ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

პუბლიკა

სომხური მედიის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში ყველა, 2008 უბნის ხმები დაითვალა. საბოლოოდ, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 53.92% მიიღო.

ფაშინიანის მთავარმა კონკურენტმა და ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთმა“ კი მხოლოდ 21.04%. ეს ნიკოლ ფაშინიანს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს.

პარლამენტში მოხვდა ასევე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკი „მე მაქვს ღირსება“, რომელმაც ხმების 5.23% მიიღო.

ბლოკმა, მართალია, საარჩევნო ბლოკებისთვის დაწესებული 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მაგრამ სომხური კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტში ორ პოლიტიკურ ჯგუფზე მეტი უნდა იყოს წარმოდგენლი, შესაბამისად, სარგსიანის ბლოკი, პარლამენტში შევა, როგორც მესამე ადგილზე გასული საარჩევნო სუბიექტი.

პარლამენტს მიღმა დარჩნენ ოპოზიციური ბლოკები – ცარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ (3.96%) და „ნათელი სომხეთი“ (1.22%).

20 ივნისს ჩატარებულ რიგგარეშე არჩევნებში სულ 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობა, საბოლოოდ, 49.4% იყო.

თუმცა, სომხური მედიის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ არჩევნები არაერთი დარღვევით ჩატარდა, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა შედეგებზე.