გვაქვს ინფორმაცია ყარაბაღში სირიელი მებრძოლების ყოფნაზე - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, მისი ინფორმაციით, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი სირიელი მებრძოლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილეობენ.

„ჩვენ გვაქვს ცნობები, რომელიც დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ ჯიჰადისტური ჯგუფების მებრძოლები სირიიდან გაზიანთეპის გავლით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩაერთვნენ“, – განაცხადა მაკრონმა. „ეს მოვლენების სავალალო განვითარებაა“, – დასძენს საფრანგეთის პრეზიდენტი.

როგორც The Reuters წერს, საფრანგეთის ხელისუფლებას, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემდეგ თურქეთი გააკრიტიკა, არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები სირიელი მებრძოლების ყარაბაღში ყოფნის შესახებ.

თუმცა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონებიდან, რომელსაც თურქეთის მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ, დაქირავებული მებრძოლების ყარაბაღში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა.

თავდაპირველად, აზერბაიჯანსა და თურქეთს ჯიჰადისტი მებრძოლების ჩართვის შესახებ ბრალდება სომხეთმა წაუყენა. მოგვიანებით, სირიელი ანონიმი მებრძოლების კომენტარები გამოჩნდა გამოცემებში The Guardian-სა და The Reuters-ში. ისინი ამბობდნენ, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აზერბაიჯანში მიემგზავრებოდნენ.

ერთ-ერთმა სირიელმა ჟურნალისტმა დაასახელა რამდენიმე პირის ვინაობაც, რომლებიც მისი თქმით, სირიიდან აზერბაიჯანში გადაიყვანეს. კონფლიქტის განახლების შემდეგ მედიასთან სირიელი მებრძოლების შესაძლო ყოფნაზე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმაც ისაუბრა.

ასევე, ვრცელდებოდა ინფორმაცია სირიელი მებრძოლების არა უშუალოდ სირიიდან, არამედ ლიბიიდან გადასროლის შესახებ.