მაიკ პომპეო დღეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდება

პუბლიკა

დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდებიან. ვაშინგტონში გაემგზავრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვიც, რომელიც პომპეოსთან დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა კომპრომისისთვის, თუმცა, მისი თქმით, რამდენჯერაც სომხეთმა კომპრომისისთვის მზადყოფნა გამოთქვა, აზერბაიჯანმა უფრო მკაცრი მოთხოვნები წამოაყენა, ამიტომ დიალოგის ეფექტიანობის ნაკლებად სჯერა.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მინსკის ჯგუფს და თქვა, რომ თანახმაა, რეგიონში შევიდნენ მშვიდობისმყოფებელი – ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლები ან მხოლოდ რუსები.

მთიან ყარაბაღში კი დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, მათ წუხელ სამხრეთ ფრონტზე ახალი პოზიციები დაიკავეს და ირანის გასწვრივ უკვე მთლიან საზღვარს აკონტროლებენ. აზერბაიჯანმა ახალი პოზიციების დაკავება შეძლო სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმიმართულებით – ლაჩინის დერეფნისკენ, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

აზერბაიჯანის მიერ სავარაუდოდ დაკავებული ტერიტორიები და მიმდინარე დაპირისპირების არეალი

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში დაპირისპება გაგრძელდა აღმოსავლეთ რაიონებში, მარტაკერტისა და მარტუნის არეალებში. დაიბომბა თავად ქალაქებიც. სომხეთმა კიდევ 26 ჯარისკაცის სიკვდილი დაადასტურა და ოფიციალური მონაცემებით, მათ მხარეს დაღუპულთა რაოდენობა 900-მდე გაიზარდა. სამხედრო მოსამსახურეებში მსხვერპლის რაოდენობას არ აცხადებს აზერბაიჯანი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით კი, მათი დათვლით, ორივე მხარეს 2 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, კონფლიქტის განახლების შემდეგ კი სულ 5 000-მდე ადამიანია დაღუპული.