ავტორი: ანი ღულინიანი
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ყოფილ პარლამენტარ არგამ აბრაამიანს ბრალი წარუდგინა იმ კაცის მკვლელობის შეკვეთაში, რომელზეც ეჭვობდა, რომ მის ცოლთან რომანი ჰქონდა. აბრაამიანი სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჰოვიკ აბრაამიანის შვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის სიძეა.
8 აგვისტოს დილით გამოქვეყნებულ, დაახლოებით ერთწუთიან ვიდეოში ჩანს, როგორ ატარებენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ნიღბიანი თანამშრომლები რეიდს აბრაამიანის სახლში, აწვენენ მას იატაკზე და ხელბორკილებს ადებენ. აბრამიანი დააკავეს, ხოლო ორი დღის შემდეგ სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მისმა ადვოკატმა ერემ სარგსიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას „აშკარა აბსურდად“ მიიჩნევს.
აბრამიანისთვის წარდგენილი ბრალის თანახმად, მან თავის პირად მცველ გეღამ ჰაკობიანს დაავალა იმ კაცის მკვლელობა, რომელიც მოხსენიებულია, როგორც რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირი. გამომძიებლების ინფორმაციით, აბრამიანს ეჭვი ჰქონდა, რომ მოკლულს მის ცოლთან რომანი ჰქონდა.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს ვერსია მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ მხოლოდ თეორიაა და არა ფაქტი, თუმცა საგამოძიებო კომიტეტმა მაინც გამოაქვეყნა აბრაამიანის პირადი ცხოვრების დეტალები. აბრამიანმა ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, ასეთი დეტალების მოპოვება გამოძიების განუყოფელი ნაწილია, თუმცა მათი საჯაროდ გავრცელება უკანონოა და კონკრეტულ საქმესთან მიმართებით საზოგადოებრივ ინტერესს არ ემსახურება.
საქმე 2023 წელს დაიწყო, როდესაც აბრამიანის პირადი მცველი გეღამ ჰაკობიანი მკვლელობის საქმეზე დააკავეს. 2024 წელს საქმე სასამართლოს გადაეცა და ამ დრომდე იქ განიხილებოდა.
პროკურატურა 3 წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეს კვლავ დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც აბრამიანის სიმამრ გაგიკ წარუკიანი, ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს.
პირადი ინფორმაციის გასაჯაროებამ სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მათ შორის არის ადამიანის უფლებათა დამცველი ანაჰიტ მანასიანი.
„ასეთი განცხადება განსაკუთრებით მიუღებელი და სენსიტიურია ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან ასევე გაუგებარია, რატომ ხდება ამ კონტექსტში რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული ასეთი სენსიტიური ინფორმაციის ხაზგასმა საჯაროდ“, – ნათქვამია მანასიანის ორგანიზაციის განცხადებაში.
ქალთა უფლებების დარღვევაზე საუბრისას განცხადებაში იგულისხმება აბრაამიანის ცოლი ემა წარუკიანი, რომლის სავარაუდო ღალატიც საგამოძიებო კომიტეტის ანგარიშის განხილვის თემა გახდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი საცხოვრებელ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციისა და დაკავების კადრებს ავრცელებს.
2018 წელს ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების დაკავების ამსახველი ვიდეოების გავრცელება დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა. მათ შორის გავრცელდა ყოფილი სამხედრო ლიდერისა და დეპუტატის, მანველ გრიგორიანის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჰოვიკ აბრამიანისა და გაგიკ წარუკიანის დაკავების ამსახველი კადრები.
მსგავს ვიდეოებს თან ახლავს ფაშინიანის დაპირებები, რომ ხელისუფლება „ყველა უკანონოდ შეძენილ ქონებას სათითაოდ მიაგნებს“.
სულ რაღაც ერთი თვით ადრე, 7 ივლისს, საგამოძიებო კომიტეტმა გაგიკ წარუკიანის დაკავების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. კადრებში დაახლოებით ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ათი თანამშრომელი ჩანს, რომლებიც წარუკიანის საცხოვრებელ სახლში მის წინააღმდეგ ფიზიკურ ძალას იყენებენ.
ვიდეოში ჩანს, რომ ოფიცრებმა წარუკიანს ფეხში ხელი მოჰკიდეს, იატაკზე დააწვინეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და ასე წაიყვანეს.
ადამიანის უფლებათა დამცველმა ანაჰიტ მანასიანმა მაშინაც გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ არაპროპორციული ფიზიკური ძალა იქნა გამოყენებული კაცის მიმართ, რომელიც, ვიდეოს მიხედვით, არანაირ წინააღმდეგობას არ სწევდა. გარდა ამისა, გამოყენებული იყო ხელბორკილები, რომლებიც წარუკიანისთვის თვალშისაცემად პატარა იყო.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.