პრემიერი: ჩხენკელი ჩართული იყო განათლების რეფორმის ყველა ეტაპზე, შეძლებს, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს რეფორმა

პუბლიკა

ბატონი მიხეილი შეძლებს. სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე, მიხეილ ჩხენკელის მინისტრთა კაბინეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ ჩხენკელი ჩართული იყო როგორც განათლების სისტემური რეფორმის მომზადების, ასევე შემდგომ ამ რეფორმის შესრულების ყველა ეტაპზე და ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში.

„სწორედ ამიტომ,  რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების მნიშვნელობას და განათლების მინისტრს დაავალა, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რათა ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დანიშვნის ბრძანებას გუშინ მოეწერა ხელი.

მიხეილ ჩხენკელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რიგით მეთერთმეტე მინისტრი იყო – ის 2017 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და თანამდებობა 8 თვის განმავლოვაში ეკავა. ჩხენკელი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის წარდგენით, მიხეილ ბატიაშვილმა ჩაანაცვლა. მას შემდეგ, რაც ბატიაშვილმა თანამდებობა 7 ნოემბერს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, მთავრობამ არჩევანი კვლავ მიხეილ ჩხენკელზე შეაჩერა, რომელიც მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ განათლების საკითხებში პრემიერის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile