პრეზიდენტმა იყიდა სარაჯიშვილისეული ჭაღი, რომლის გამოსყიდვას მწერალთა სახლი ცდილობდა

პუბლიკა

„მწერალთა სახლის” ხელმძღვანელის, ნატალია ლომოურის ინფორმაციით, იმ ანტიკვარიატში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში შეიძინა, არის დავით სარაჯიშვილის დროინდელი ჭაღი, რომლის გამოსყიდვა „მწერალთა სახლისთვის”, წლებია, სურდა.

მისი თქმით, უბრალოდ ათვალიერებდა იმ ნივთებს რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა და სარაჯიშვილისეულ ჭაღს შემთხვევით გადააწყდა.

ნატალია ლომოური ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, არ იციან ჭაღის წარმავლობა, ვინაიდან მისი თქმით, პრეზიდენტი ხშირად სტუმრობს „მწერალთა სახლს”, იცის მათი ამბები, და ჭაღის წარმომავლობის ცოდნის შემთხვევაში უფრო ლოიალურად მოიქცეოდა.

„მწერალთა სახლი” დიდი ხანია ცდილობს თავი მოუყაროს დავით სარაჯიშვისეულ ავეჯს, ნივთებს… ფანდრაიზინგით, საკუთარი დაფინანსებით და ა.შ. თუმცა ამ ჭაღზე მოლაპარაკებებს მეპატრონესთან თავად ლომოური აწარმოებდა. გამოიძებნა სპონსორიც. ლომოურმა შეაფასებინა სპეციალისტებს ჭაღი და ის 5 000 ლარად შეფასდა. „მწერალთა სახლის” ხელმძღვანელი ისტორიული ნივთის მფლობელს 5 000 დოლარს სთავაზობდა, მაგრამ მფლობელმა მისი გაყიდვა მაშინ არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ „მწერალთა სახლი” დავით სარაჯიშვილის ისტორიულ სახლშია განთავსებული. სადაც ახლა სარაჯიშვილის მუზეუმიც იხსნება. “ზუსტად იმ ოთახისაა, სადაც მუზეუმი უნდა განთავსდეს” – ამბობს ლომოური.

ფოტოკოლაჟი – მარცხენა მხარეს სარაჯიშვილის მეუღლე ეკატერინე ფორაქიშვილი აღმოსავლურ ოთახში. ზედა მარჯვენა კუთხეში აღნიშნული ჭაღი ჩანს.