ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი 25 იანვარს გაგრძელდება

პუბლიკა

Эхо Кавказа-ს ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის, ე.წ. უზენაეს სასამართლოში ზაზა გახელაძის პროცესი დასრულდა. მათივე ცნობით, სხდომაზე რამდენიმე მოწმესთან ერთად, თავად გახელაძეც გამოჰკითხეს. მედიაგამოცემას გახელაძის ცოლმა განუცხადა, რომ სხდომა 25 იანვარს გაგრძელდება.

ამას ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.

მას ბრალდება, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული. 317-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზაზა გახელაძეს 322-ე მუხლითაც ედავებიან, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.