„სადღაც 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ“ - ჩორჩანის ეპიზოდზე პროკურატურაში ადგილობრივი გამოჰკითხეს

პუბლიკა

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა ალექსანდრე ლომიძემ, რომელიც, უწყების ცნობით, სოფლის მკვიდრია. მან მედიასთან თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაახლოებით 120 ჰექტარი ტყე დაკარგა.

დღესვე პროკურატურაში უნდა გამოჰკითხონ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

„საგუშაგოს ჩადგმამ პირადად ჩემთვის და ჩვენი მოსახლეობისთვისაც ის შეცვალა, რომ ძალიან დავზარალდით. აქ გადიოდა მდინარე და ახლაც გადის, ჩვენსა და იმ რუსულ დასახლებას შორის და იმ მდინარის ზემოთ იყო ჩვენი ტერიტორია, სოფლის კუთვნილი, არა მარტო საძოვრები, ტყე იყო. აი, ეს საგუშაგო რომ ჩაიდგა, ჩადგმამდე ჩვენ ვსარგებლობდით ამ ჩვენი ტყით, ჩავდიოდით მდინარემდე და ხმას არავინ არ გვცემდა, ასე რომ ვთქვათ. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ამოვიდნენ, რუსები დავარქვათ თუ ვინც არიან და სადღაც კილომეტრ-ნახევრის ზემოთ ამოიწეს და დაარჭვეს თავიანთი დროშები, ასე რომ ვთქვათ და დროშებს აღარ დასჯერდნენ, ახლა პოსტიც აქვთ ჩადგმული; საგუშაგო აქვთ მაგათაც ჩადგმული და სადღაც 120 ჰექტარი ტყე მაინც დავკარგეთ, ჩვენი სოფლის საკოლმეურნეო ტყე, ეგ იყო იმ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ“, – თქვა ალექსანდრე ლომიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, რომ როგორც ამბობენ, მანამდე ოკუპანტები გადმოდიოდნენ ამ ტყეში და ნიშნავდნენ ტერიტორიას, ლომიძე პასუხობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ გააჩნია.

„მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მაგ ინფორმაციას მე არ ვფლობ, რომ მანამ… ზემოთ, ჩორჩანაში და წაღვლში არა, მაგრამ ზემოთ, სადღაც საჩხერისა და ხაშურის რაიონის საზღვარზე ჩვენი სოფლის მოსახლეობა დადიოდა ხოლმე ჯონჯოლის საკრეფად, იქიდან კიდევ ოსური სოფლებია ზემოთ, იმ საზღვართან მიახლოებულებს, ზოგჯერ წაიყვანენ ხოლმე, მაგრამ ეს ადრე იყო. უშუალოდ ჩვენი სოფლიდან და მაგათი ე.წ. საზღვრიდან არავინ არ გადაუყვანიათ და არასდროს, არც არასდროს“, – თქვა მან.

მისივე თქმით, 2019 წლის აგვისტოს შემდეგ ადგილზე მოცემულობა არ შეცვლილა.

„[მოცემულობა] უცვლელია და არა მარტო ჩვენ იქ ვერ ვუახლოვდებით. ეს ხომ კილომეტრ-ნახევარი ამოვიდნენ ოფიციალურად და სადღაც ერთ კილომეტრში უკვე ჩვენ, კიდევ ზემოთ, ჩვენ ტერიტორიაზე ვეღარ ვუახლოვდებით, როგორ მივუახლოვდებით, საშიშია“, – თქვა მან.


ამავე ეპიზოდზე გუშინ პროკურატურაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი გამოკითხეს. უფრო ადრე გამოიკითხა ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა, ალექსანდრე ტაბატაძე კი სუს-ის უფროსის მოადგილე.

ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვევს თეა წულუკისანის საგამოძებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

კომისიის სხდომაზე მან თქვა, რომ მაშინ საოკუპაციო რეჟიმი „1922 წლის ფეიკ რუკით“ გეგმავდა ქართული ტყის ნაკვეთი წაეღო, ტყეში გაჩნდა მონიშვნები, მანამდე კი სეპარატისტული ძალები ტყეში საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ არ მომხდარიყო ე.წ. საზღვრის გადმოწევა.

„მაშინ იქ ძალიან ბევრი სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლება. უბრალოდ გავწმინდეთ გზა, გავიყვანეთ გზა და გავაკეთეთ საგუშაგოები“, – თქვა გახარიამ.

წულუკიანის თქმით, სუსი მხარს უჭერდა, რომ ქართულ მხარესაც დაეწყო პატრულირება, გაეაქტიურებინა ტექნიკური შეთანხმებით გათვალისწინებული „ბერკეტები თუ მექანიზმები“, ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ „თუ საგუშაგოს, ან მსგავსი ტიპის სიახლის შეთავაზებას გადაწყვეტდა ერთი მხარე, აქეთა მხრიდან, მის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, უნდა ეცნობებინა ჩვენი სუს-ის მეშვეობით, და არა სხვანაირად, სეპარატისტებისა და საოკუპაციო ძალისთვის“.