ბოლქვაძე მუზეუმიდან გათავისუფლებულებზე: „პროგრესი ვერ ხდება რეფორმების გარეშე“

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ „ევრონიუსთან“ განაცხადა, რომ პროგრესი რეფორმის გარეშე ვერ ხდება.

ელისო ბოლქვაძემ ამის შესახებ მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტზე საპასუხოდ განაცხადა. ის ასევე ამბობს, რომ კულტურის კომიტეტი ვერაფერში ჩაერევა.

„მივესალმები ყველა პროგრესულ იდეას და პროგრესი ვერ ხდება, სამწუხაროდ, რეფორმის გარეშე, ეს არის ნორმალური პროცესი და არ არის მიმართული პირადული ან რაიმე ისეთი პროცესების მიმართ, რომელიც არის მართული, მიზანდასახული, წინასწარ და ა.შ.

ეს არის ალბათ მინისტრის პრეროგატივა, რომელიც გაეცნო სიტუაციას, რომელმაც შეაფასა გარკვეული სფეროები და ამის მიხედვით ის იღებს გადაწყვეტილებას.

საკადრო ცვლილებებში ნამდვილად კულტურის კომიტეტის არჩარევა-ვერჩარევა … და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია საერთოდ ამის განხილვა. თუკი ამა თუ იმ ადამიანს აქვს გარკვეული პრეტენზია, რომელიც არის სწორი ან არასწორი ან მათ მიაჩნიათ ასე, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს კულტურის სამინისტროსთან, მის ადმინისტრაციასა და ამის შემდეგ ხდება სასამართლო პროცესები, რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავერევით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ „ევრონიუსთან“.