განგრძობითი „ბორდერიზაცია“ სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

მინდია გაბაძე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს „ტვიტერზე” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განგრძობითი „ბორდერიზაცია“ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია.

„მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა  სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს”, – წერს ჰარცელი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები.

განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც და აღნიშნა: „ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან.