ნიკოლ ფაშინიანის ცოლს, ანნა აკობიანს მოკვლით დაემუქრნენ — სომხეთში გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ავტორი: ნეიტ ოსტილერი

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ცოლს, ანნა აკობიანს უცნობი პირები მოკვლით დაემუქრნენ. საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერის, კიმა ავდალიანის განცხადებით, 30 ივლისს მუქარის ფაქტზე ორი დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო: ერთი ციფრულ სივრცეში ჩადენილ „ხულიგნობას“ ეხება, ხოლო მეორე – „ძალადობის საჯარო მოწოდებებს“.

სომხეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურმა ფიგურა ანნა აკობიანმა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ რამდენიმე პოსტში ოჯახში ძალადობის თემაზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით აკობიანმა განაცხადა, რომ სწორედ ამ საკითხზე საუბრის შემდეგ დაიწყო მოკვლის მუქარის შემცველი შეტყობინებების მიღება.

„იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები შეძლებენ მსგავსი შემთხვევის თავიდან აცილებას, რადგან ქვეყნის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიადგება, თუ პრემიერ-მინისტრის ცოლი ძალადობის მსხვერპლი გახდება“, – თქვა ანნა აკობიანმა.

მან ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდა ქალებს, არ შეეშინდეთ ოჯახში ძალადობაზე საჯაროდ საუბრის.

აკობიანი, რომელიც ასევე არის გაზეთ Armenian Times-ის მთავარი რედაქტორი, საზოგადოებრივ საქმიანობაში ყოფნის პერიოდში არაერთხელ აღმოჩენილა სკანდალისა და დაპირისპირების ცენტრში.

2026 წლის დასაწყისში მან განაცხადა, რომ შორდებოდა ნიკოლ ფაშინიანს, რომელთანაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ წყვილი შერიგდა.

თებერვალში, ქმართან დაშორების გამოცხადებისას აკობიანმა თქვა, რომ შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის წინაშე აღმოჩენილიყო მისი საქმიანობის გამო საქველმოქმედო ფონდ My Step-ში. ეჭვები უკავშირდებოდა იმას, ხომ არ დაარღვია ფონდმა საარჩევნო კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში უფასო ინგლისური ენის კურსების შეთავაზებით.

იმ დროს ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობდა, რომ ქმართან დაშორება შესაძლოა არჩევნების წინ პოლიტიკური მანევრი ყოფილიყო და არ გამორიცხავდნენ წყვილის შერიგებას მომავალში.

ანნა აკობიანი ასევე არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი საეჭვო ხარჯებისა და სახელმწიფო რესურსების გამოყენების, ასევე სასულიერო პირების მიმართ მკაცრი განცხადებების გამო, რაც ფაშინიანის ხელისუფლებასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიას შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე გაკეთდა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.