, სახელმწიფოს) თავისი ცოდვებისთვის რა ღმერთი გაუწყრება, პირველად გონებას წაართმევსო…“. მართალია, ცხონებული სეხნია ჩხეიძე ირანის ჭკუასუსტ შაჰს, ანუ როგორც ქართველობა იხსენიებდა „სპარსეთის ყაენს“ გულისხმობდა, რომელსაც რამსები ჰქონდა არეული და დღეში 10-ჯერ ცვლიდა საკუთარ ბრძანებებს, მაგრამ მგონი პუტინზე და ყველა საკუთარ სისხლში, ნაგავში და სისულელეებში ჩამხვრჩალ მომაკვდავ იმპერიაზე წავა…
გოგამ აშკარად მოიწყინა. ჯერ იყო და არა და არ გაუარა ყელის ტკივილმა, თან იმაზე დარდობდა შენ კი წერ, მაგრამ მე კადრები ვერ ავკრიფეო. არადა, სულო ცოდვილო მე კიდევ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც არც კადრების დარდი არ ჰქონდა. საქართველოში წამოსვლის წინ კი ვღადაობდით ბიჭები – „ჭყონი, თუ უკრაინაში დაგბრიდეს პოლტავაში დავით გურამიშვილის გვერდით დაგმარხავთო…“, მაგრამ თანდათან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მართლა სიკვდილს ეძებს… დაიწყებოდა განგაში, დაბომბვა და უბედურება, გაუბრწყინდებოდა თვალები და ლამის ჭურვებისთვის შეეშვირა თავი. გადაივლიდა საფრთხე და ისევ მოიწყენდა და ჩამოუშვებდა იმ გურულ ცხვირს… დნეპრში და ზაპოროჟიეში ნაკლებად და აქ კიევში უკვე ძალიან შეეტყო – რაც უფრო მეტი დრო გადიოდა და ჩვენი უკან დაბრუნების დღე ახლოვდებოდა, მით უფრო ცუდ ხასიათზე დგებოდა. ამ წვიმაში ვეღარც კიევი მოვიწანწალეთ და გადი–გამოდიოდა ეზოში მოღუშული და სიგარეტს–სიგარეტზე ეწეოდა…
–ე ბიჭო რა იყო? – ვუთხარი, – შემოვედით ხო, 2 000 კილომეტრი გავიარეთ და გამოვიარეთ უკან… კიდევ ორი კვირა უნდა ვიყოთ აქ… და საზღვრიდან რომ გავებრუნებინეთ, ან ლვოვში, კომენდანტის საათის დროს შიგ ბლოკ–პოსტზე რომ შევატასავეთ, რომ ავეყვანეთ და ჩავეყუდებინეთ, ან დეპორტი მოერტყათ და უკან გავებუნძულებინეთ, მერე რას იტყოდი?… ვაა ტოო, აუცილებელია აქ ჩავიხოცოთ, თან გინდა თუ არა?.. თან პოლტავამდე და დავით გურამიშვილის საფლავამდეც კაი შორია ჯერ… აგე ბიჭები რეკავენ, დროზე ჩამოდით, ჩვენც როდის შემოგვივარდებიან ეს მონგოლოიდები, კაცმა არ იცისო… თუ არადა, ვზადნავთ?… უკან ვიხევთ?.. გაჩნდა რამე საქმე და არ მივდივართ?.. კიდევ ორი კვირა გვაქვს, გაიჩითება რაიმე სერიოზული პონტი და კიდევაც დავრჩეთ, ვიდრე საჭირო იქნება, იმ 11 ივნისზე და „ვიზაირის“ ბილეთებზე ჯვარი ხო არ გვაქვს დაწერილი?..
– არაო – ჭყონიამ ყელი მტკივა, გამტანჯა და იმიტომ მაქვს ეგეთი სიფათიო… მარა შანსი არაა, არ არის იმის ჩიტი, უბრალოდ ყელის ტკივილის გამო ცუდ ხასიათზე დამდგარიყო…
ძიაძია ვალერაც დაბრუნდა თევზაობიდან, იქვე სახლთან, მდინარე დნეპრის ნაპირიდან ახლომახლო, ერთი პატარა ტბა იყო და იქ უყვარდა ძაიძია ვალერას ჩამოჯდომა და დასვენება ანკესით ხელში… ძირითადად წვრილ თევზს იჭერდა და იმათაც უკან უშვებდა. თუმცა ამტკიცებდა შიგადაშიგ კაი ბარაქიანი „შჩუკებიც“ მოჰყვება ხოლმეო, მაგრამ ჩემს იქ ყოფნაში არ მინახავს, რაც მართალია, მართალია…
– დიმა დოლგოვმა დარეკა გოგა, ხვალ შენს პატივსაცემად ჩვენი კიეველი მეგობრები ბარდების გრანდიოზულ საღამოს აწყობენ, აქვე ჩვენი მეგობრების აგარაკზე… ვინც კიევში საინტერესო პოეტი და მომღერალია, ყველა იქ იქნება… კინაღამ დავახეთქე ვადიმა ჩათლახმაც მოაწყო კიდევ უფრო გრანდიოზული კონცერტი დნეპრის მეტრო „ვაგზალნაიაში“ და იქაც უნდა გვემღერა–მეთქი მარა დროზე მოვკეტე, გოგა ძლივს ცოტა მოხასიათდა და ახლა ჩემი უადგილო ანგლობის დრო არ იყო.
– ეს ისეთი ამბავია უნდა აღვნიშნოთ, წამო, ჭყონი, სანამ კომენდანტის საათი დაწყებულა, სასმელ–საჭმელი მოვიმარაგოთ, ხვალ ხელცარიელები ხომ არ მივალთ, კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს: – „ვინძლო პურადძვირობა არ დაგვწამონ ქართველთ, ხახოლებმა მეთქი..“. ისე, ვისი ფანტასტიური მოგონებებია აღარ მახსოვს, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად რომ იყო 1930 იანი წლების დასაწყისში კიევში, ლიტერატურულ ფესტივალზე მიწვეული. ერთ საღამოს ყავის ჭიქები არ მოსწონებია: – „აჰ ასეთი უშნო ჭიქებით ყავას როგორ გეახლებითო“ და გაბრაზებულს პროტესტის ნიშნად მშიერს დაუძინია… ნეტაი, ამ მწერლებს და პოეტებს აეგრე არ აჟრიალებდეთ ადამ და ევადან მოყოლებული დღემდე რაა… უშნო ყავის ჭიქები არა ისა… წამო ჭყონი და ჩვენთვისაც კილოიანი კონიაკი ავაგდოთ (კილო კონიაკი არაყი და ა. შ. ჩვენი უბნის ტერმინია – „ციყვების“ და როგორც მიხვდით ლიტრიან ბოთლს ნიშნავს) და ამ საღამოსვე ბდღვირი გავადინოთ–მეთქი…
ძიაძია ვალერამ მადლიერი თვალებით შემომხედა, ანკესი იქვე მიაყუდა და სახლში შევიდა, თავის ცოლ ტანეჩკასთან, კაი ხელჩართული და უკრაინულ–ხალხური ჩხუბის მოსაწყობად, რომ ამ საღამოს მოეგერიებინა…
ჭყონიამაც არანაკლებ გაიხარა და ისე გაუბრწყინდა თვალები, თითქოს აი ახლა დაგვიშვებენ „გრადის“ ზალპურ ცეცხლს, პრიამოი ნავოდკოიო“…
მივდიოდით კიევში, მდინარე დნეპრის პირას, „სლავუტიჩის“ უბანში, კარგა მაგრად გვაწვიმდა, შორიდან ისმოდა ერთმანეთში გადარეული გრუხუნი და გუგუნი, ვერც გაიგებდი ჭექა–ქუხილი იყო თუ დაბომბვა და სიმართლე გითხრათ, აღარც ვარჩევდით და სუც მარცხენა ბეჭზე გვეხატა… მივდიოდით კიევში ორ თბილისელი ავანტიურისტი ჩვენი ბედი, ყისმათი, ფარტი და სიცოცხლე კონიაკით სავსე დიდი ბოთლისთვის მიგვენდო…
იმ ღამეს ისეთი შეუბერეს ორი გიტარით, ძიაძია ვალერამ და ჭყონიამ – ერთი მგონი შვიდსიმიანი იყო, რომ აბა რავი ხვალ უფრო მაგარი რაღა უნდა მამხდარიყო და ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…
დიდხანს გვირბინა ტანეჩკამ გარშემო, ხვალინდელი წვეულებისთვისაც შემოინახეთო, მაგრამ ისეთი ხოშიანი წვიმა იყო, ამ ომიან კიევში რომ არ გავტყდით და არ დავიშალეთ… ჩაიქნია ხელი ტანეჩკამ და დასაძინებლად წავიდა…
ტანეჩკა დასაძინებლად წავიდაო… და აბა მერე ვკარით ქუდი ჭერს.
ძლივს, თავისთვის, სადღაც საცოდავად ღნაოდა საჰაერო განგაშის ხმა…