ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ

პუბლიკა

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. როგორც OC-Media წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ეძებდნენ, რომელიც შენობაში არ იმყოფებოდა.

სომხეთში მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას მოჰყვა. როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, მან „დაუჯერებლად მტკივნეული გადაწყვეტილება“ მიიღო და ომის შეწყვეტას მოაწერა ხელი.


გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის სამხედრო ძალები მთიან ყარაბაღს დატოვებენ და კონფლიქტურ რეგიონში რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან.

„ძვირფასო თანამემამულენო, დებო და ძმებო. მე პირადად მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება როგორც ჩემთვის, ისე ყოველი ჩვენთაგანისთვის.

მე რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან. შეთანხმების ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის.

ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის ღრმა ანალიზისა და იმ ადამიანების გათვალისწინებით მივიღე, ვისაც სიტუაცია ყველაზე უკეთ ესმის. ასევე იმის რწმენით, რომ მოცემულ სიტუაციაში ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ მომდევნო დღეებში უფრო ვრცლად ვისაუბრებ“, – წერდა ნიკოლ ფაშინიანი Facebook-ზე.

LB loan image desktop LB loan image mobile