მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის დაპირისპირებაა

პუბლიკა

მთიან ყარაბაღში, ლაჩინის დერეფნის მიდამოებში დღეს სამხედრო დაპირისპირება განახლდა.

თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აზერბაიჯანელებმა მათ პოზიციებზე ნაღმტყორცნებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა, რვა კი დაიჭრა.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო უწყების განცხადებით, აზერბაიჯანელი სამხედროები ორი დღის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას დასავლეთ ყარაბაღში, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს.

თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთინიანმა დღეიდან სამხედრო რეზერვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

აზერბაიჯანული მხარე კი სამხედრო დაპირისპირებაში სომხეთს ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდაპირველად ინტენსიური ცეცხლი სომხური პოზიციებიდან გახსნეს ლაჩინის არეალში მდებარე მათი პოზიციების მიმართულებით, რის შედეგადაც ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

სომხური მედიის ცნობით, რუსი სამშვიდობოები სიტუაციის დეესკალაციას ცდილობენ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს 2020 წელს რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სრულად უნდა დაეტოვებინათ, რასაც არ ასრულებენ.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე შეთანხმების „თვითნებურ ინტერპრეტაციას“ ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის.

მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, რომ დახუროს ლაჩინის დერეფანი, რომლითაც სომხეთი მთიან ყარაბაღს უკავშირდება, თუმცა ჯერჯერობით რუსი სამშვიდობოების დახმარებით იქ გადაადგილება უსაფრთხოა.