„ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში“ - პრემიერმა კატარის ფორუმზე სანქციებზე პოზიცია განმარტა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის ომის ფონზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

თავდაპირველად პრემიერმა განაცხადა, რომ 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა, მსოფლიოს ადეკვატური რეაქცია არ ჰქონდა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ამ დრომდე რუსულ ჯართან თანაცხოვობს, შესაბამისად ხელისუფლებისთვის ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტია.

„2008 წელს რუსეთმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულია 20-ვე პროცენტი. რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზეა, მათთაან ერთად ვცხოვრობთ. ეს არის რეალობა, მიმდინარე ოკუპაცია.

მინდა, ყველას გავახსენო, რომ იმ დროს, 2008 წელს არავის, მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღბა არ გამოუხატავს. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი საქართველო იყო  რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და მსოფლიოს არ ჰქონდა ადეკვატური, სწორი რეაქცია. არანაირი სანქცია არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი არ მომხდარა.  2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. 2022 წელს ვნახეთ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ რუსეთის ჯართან ერთად ვცხოვრობთ, გახსნილად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი უსაფრთხოება.

პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. 260 რეზოლუციას შევუერთდით“, – ამბობს ღარიბაშვილი. [საქართველოს მთავრობის სინქრონული თარგმანი]

შეკითხვაზე იმის შესახებ, რომ საქართველო ავტომატურად შეერთებულია საერთაშორისო სანქციებს, პრემიერი განმარტავს, რომ საქართველო გლობალური ფინანსური სისტემების წევრია და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კომპანიებს საქართველოს დახმარებით სანქციებისთვის გვერდის ავლის საშულაება არ ექნებოდა. მან მაგალითად VTB ბანკი მოიყვანა.

პრემიერი იმასაც განმარტავს, რატომ არ დაუწესა საქართველომ ინდივიდუალური სანქციები რუსეთს.

„ერთ-ერთი მათგანი იყო VTB ბანკი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, 1 კვირაში ვმართეთ საკითხი და გადავწყვიტეთ.

მაგრამ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები, ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, ბუნებრივი მიზეზის გამო. ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია, უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის ჩვენი მოტივაცია.

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური სანქციები რუსეთს. იმ საფრთხეების, სისუსტეების გამო. ვერ ნახავთ ბევრ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ოკუპირებული აქვს. გეოგრაფიის გამო, თქვენ იოლად გაიგებთ“, – ამბობს ღარიბაშვილი. [საქართველოს მთავრობის სინქრონული თარგმანი]

შეკითხვაზე – გაწუხებთ ის ფაქტი, რომ სანქციებს არ უერთდებით და პირიქით, ხელშემწყობი გარემოა? – ღარიბაშვილი პასუხობს:

„არა, გავიმეორებ: მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ჩვენ საერთაშრისო საზოგადოების გვერდით ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან.

მაგალითად, მოლდოვა ავიღოთ, ასოცირებული ტრიოს ქვეყანა. მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს ძალიან ბუნებრვი მიზეზების გამო. შეიძლება, მეტი უსაფრთხოების გამოწვევა გააჩნია მას“, – ამბობს ღარიბაშვილი. [საქართველოს მთავრობის სინქრონული თარგმანი]

მოლდოვის ხსენების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვეს, შეეფასებინა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რაზეც ღარიბაშვილი ამბობს, რომ შეფასება უსამართლოა, თუმცა ესმის, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაცია უკრაინის ომის გამო მიიღეს. [საქართველოს მთავრობის სინქრონული თარგმანი]


გუშინ, 20 ივნისს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა – „შინ, ევროპისკენ”.

აქციის ორგანიზატორებმა მომდევნო აქცია 24 ივნისს დააანონსეს, სადაც მათი თქმით, საზოგადოების წინაშე წარდგება ახალი მოძრაობა. ახალი მოძრაობა, რომელსაც „სირცხვილიას“ თქმით, სათავეში ჩაუდგება ხალხი, წამოაყენებს მოთხოვნებს. მოთხოვნების შეუსრულებლობა კი სახალხო დაუმორჩილებლობას განაპირობებს.


17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile