კვირაია 19 თებერვლიდან თანამდებობაზე აღარაა, ჩვენი ინსტრუქციებით არ მოქმედებს - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება

პუბლიკა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ბენურ კვირაიამ პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა 19 თებერვალს დატოვა და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ხელისუფლების დავალებით არ გადასულა.

აფხაზეთის დე ფაქტო ოპოზიციის წარმომადგენლები ბენურ კვირაიას საქართველოს ხელისუფლებასთან არაფორმალურ მოლაპარაკებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ასლან ბჟანია „არასახელმწიფოებრივად მოქმედებს“.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ განცხადებით, ეკონომიკურ საკითხებში ასლან ბჟანიას თანაშემწე ბენურ კვირაია „საქართველოში“ 25 თებერვალს იმყოფებოდა, სადაც ქართულ მხარესთან ეკონომიკასა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებას მართავდა.

დღეს, ამ მიზეზით, „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ და აფხაზ ვეტერანთა კავშირის „არუაას“ ორგანიზებით სოხუმში რამდენიმე ათეული ადამიანიც შეიკრიბა და კვირაიას ვიზიტი გააპროტესტა.

„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ ასევე აპროტესტებს ერთ-ერთ ვიდეოს, რომელშიც მათი მტკიცებით, ჩანს, კვირაია თავისი ვიზიტისას როგორ საუბრობს აფხაზებისა და ქართველების მეგობრობის შესახებ.

თუმცა, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ კვირაია 25 თებერვალს თანამდებობას უკვე აღარ იკავებდა და შესაბამისად, ხელისუფლების დავალებით არ მოქმედებდა.

„სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ თითქოს აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში ბენურ კვირაია 25 თებერვალს საქართველოში მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, ვაცხადებთ: ბენურ კვირაია 2021 წლის 19 თებერვალს თანამდებობიდან გადადგა და მისთვის არავის მიუცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების ინსტრუქცია“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

LB loan image desktop LB loan image mobile