2021 წელი „პუბლიკის“ ფოტოობიექტივში

2021 წელი „პუბლიკის“ ფოტოობიექტივში

პუბლიკა

2021 წელმა თავი არაერთი პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური მოვლენით დაგვამახსოვრა. გადაავლეთ თვალი „პუბლიკის“ ფოტოებს, რომლებიც გასული წლის მნიშვნელოვან მომენტებს ასახავს.

ბუკნარის მოვლენები

2021 წლის იანვარს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ორ თემს შორის კონფლიქტში გადაიზარდა. რამდენიმე დღის შემდეგ დაპირისპირება შეთანხმებით დასრულდა. ჩოხატაურის ცენტრში მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ ყურანი და ბიბლია მიიტანა და თქვა: – „აი, მზე ერთია, ამ მზეს რაც გინდა, ის დაუძახე, სიცოცხლეს ხომ გვაძლევს?! ასევეა ერთი შემოქმედი“.

ფოტო: მინდია გაბაძე / 14.01.21

ე.წ. კომენდანტის საათი 8 თვის განმავლობაში

საქართველოს დიდ ქალაქებში 8 თვის განმავლობაში დაწესებული იყო ე.წ. კომენდანტის საათი. ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა ქალაქში აქტიურად იმართებოდა „დაუმორჩილებლობის აქციები”. ფოტოზე, ე.წ. კომენდანტის საათის დროს, 6 თებერვლის დაუმორჩილებლობის მსვლელობაა, რა დროსაც აქციის მონაწილეები სახლში დარჩენილ მოქალაქეებს ეგებებიან.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 6.02.21

ნიკა მელიას დაკავება| გახარიას წასვლა და ღარიბაშვილის მოსვლა

17 თებერვალს ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მხარდამჭერები პოლიტიკოსებთან ერთად ენმ-ის ოფისში მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდნენ სამართალდამცველებს, რომლებსაც ნიკა მელია უნდა დაეკავებინათ. 18 თებერვალს დილით საქართველოს მაშინდელი პრემიერი გიორგი გახარია გადადგა, რამაც ნიკა მელიას დაკავება რამდენიმე დღით გადადო. ენმ-ის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით 23 თებერვლის დილით დააკავეს. პრემიერ-მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი მეორეჯერ დაინიშნა.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 18.02.21

კურიერების პროტესტი

2021 წელი მნიშვნელოვანი იყო შრომის უკეთესი პირობებისთვის ბრძოლის მხრივაც. მიტანის სერვისის კომპანიების, Bolt Food-ისა და Glovo-ს კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა სხვადასხვა დროს შეწყვიტეს. ისინი ტარიფებსა და კურიერთა პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

ფოტოები: მინდია გაბაძე/ 23.03.21-17.05.21

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი

ამ წელს ყურადღების ცენტრში ნამახვანჰესის პროტესტი მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ბევრად ადრე დაიწყო, თუმცა პროტესტმა მასშტაბი სწორედ 2021 წლის დასაწყისიდან შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესზე ხელშეკრულებას წყვეტს, „რიონის ხეობის მცველები“ პროტესტს დღესაც აგრძელებენ. ფოტოზე გამოსახულია ადგილობრივი აქტივისტი მაკა სულაძე, რომელმაც სოფელ გუმათში მობილიზებული პოლიციის წინაშე დაიჩოქა და სთხოვა – „დადექით ჩვენ გვერდით, ბიჭებო“.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 16.04.21

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტმა მაისში რამდენიმე დღით დედაქალაქშიც გადმოინაცვლა. თბილისში, 24 მაისს, რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე, ულტრამემარჯვენე, ქსენოფობიური და ჰომოფობიური განწყობის მქონე ალექსანდრე ფალავანდიშვილმა  სამოქალაქო აქტივისტს, სალომე ბარკერს ლგბტქ+ სიმბოლიკის სამკლაურის მოხსნა და მიმდებარე ტერიტორიიდან წასვლა მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სალომე ბარკერსა და კიდევ ერთ აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს აქციის დატოვება მოუწიათ.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 24.05.21

შუქრუთელების პროტესტი

შუქრუთელების პროტესტი გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სოციალური პროტესტი იყო.  მათი პრობლემებით დაინტერესების, ყურადღებისა და დახმარების მოთხოვნით ადგილობრივებმა ყველა გზას მიმართეს – აქციები, შიმშილობა და პირის ამოკერვა.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; დაიბზარა სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; დაიკარგა საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი კომპენსაციას მოითხოვდნენ, რათა სხვაგან გადასვლა და ოჯახისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა შესძლებოდათ. ბოლოს მოშიმშილე და პირამოკერილმა შუქრუთელებმა (მათ შორის იყვნენ ქალებიც) პროტესტი ამერიკის საელჩოსთან გააგრძელეს. 4 ივლისს გადაღებულ ფოტოზე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა გამოსახული, რომელიც ამერიკის საელჩოსთან, ზაფხულის სიცხეში შიმშილობს.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 4.06.21

ვაქცინაცია

ეს წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 15 მარტიდან რისკჯგუფისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 

6 მაისს მთავრობის წევრები და დეპუტატები რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმისა“ და „ასტრაზენაკას“ ვაქცინით აიცრნენ. ფოტოზე დეპუტატი ელისო ბოლქვაძეა, რომლის ემოციამაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 6.05.21

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმე

2021 წელს ყურადღების ცენტრში მოექცა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში შესვლა 15 აპრილს სცადა, თუმცა პანსიონმა მონიტორინგის საშუალება არ მისცა. ომბუდსმენის აპარატს მონიტორინგის საშუალება არ მიეცა არც 19 მაისს განმეორებითი ვიზიტის დროს.

საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები პანსიონისა  და სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონის მისამართით, რომელიც მაშინ პანსიონს ხელმძღვანელობდა და ნინო ლომჯარიას საჯარო შეურაცხყოფასაც არ ერიდებოდა.  14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მთავარეპისკოპოსი იაკობი უხელმძღვანელებდა. 17 ივნისს გაიმართა შეხვედრა ლომჯარიასა და მთავარეპისკოპოს იაკობს შორის. დეკემბერში სახალხო დამცველმა ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ „დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს“.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 17.06.21

პრაიდკვირეული და უპრეცედენტო ძალადობრივი დღეები

Tbilisi Pride-ის ინიციატივით, ივლისის დასაწყისში პრაიდკვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება დაიგეგმა. ღონისძიებებს შორის, რომელიც 1-5 ივლისს ჩაინიშნა, დაგეგმილი იყო ფილმის ჩვენება, პრაიდფესტივალი და ღირსების მარში. 1-ელი ღონისძიება, „თბილისი პრაიდის“ ფილმის ჩვენება კლუბ „ხიდში“ გაიმართა.

ადგილზე ჰომოფობიური და რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ. მათ პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს, ფილმის ჩვენებაზე მისული სტუმრების მისამართით კი კვერცხებსა და სხვადასხვა საგანს ისროდნენ. დაპირისპირება მოხდა რადიკალურ ჯგუფებსა და პოლიციას შორის. ადგილზე პოლიციამ ათობით რადიკალი და ჰომოფობიურად განწყობილი პირი დააკავა.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 1.07.21

5 ივლისი

5 ივლისი 2021 წლის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობა, აქედან 53 მედიის წარმომადგენელია. ძალადობრივი ჯგუფები, საპატრიარქოს მხარდაჭერის მქონე აქტორები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები პარლამენტის წინ და სხვა ცენტრალურ ქუჩებზე მთელი დღის განმავლობაში ესხმოდნენ თავს მედიის წარმომადგენლებს. მათ პარლამენტის წინ,„გამარჯვების აღსანიშნავად“, ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია აღმართეს.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 5.07.21

მომდევნო ფოტოზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილია. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც თავს რადიკალური ჯგუფები დაესხნენ.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 5.07.21
ფოტო: მინდია გაბაძე/ 5.07.21

ამავე დღეს მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში მომუშავე „TV პირველის“ ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას თავს დაესხნენ. ლექსო ლაშქარავას ოპერაცია ჩაუტარდა – მას ტვინის შერყევა დაუდგინდა; ჩამტვრეული ჰქონდა სახის ძვლებიც.

5 ივლისსაა გადაღებული შემდეგი ფოტოც, რომელზეც „TV ფორმულას“ ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე და მისი ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი არიან. ისინი „სირცხვილიას“ ოფისის კორპუსის უკან მუშაობდნენ, რა დროსაც მოძალადე ჯგუფების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ქვები და ბოთლები დაუშინეს. ჟურნალისტები  პოლიციას ამოეფარნენ.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 05.07.21

მე-2 დღეს, 6 ივლისს პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დასაგმობად მდუმარე აქცია დააორგანიზეს. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ. მისმა მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს. პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს, ქაშვეთის ეკლესიასთან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები იყვნენ შეკრებილი. მათ პარლამენტის წინ გადასვლაში პოლიციის კორდონი უშლიდა ხელს.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 06.07.21

ლექსო ლაშქარავას დაღუპვა და „სისხლით შეღებილი საპატრიარქო“

5 ივლისს დაშავებული „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. სამოქალაქო აქტივისტებმა, ამ ამბის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, საპატრიარქოს შესასვლელს წითელი საღებავი შეასხეს. მათი თქმით, საპატრიარქომ 5 ივლისს ძალადობის შესაჩერებლად არაფერი მოიმოქმედა.

ფოტოზე ჩანს, როგორ აშორებენ წითელ საღებავს საპატრიარქოს შესასვლელს. „ქართული ოცნების“ ლიდერები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის ძალადობის ფაქტს შორის კავშირს ვერ ხედავენ.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, თუმცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 11.07.21

ლექსოს დაკრძალვა

ლექსო ლაშქარავა 13 ივლისს დაკრძალეს. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და  პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვდნენ.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 13.07.21

გომელაურის არშემდგარი მოხსენება პარლამენტში

18 ივლისს პარლამენტში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, თუმცა მოსმენა ჩაიშალა. მედიის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები მიიტანეს. პროტესტს პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა.

ფოტოზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას. 3 ნოემბერს ამ საქმეზე გენდერულმა საბჭომ განაცხადა, რომ „გენდერული ნიშნით ძალადობას ადგილი არ ჰქონია“.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 18.06.21

არჩევნები

2 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მას წინ უძღოდა დაძაბული წისაარჩევნო პერიოდი.

სააკაშვილის დაბრუნება

„დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“, – ეს სტატუსი საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა. იმ დღესვე მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობდა, რომ ბათუმშია. მმართველი პარტიის ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია და გავრცელებული ვიდეოები ყალბია. იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო. 

ამავე ბრიფინგზე, პრემიერმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ბიძინაობა მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. გაიმართა არაერთი აქცია, თავდაპირველად, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. შიმშილობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კი აქციები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით იმართებოდა. 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე სააკაშვილის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა. ფოტოზეც სწორედ ეს დღეა ასახული.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 14.10.21

„ოცნების“ აქცია

„ნაციონალური მოძრაობის“ აქციიდან მეორე დღესვე ცნობილი გახდა, რომ არჩევნების მე-2 ტურამდე აქციას „ქართული ოცნებაც“ დაგეგმავდა. ასეც მოხდა, მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აქცია 27 ოქტომბერს გაიმართა. აქციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მათ მხარდაჭერებს მიმართეს და არჩევნების მე-2 ტურში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდეს. ფოტოზე ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მის მეუღლესთან, ნანუკა თამაზაშვილთან ერთად ამომრჩევლებს სცენიდან ესალმება.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 27.10.21

შიმშილობა სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით

3 ნოემბერს პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე შიმშილობა გამოაცხადა. ხოშტარია ამბობდა, რომ არ შეწყვეტდა შიმშილობას, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოში არ გადაიყვანდნენ. მან 17 დღე იშიმშილა და მას შემდეგ, რაც, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, ხოშტარიამ შიმშილი შეწყვიტა. 

ეს ფოტოები ელენე ხოშტარიას შიმშილობის მე-2 დღეს, პარლამენტშია გადაღებული.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 04.11.21

ზურაბიშვილმა ე.წ. ეროვნული თანმხობის პროცესი წამოიწყო

10 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩართული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

ფოტო: მინდია გაბაძე/ 16.12.21

„მასობრივი საპროტესტო შიმშილობა“

ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით იწყებენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას. პარტიის ცენტრალურ ოფისთან შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო და მხარდამჭერებმა თუ პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.

ნიკა მელიას თქმით, 300-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, პარტიის ლიდერები – ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი. ფოტო 22 დეკემბერსაა გადაღებული.

ფოტო: ქრისტინე მუჯირი/ 22.12.21