სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირებაა

პუბლიკა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა. დღეს რამდენიმე საათია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არ წყდება შეიარაღებული დაპირისპირება. სომხური მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად მსუბუქი შეიარაღებით დაწყებულ კონფლიქტში ჩაერთო არტილერიაც.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯერჯერობით სიტუაციის დეესკალაცია ვერ ხდება, სომხეთის მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები, ასევე, დაპირისპირების შედეგად დაიკარგა ორი სომხური საბრძოლო პოზიცია, თუმცა მოწინააღმდეგეს დიდი დარტყმა მიაყენეს.

სუნიქის რეგიონში, რომელიც დაპირისპირების ადგილს ესაზღვრება, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მოხალისეთა მიღების პუნქტებში საბრძოლო განგაშია გამოცხადებული.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის მიმართულებით, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ერთ-ერთ პოზიციაზე მათ განაიარაღეს სომეხი სამხედროები და დიდი რაოდენობით იარაღი ჩაიგდეს ხელში.

მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ბოლო ერთი წელია ყარაბაღსა თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სხვა სასაზღვრო მონაკვეთებზე სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებები პერიოდულად ხდება და სიტუაციის ბოლომდე დეესკალაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.