ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენა და 8 დეკემბრამდე გადადგომა მოსთხოვა

პუბლიკა

5 დეკემბერს სომხეთში, ერევნის ცენტრში ოპოზიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა. „მოღალატე ნიკოლი“, „სომხეთის ნიკოლის გარეშე“ – ამ შეძახილებით ერევანში, თავისუფლების მოედნისკენ გამართულ მსვლელობაში რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც სომხური მედია წერს, ქალაქის ცენტრში შეკრებილმა მოქალაქეებმა შემდეგ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით სომხეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენა.

„ნიკოლ, ეს სამთავრობო რეზიდენციაში გატარებული შენი ბოლო საათებია. ჩვენ ვაძლევთ დროს სამშაბათს, 8 დეკემბრის 12:00 საათამდე, რომ ფაშინიანმა განიხილოს ჩვენი მოთხოვნა და წავიდეს თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი სომხეთის მასშტაბით დაიწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“, – განაცხადა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის „დაშნაკცუთუნის“ წევრმა იშხან საღატელიანმა ფაშინიანის რეზიდენციასთან.

სომხეთში ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან გადადგომას მთიანი ყარაბაღის ომში დადებული ზავის გამო მოითხოვენ. რადგან მათი განცხადებით, ფაშინიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხდა და სომხეთისთვის წამგებიან პირობებს დასთანხმდა.

17-მა ოპოზიციურმა პარტიამ ფაშინიანის გადადგომის შემთხვევაში გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელად ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვაზგენ მანუკიანი დაასახელეს.