გიორგი ბაჩიაშვილის საქმის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერი გამოიკვლიეს.
ბაჩიაშვილი და მისი დაცვის მხარე ამბობენ, რომ ჩანაწერი 2015 წლის 30 ივლისს არის გაკეთებული და იმავე დღეს, ტელეფონით საუბრის შემდეგ „ქართუ” ბანკმა ბაჩიაშვილს 5-მილიონიანი სესხი დაუმტკიცა.
ჩანაწერის თანახმად, „ქართუ” ბანკის მმართველმა, ნატო ხაინდრავამ გიორგი ბაჩიაშვილს მაღალი რისკის გამო სესხის გაცემაზე უარი უთხრა და ის ბიძინა ივანიშვილთან გადაამისამართა. ბიძინა ივანიშვილი კი ბაჩიაშვილს რისკებისა და თანხის დაბრუნების გარანტიების შესახებ ელაპარაკება.
მას შემდეგ, რაც გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილს უხსნის, რომ ბიტკოინის ლიკვიდურობა 200 მილიონია, ივანიშვილი ეუბნება, რომ „ნატოს დაურეკოს და აუხსნას, ეგ ბიტკოინი რა არის”.
აუდიოჩანაწერის მიხედვით, ივანიშვილი და ბაჩიაშვილი სესხის პროცენტზეც თანხმდებიან.
კერძდ, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ეუბნება, „ბანკმა რისკში თუ მონაწილეობა მიიღო, მოგებაც ცოტა ჩაუნაწილოს”.
ბაჩიაშვილი ეუბნება, რომ გადაიხდის 10%-ს და მოგების 5%-ს, ჯამში 15%-ს”.
სესხის პროცენტზე შეთანხმების შემდეგ ივანიშვილი ბაჩიაშვილს ეუბნება, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს ნატო ხაინდრავას და მასთან გაიაროს დეტალები.
გასულ კვირას სასამართლომ გამოკითხა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი. სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის ხმები ვერ განასხვავა.
„ტვ პირველის” მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, დაცვის მხარე აპელირებს აუდიოჩანაწერის მონტაჟზეც და მიუთითებს, რომ ის 140-ჯერ არის დაჭრილი.
ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა გერმანულ საექსპერტო კომპანიასაც გააკეთებინა.
„ტვ პირველის” მიერ მოპოვებული დასკვნის თანახმად, გერმანული ექსპერტიზა ამბობს, რომ ჩანაწერზე ზემოქმედების კვალი არ არის და ავთენტურია.
„ერთადერთი ეპიზოდი, რაზეც ექსპერტი საუბრობს, არის 3-წამიანი სიჩუმე და ამბობს, რომ ეს საჭიროებს ლინგვისტურ შესწავლას, ენის თავისებურებებიდან გამომდინარე ეს პაუზა იქ საჭირო იყო თუ არა, მე ვერ დავადასტურებო. სხვა არც ერთი ეპიზოდი არ არის, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მონტაჟს ჰქონდა ადგილი”. – თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ სხდომის შემდეგ თქვა, რომ მოხდა სესხის გადაკვალიფიცირება ინვესტიციად მაღალი რისკის გამო.
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა სასამათლოში დასასრულს უახლოვდება.
დღევანდელ პროცესზე გადაწყდა, რომ შემდეგი სხდომა 4 მარტს გაიმართება – გამოიკითება გერმანელი ექსპერტი.
7 მარტს ბრალდების მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას, 10 მარტს კი – დასკვნითი სიტყვით წარდგება დაცვის მხარე.
„თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც ბრალად ედება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის განცხადებით, მითვისების მომენტში – 2017 წელს, 40 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.
პროკურატურის ბრალდების თანახმად, საქმეში დაზარალებული ბიძინა ივანიშვილია.
კერძოდ, გამოძიება ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო გიორგი ბაჩიაშვილის ინვესტორი და ამ ინვესტიციის – 5 მილიონი ლარის საფუძველზე შეძლო ბრალდებულმა ბიტკოინის მაინინგ-ფერმის შექმნა, თუმცა შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილს მოგება დაუმალა.
თავად გიორგი ბაჩიაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ინვესტორი იყო და ამბობს, რომ ეს თანხა მან „ქართუ ბანკიდან” სესხად აიღო. მისივე თქმით, „ქართუს” დაუბრუნა და გადაუხადა სესხის თანხა პროცენტთან და მოგების 30%-თან ერთად.
ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ „ქართუსთან” საქმე დაიხურა, ხოლო ბიძინა ივანიშვილი პრეტენზიებით რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა.
ბაჩიაშვილისვე თქმით, მისი ქმედებები დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს და „ისჯება, რადგან არ გაიზიარა ივანიშვილის ანტიდასავლური დღის წესრიგი“.
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული – გირაოს სახით მან 2.5 მილიონი ლარი გადაიხადა.