ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ქალაქი შუშა აიღო

პუბლიკა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში ქალაქი შუშა აიღეს. ამის შესახებ ალიევმა აზერბაიჯანელი ერისადმი მიმართვაში განაცხადა. სომხური მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ დაპირისპირება ქალაქის მისადგომებთან მიდის.

შუშა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქიდან სტეფანაკერტიდან (ხანქენდიდან) რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და მისი დაკავება ყარაბაღის მეორე ომში შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს. სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ კიდევ ერთხელ დაიბომბა სტეფანაკერტიც. ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება სამოქალაქო ავტომობილების კოლონები. გავრცელებული ინფორმაციით, სტეფანაკერტის (ხანქენდის) მოსახლეობა ქალაქს ტოვებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შუშის პარალელურად გრძელდება სამხედრო იერიშები მარტუნის (ხოჯავანდის), მარტაკერტის (აღდარას) მიმართულებით. ასევე დაპირისპირებაა გუბადლისა (კაშუნიკის) და აღდამის (აკნას) მიდამოებში.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დღემდე უცნობია როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. აზერბაიჯანმა კი ბოლო კვირებია ომში უპირატესობის მოპოვება მოახერხა, არაერთი დასახლება თუ სტრატეგიული წერტილი აიღო და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქს მიუახლოვდა.

LB loan image desktop LB loan image mobile