მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი | მე-3 დღე

პუბლიკა

მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მე-3 დღეა მწვავე დაპირისპირება გრძელდება. დღეს დილით აზერბაიჯანმა გაავრცელა ღამით მიმდინარე ბრძოლის კადრები. ბაქოს მტკიცებით, სომხებმა სცადეს მასშტაბური კონტრშეტევა, თუმცა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მისი მოგერიება შეძლეს.

დღეს დილითვე სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა შუშან სტეფანიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა მთელი ფრონტის პერიმეტრზე მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება დაიწყო, მათ შორის არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „სმერჩი“. ეს ფაქტი, სტეფანიანის თქმით, სომხეთსაც არ უტოვებს სხვა გზას, რომ გამოიყენოს მის შეიარაღბაში არსებული მსხვილკალიბრიანი და შორსმსროლელი იარაღი, რომელიც „დაპირისპირებას ახალ დონეზე გადაიყვანს“.

სომხურ მედიაში გავრცელა ჩამოგდებული ვერტმფრენის ნამსხვრევების კადრები. რომელიც მათი მტკიცებით, აზერბაიჯანს ეკუთვნოდა. თუმცა, ამ ინფორმაციას უარყოფს ბაქო.

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მე-3 დღეს კონფლიქტი გასცდა მთიანი ყარაბაღის საზღვრებსაც. დილით აზერბაიჯანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთიდან, ვარდენისის რაიონში მყოფმა სამხედროებმა დაბობმეს აზერბაიჯანის დაშქესანის რაიონი, რის შემდეგაც სამხედრო შენაერთს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

მოგვიანებით კი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა აზერბაიჯანის მიერ ქალაქ ვარდენისის დაბომბვას, რომელიც სომხეთის ტერიტორიაა და მთიანი ყარაბაღის შემადგენლობაში არ შედის.

ინტერნეტში გავრცელდა დაბომბვისას დამწვარი ავტობუსის ფოტოც, რომელიც სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ ქალაქთან ახლოს ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატიც. სომხეთში დეზინფორმაციას უწოდებენ აზერბაიჯანის მტკიცებას, რომ თავდაპირველად ცეცხლი ვარდენისის რეგიონიდან გახსნეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ სომხების მიერ აზერბაიჯანული დასახლებების დამბომბვას სამოქალაქო პირები შეეწირნენ. ბაქოს მტკიცებით, დაბომბვას 10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის, 2 ბავშვი, 30 კი დაშავდა. დღის ბოლოს ბაქოში კიდევ 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე გავრცელდა ინფორმაცია.

დღეს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ ერთ-ერთი ქალაქის ფიზულის მიმართულებით დაიწყეს აქტიური შეტევა.

სომხეთმა კი გაავრცელა კადრები, სადაც უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება ჩანს. დღეს, ჯამში, სომხური წყაროების ცნობით, აზერბაიჯანმა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი დაკარგა. ასევე სომხეთის მტკიცებით, მათ გაანადგურეს აზერბაიჯანის 12 ტანკი.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები წუხელ და დღეს მიმდინარე ბრძოლებში დაღუპული სამხედროების რაოდენობაზე.

სომხეთის ხელისუფლებამ დაახლოებით 18:00 საათისთვის განაცხადა, განჯის აეროდრომიდან აფრენილმა თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა მათი სამხედრო თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდო, რომლის პილოტიც დაიღუპა. ეს ინფორმაცია უარყვეს როგორც თურქეთში, ისე აზერბაიჯანში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანს დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა. მისი განცხადებით, კონფლიქტი მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდება, როცა სომხეთი „მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს“, ხოლო თურქეთი აზერბაიჯანს როგორც მოლაპარაკებისას, ისე სამხედრო მოქმედებებში დაუჭერს მხარს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა არწრუნ ჰოვანესიანმა კი განაცხასდა, რომ თურქეთმა სომხეთის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია დაიწყო. თურქეთისადმი კრიტიკული იყო რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვიც.

„ნებისმიერი განცხადება ამა თუ იმ ფორმით მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების შესახებ ცეცხლზე ნავთის დასხმაა. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამას“, – განაცხადა პესკოვმა.

მთიან ყარაბარში განახლებულ კონფლიქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც. ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მინსკის ჯგუფში განაახლოს მუშაობა. რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების არსებულ ფორმატს“, – განაცხადა პომპეომ.

ასევე ცნობილი გახდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ იმსჯელებს. საგანგებო სხდომა დღეს ნიუ-იორკის დროით 17:00 საათზე გაიმართება.