ჩნდება სერიოზული შეკითხვები სანქციების შესაძლო თავიდან აცილებაზე - ევროპარლამენტარი ჩანაწერზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი twitter-ზე აზიარებს ინფორმაციას „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბრის სავარაუდო ჩანაწერზე. ევროპარლამენტარი წერს, რომ: 

„თუ ეს სიმართლეა და იმ ქვეყნების პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან, საქმეს იჭერენ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირებთან, ჩნდება სერიოზული შეკითხვები სანქციების შესაძლო თავიდან აცილების და ასევე მათი ქვეყნების ევროპული მომავლისადმი ერთგულების შესახებ”, – წერს მირიამ ლექსმანი.


25 აპრილს მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი რუს სანქცირებულ ოლიგარქ ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება. ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არაა. ჩანაწერების მიხედვით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსულია მისი წარმომადგენელი და სთხოვს, რომ მას შეხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

დღეს რუსმა ოლიგარქმა ვლადიმერ ევტუშენკოვმა საქართველოში მისი წარმომადგენლის ალი უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა.

საქართველოს ხელისუფლება უზდენოვის პრემიერთან შეხვედრას უარყოფს, ევტუშენკოვმა კი „ფორმულასთან“ თქვა, რომ მას ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და უზდენოვის ვიზიტსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.