რუკა, რომელიც ვოკიეს ფოტოზე ჩანს, საფრანგეთის პოზიციას არ გამოხატავს – საგარეო

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარიამ ნარჩემაშვილი წერს, რომ საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეზიდენტ ლორან როკიეს მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შესახებ მოკვლევა დაიწყეს.

აღნიშნული ფოტოებიდან ერთ-ერთზე სომხეთის რუკა ჩანს, რომელზეც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი სომხეთის საზღვრებშია მოქცეული. თუმცა, როგორც ნარჩემაშვილი წერს, წინასწარი მოკვლევით, რუკა და ოფისი, სადაც ვოკიეს ფოტოა გადაღებული, სომხურ ნაციონალისტურ ჯგუფს ეკუთვნის და საფრანგეთის ოფიციალური პირების პოზიციას არ ასახავს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ, საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან.

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის, ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტო-მასალა – რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებშია მოქცეული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

პირველადი მოკვლევით ,ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი საფრანგეთის ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი, ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს“, – წერს მარიამ ნარჩემაშვილი Facebook-ზე.

როგორც თავად ლორან ვოკიე წერდა, ის სომხეთსა და მთიან ყარაბაღში ომით დაზარალებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდა.