გელათი, ბათუმი და ხადის ხეობა | კულტურული მემკვიდრეობა ომბუდსმენის ანგარიშში

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენის ანგარიშის ერთი თავი კულტურულ მემკვიდრეობას დაეთმო.

სახალხო დამცველის შეფასებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მომწესრიგებელი რეგულაციები არასათანადო და არაეფექტიანია; გამოწვევები იკვეთება კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესის წარმართვისას, პრობლემურია ასევე, ურბანული დაგეგმარებისას და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების გათვალისწინების საკითხიც.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კვლავ ხელშესახები შედეგების გარეშე მიმდინარეობს საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების, ასევე, რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების ფაქტებზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება

გელათი

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გელათის საქმის შესწავლის შედეგებმა ცხადყო, რომ ამ შემთხვევაში იკვეთება არა მხოლოდ სისტემური საკანონმდებლო ხარვეზები, არამედ, კონსერვაცია-რეაბილიტაციის მიმდინარეობასთან, მათ შორის, გატარებულ დროებით ღონისძიებებთან დაკავშირებული პრობლემებიც. კერძოდ, როგორც ირკვევა, არ მოიპოვება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება ძეგლის 2018-2019 წლებში განხორციელებულ სახურავის რეაბილიტაციის პროექტზე.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული გადახურვისას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენების უპირატესობები და საჭიროებები. ამასთან, ნებართვის გაცემის ეტაპზე არ შეუმოწმებიათ გამოსაყენებელი მასალა, კერძოდ, გამოყენებული კრამიტის ხარისხი ნებართვის გაცემის ეტაპზე კი არა, შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეფასდა

„მიგვაჩნია, რომ სააგენტოს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ნებართვის გაცემის ეტაპზე და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებითა და რისკების შემცირების მიზნით, ნებართვის მაძიებლისათვის გამოსაყენებელ მასალასთან დაკავშირებული დასკვნის წარდგენაც დაევალებინა“,- აღნიშნულია ანგარიშში.

მათი თქმით, სააგენტოს, მოთხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველისათვის არ მოუწოდებია ის დოკუმენტაცია, რომლებიც 2014-2019 წლებში გაწეულ სამუშაოებზე მათ მიერ მონიტორინგის ადგილზე ჩატარებას დაადასტურებდა.

„დაგვიანდა რეაგირება დროებითი ღონისძიებების როგორც დაგეგმვის, ისე შესრულების კუთხით. მაშინ როდესაც სააგენტო გელათში დაზიანებების თაობაზე ინფორმაციას 2020 წლის თებერვალ-მარტში ფლობდა, ნალექებისგან დაცვის მიზნით, დროებითი გადახურვა დეკემბერში დასრულდა. კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ თითქმის ათი თვის შემდეგ მოწყობილი დროებითი გადახურვაც მალევე დაზიანდა“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს სააგენტოს საქმიანობას გელათთან მიმართებით.

საფრთხეში მყოფი ძეგლები

ომბუდსმენი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს ყურადღება გაამახვილონ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს და მასში ასახული გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმოს და გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები.

Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში მყოფი ძეგლების ჩამონათვალია მოცემული. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლები, მათ შორის საქართველოდან. ესენია – ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადის ხეობა და დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი.

ბათუმი

ანგარიშის მიხედვით, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ბევრმა ძეგლმა დაკარგა ისტორიული მახასიათებლები, ზოგიერთი ძველი შენობა კი მრავალფუნქციური, მასშტაბური და შეუსაბამო ნაგებობებით ჩანაცვლდა;

„ისტორიული ბათუმის ღირებულებების გააზრების ნაკლებობის, ადგილობრივი ხელისუფლების არათანმიმდევრული პოზიციებისა და სუსტი პოლიტიკური ნების გამოვლინების ერთ-ერთ მაგალითად განხილულია პროექტი „ბათუმი რივიერა“, რის გამოც 2018 წელს, ბათუმის მერიამ დაცვის ზონიდან ამოიღო ძველი ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საგანგაშოა, რომ ამ დრომდე ქალაქ ბათუმს არ გააჩნია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი, ასევე, ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.

ხადის ხეობა

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ICOMOS წერს ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტზე, სადაცმოხვდა ხადის ხეობის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც მდიდარია მნიშვნელოვანი კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.

საგულისხმოა, რომ ამ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მითითებით, სახალხო დამცველმა წინა საპარლამენტო ანგარიშში განმარტა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების გათვალისწინების საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შემთხვევაში.

ამავე ანგარიშში მოხვდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მისი ფიზიკური არასტაბილურობა მიეთითა, რაც გამოწვეულია კლდეების დეზინტეგრაციით; ამასთან, ზოგიერთი ნაწილის ჩამონგრევამ დაამძიმა არსებული რთული ვითარება. ამ და სხვა პრობლემების გათვალისწინებით, ანგარიშში მითითებულია დავით გარეჯის მონასტრების ინვენტარიზაციასა და კომპლექსის მულტიდისციპლინური შესწავლის საჭიროებაზე.

სახალხო დამცველი წინადადებებით მიმართავს უწყებებს:

საქართველოს პარლამენტს:

  • „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარება დაექვემდებაროს სავალდებულო საექსპერტო შეფასებას
  • უზრუნველყოს რეგულაციების შემუშავება და ინიცირება კერძო საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების შენარჩუნება-განვითარების ხელშესაწყობად, ასეთ ძეგლებთან დაკავშირებით, უწყებების კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ გამიჯვნითა და სახელმწიფოს აქტიური როლის განმტკიცებით

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:

  • დაასრულოს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე მუშაობა და მოახდინოს მისი ინიცირება;
  • შეისწავლოს ხადას ხეობასთან, დავით-გარეჯის კომპლექსთან და ბათუმთან დაკავშირებით, ICOMOS-ის ანგარიშში ასახული პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმოს საპასუხო ღონისძიებები;
  • გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარდეს ყველა აუცილებელი კვლევა დაზიანების სათანადო მიზეზების დასადგენად, დაიგეგმოს და გატარდეს დროული და ეფექტიანი ღონისძიებები მათ აღმოსაფხვრელად;
  • გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, დაგეგმილი სამუშაოები შესრულდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;
  • გელათში, როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ისე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას, უზრუნველყოს კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;

საქართველოს გენერალურ პროკურორს:

  • პერიოდულად, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას:

  • შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტი და ქ. ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა.

წაიკითხეთ ანგარიში სრულად