ფაშინიანმა მომხრეებს მიმართა, პარლამენტში ოპოზიცია საგანგებო სხდომას მოითხოვს | რა ხდება სომხეთში

პუბლიკა

სომხეთში, ერევნის ცენტრში პარალელურად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამ წუთებში თავის მომხრეებს მიმართავს. „შეიარაღებული ძალები პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს, მათ პატივი უნდა სცენ ამომრჩევლის ნებას“, – განაცხადა ფაშინიანმა სიტყვით გამოსვლისას.

დაახლოებით ერთ კილომეტრში კი მისი მოწინააღმდეგეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ გენშტაბის მხარდასაჭერად და ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

„მთავრობა, რომელმაც ომი წააგო და ჩვენი მიწა მტერს გადასცა, უნდა წავიდეს“, – აცხადებს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და ფაშინიანის ოპონენტი რობერტ ქოჩარიანი.

ოპოზიციურმა პარტიებმა სომხეთის პარლამენტში – ეროვნულ ასამბლეაში საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვეს. მათი განცხადებით, სომხეთში დღეს განვითარებულ მოვლენებზე დაუყონებლივი რეაგირებაა საჭირო.

დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გენშტაბის სარდლობისთვის არავის დაუვალებია და არც არავის მხრიდან ყოფილა ზეწოლა, მხარი დაეჭირათ პოსტიდან გადაყენებული გენშტაბის უფროსის მოადგილისთვის და მოეთხოვათ პრემიერის თანამდებობიდან წასვლა.

„ეს არის გენერლებისა და ოფიცრების მკაფიო რწმენა და პოზიცია, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ემსახურონ სამშობლოს ხსნას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მკაფიო პოზიციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საპროტესტო აქციების დაწყებამდე ერევნის ცაზე მცირე ხნით სამხედრო თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ.

დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა გარეგინ II-მ. მისი თქმით კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას.

თავშეკავებული მოქმედებისკენ მოუწოდეს მოქალაქეებს თავიანთ განცხადებებში სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმაც.

LB loan image desktop LB loan image mobile