ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის დაზიანებაზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება - სააგენტო

პუბლიკა

მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის, კერძოდ, ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება – ამის შესხებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სსკ-ის 2592 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა. სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პარალელურად, გამოძიებით დადგინდება იმ პირის ან პირთა ჯგუფის ვინაობა, რომელთა უშუალო ინიციატივითაც მე-18 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიების უგულვებელყოფითა და თვითნებურად განხორციელდა“, – აცხადებს სააგენტო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკლესიის დაზიანებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემდეგ, ეროვნული სააგენტო მათთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობის საპროექტო პირობებით რესტავრაციის მოთხოვნის პირობებს განსაზღვრავს, რამაც მისი პირველადი იერ-სახის აღდგენა უნდა უზრუნველყოს. პასუხისმგებელ პირს ან პირთა ჯგუფს განესაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ვადა, მასზე სარესტავრაციო ნებართვის გასაცემად.

„მონიტორინგის დროს დადგინდა, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისას ეკლესიის ფასადი მოპირკეთდა ახალი ქვისა და აგურის პერანგით, რამაც დააზიანა და კრიტიკულად შეცვალა ნაგებობის არქიტექტურული იერსახე და ისტორიული ღირებულება. ამავდროულად, ინტერიერში მოეწყო კერამიკული ფილების ახალი იატაკი, რამაც დაფარა ძველი საფლავის ქვები და ეკლესიის თანადროული აგურის იატაკი. იატაკის ფენილის მოწყობისას განადგურდა არსებული იატაკის საფარიც. მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დადგა იატაკის ქვიშაცემენტის დუღაბის ქვეშ მოქცეული მარმარილოს საფლავის ქვის ეპიტაფიები, რომლებიც შესაძლოა მთლიანად განადგურდეს“, – აცხადებს სააგენტო.


19 ივლისს თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაავრცელა დაზიანებული ძეგლის ამსახველი ფოტოები, მისივე განცხადებით, მე-19 საუკუნის საფლავები წინამძღვრის, დეკანოზ ისე არხოზაშვილის ხელმძღვანელობით  გაანადგურეს.