ფაშინიანი: დოკუმენტზე არ მომიწერია ხელი, არ აჰყვეთ მანიპულაციებს

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა არაკეთილმოსურნე გარე ძალების საინფორმაციო დივერსია უწოდა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, რომ თითქოს სომხეთმა ხელი მოაწერა აზერბაიჯანთან გარკვეულ კაპიტულაციურ დოკუმენტს.

“ძვირფასო თანამემამულენო, მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მანიპულაციებს. დოკუმენტზე არ მომიწერია ხელი და არც იგეგმება მისი ხელმოწერა”.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, იფაშინიანმა მშვიდობის სანაცვლოდ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომლის თანახმად სომხეთი ყარაბაღზე უარს იტყვის.

სომხური მედიის ცნობით, ერევანში, პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. შეკრებილი მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

12 სექტემბრის ღამით დაწყებული დაპირისპირების შედეგად 50 აზერბაიჯანელი და 105 სომეხი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ 14 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, ფაშინიანმა ასევე აღიარა, რომ სამხედრო აგრესიის შედეგად აზერბაიჯანმა შეძლო კონტროლის დამყარება სომხეთის გარკვეულ ტერიტორიაზე.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პარუირ ჰოვანისიანის თქმით, არსებობს რისკი, რომ აზერბაიჯანთან დაწყებული დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ამის შესახებ ჰოვანისიანმა Reuters-თან განაცხადა და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მეტი ყურადღება დაუთმონ მიმდინარე კონფლიქტს.